თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი საფრენი ბილიკის მშენებლობა იწყება
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საფრენი ბილიკის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის განვითარების მხრივ, აეროპორტების მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აეროპორტები უკვე ამოქმედდა ბათუმსა და მესტიაში, ასევე გაიხსნება ქუთაისში, ფოთში, გურიაში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და ნატახტარში. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ უკვე 4 მილიონს გადააჭარბა, რის გამოც აუცილებელია დაიხვეწოს საავიაციო ინფრასტრუქტურა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, დაახლოებით 2 წელიწადში თბილისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება. საფრენი ბილიკები, მისი თქმით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან ქვეყანაში შემოსულ მგზავრებს, უპირველესად, სწორედ თვითმფრინავის დაშვებისას ექმნებათ პირველი შთაბეჭდილება.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ტარიფების თაობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბილეთების ფასი მკვეთრად უნდა შემცირდეს, მით უფრო, რომ ქუთაისისა და ფოთის აეროპორტები ამ მხრივ, თბილისის აეროპორტს მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს იმ თვალსაზრისითაც არის აუცილებელი, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პირობებში, ყველას ჰქონდეს ამ აეროპორტებით სარგებლობისა და მოგზაურობის შესაძლებლობა.
საქართველოს პრეზიდენტმა კომპანიის „ტავ ჯორჯია“ მესვეურებს საქართველოს ავიაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გამართული მუშაობისა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის მადლობაც გადაუხადა.
კომპანია „ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დამატებით, 64 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. გაგრძელდება და გაფართოვდება საფრენი ბილიკი და მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. 22 თვიანი პროექტის ფარგლებში კომპანია 700-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
რეკონსტრუქციის შემდეგ, ახალი საფრენი ზოლის სიგრძე 3 ათასი მეტრი გახდება, ხოლო სიგანე - 60 მეტრი. ამას გარდა აშენდება მიმოსვლის ახალი ბილიკი, რომლის სიგრძე კილომეტრი და 100 მეტრი იქნება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს F კოდი მიენიჭება, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისის აეროპორტი შეუზღუდავად შეძლებს ყველა ტიპის თვითმფრინავის, მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე დიდი Boing 748-8F, Airbus A380-800, Antonov 225 და Antonov 124-ის მიღებას. F კოდის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე წამყვან აეროპორტს აქვს, ამიერკავკასიაში კი პირველი ასეთი საფრენი ბილიკი სწორედ საქართველოს ექნება.