Google+

სიახლეები

07.08.2012
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

მოგესალმებით ყველას.

მივესალმები ჩვენი გმირების მშობლებს - დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, მეუღლეებს, ოჯახის წევრებს.

დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ აქ, გორში, ერთ დროს მიწასთან გასწორებულ და ხელახლა აღდგენილ სამხედრო აკადემიაში.

ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, ვისაუბროთ 2008 წლის ომის მორიგ წლისთავზე.

დღევანდელი დღე უკანასკნელი და უახლესია საქართველოს ისტორიის ათასობით შავ დღეს შორის, როდესაც მტერი გასანადგურებლად დაესხა თავს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობასა და თავისუფლებას.

იმ დღეთა შორის, დღევანდელი ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მოუშუშებელია.

ჩვენი ისტორია თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლითაა დაწერილი და 2008 წლის 7 აგვისტოს კიდევ ერთი ასეთი ფურცელი შეემატა ქართულ მატიანეს.

ეს მართლაც მოუშუშებელი იარაა. დღეს მე დავესწარი დნმ-ით ამოცნობილი ჩვენი ჯარისკაცის, გელა თიგიშვილის დაკრძალვას კასპის რაიონში. დღეს აქ იმყოფებიან მისი დედა ქეთევანი, მისი მეუღლე ირმა და ვაჟები ლაშა და ვაჟა.

გელა თიგიშვილი იბრძოდა აფხაზეთის ომში. 2008 წელს მან ხელახლა ჩაიცვა ფორმა და წავიდა რუს აგრესორთან საბრძოლველად ცხინვალის რეგიონში, სადაც გმირულად დაეცა.

ორი დღის წინათ, ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში ასევე დავესწარი დნმ-ით ამოცნობილი ქართველი სნაიპერის ზურაბ ტურაშვილის გადასვენებას.

იგი იყო ერთ-ერთი იმ სნაიპერთაგანი, რომლებიც არ გამოვიდნენ ცხინვალიდან, არ დაემორჩილნენ, მათ შორის, გამოსვლის ბრძანებას ორგანიზებული უკანდახევის შესახებ და გამაგრდნენ შენობებში. ოკუპანტისვე ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში, ბოლო ტყვიამდე უწევდნენ მას წინააღმდეგობას და იცავდნენ ქართულ მიწას.

გუშინწინდელი დღეც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო.

რა თქმა უნდა, ეს იყო უმძიმესი დღე მისი მშობლებისათვის.

დღეს გელა თიგიშვილის გადმოსვენებას დაესწრო ასევე ზურაბ ტურაშვილის მამა გიორგი და მისი და. ისინი ჩამოვიდნენ ყვარლიდან (ცხოვრობენ გრემის დიდებული ტაძრის მახლობლად) და დაუდგნენ მეორე ოჯახს, რომლებიც ასევე არიან გმირულად დაღუპული მებრძოლის მშობლები, შვილები, მეუღლე და ძმა.

ესეც არის საოცარი ერთიანობის, სოლიდარობის გამოხატულება, იმის გაგრძელება რასაც შესწირეს თავი ამ ბიჭებმა, რისთვისაც დაიღუპნენ მათი შვილები, ვინც დღეს აქ ესწრება - მათი მეუღლეები და უახლოესი და საყვარელი ადამიანები.

ამიტომ დღევანდელი დღე, უპირველესად, ჩვენი თავგანწირული პატრიოტების, ჩვენი გმირების ხსოვნისა და მათ წინაშე ქედის მოხრის დღეა.

გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას...

ჩვენ ყოველი მათგანის სახელი გვემახსოვრება სამარადჟამოდ... მათი მკვლელები გამარჯვებას ვერ იზეიმებენ... მათი მკვლელების ოცნება - დააჩოქონ საქართველო  - არასდროს ახდება...

ჩვენ... ამ ბიჭების ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვანთ!

დღევანდელი დღე, ასევე, არის ყველა ჩვენი დევნილისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვის დღე; იმის შეხსენების დღე, რომ არც ერთ მათგანს არ დავტოვებთ განსაცდელში.

ჩვენ გვესმის, რომ მათი ტკივილი წარმოუდგენელია. ენით აღუწერელია ის ბრაზი, რომელსაც ისინი განიცდიან. მინდა ყოველმა დევნილმა იცოდეს - მათი ტკივილი თითოეულ ჩვენგანს სტკივა; მათი ბრაზით ყოველი ჩვენგანია გაბრაზებული და ეს იქნება ასე, ვიდრე საკუთარ სამშობლოში საქართველოს ლტოლვილად ქცეული თითოეული მოქალაქე არ დაიბრუნებს საკუთარ კარსა და მიდამოს, საკუთარ ღირსებასა და საკუთრებას.

რა თქმა უნდა, დარჩება მოუშუშებელი იარები, მაგრამ წართმეულს აუცილებლად დავიბრუნებთ და გატეხილს აუცილებლად გავამთელებთ!

საქართველო იქნება მთლიანი!

საქართველო იქნება თავისუფალი!

ჩვენ ვიცით რა მიზანი ჰქონდა კრემლს 2008 წლის 7 აგვისტოს და მაშინ, როდესაც 7 აგვისტოს წლების განმავლობაში ამზადებდა.

ეს იყო საქართველოს სრული დამორჩილება - ეს იყო თბილისის აღება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის 180-გრადუსიანი რევერსი. ისევე როგორც 1921 წელს, კრემლში ამჯერადაც ელოდნენ საზეიმო შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ თბილისის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს.

სხვადასხვა პოლიტიკოსები ახლა ხშირად კამათობენ იმის თაობაზე, მოიგო საქართველომ ეს ომი თუ წააგო.

ვიდრე ჩვენს მიწაზე, აქედან რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტები დგანან, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს ომი ჩვენ მოვიგეთ.

მაგრამ მოდით დავსვათ შეკითხვა: რა მოიგო რუსმა აგრესორმა საქართველოში შემოჭრით?

გადავხედოთ  უახლეს ისტორიას.

მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირი და რუსეთი იმავე მიზნებით შეიჭრა  რამდენიმე ქვეყანაში, რა მიზნებითაც შემოიჭრა საქართველოში.

ის შეიჭრა ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში, პრაქტიკულად, უბრძოლველად მოახდინა მათი ანექსია და დაასრულა მათი დამოუკიდებლობა.

სამივე ქვეყანა ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით ბევრად დიდი იყო, მაგრამ მათ ვერ შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა და  მთლიანად დაიპყრო რუსეთმა.

საქართველო რუსეთმა ვერ აიღო.

1956 წელს საბჭოთა კავშირის მრავალრიცხოვანი არმია შეიჭრა უნგრეთში. მან რამდენიმე დღეში დაამთავრა უნგრეთის დამოუკიდებლობა და მოკლა უნგრეთის პრეზიდენტი. უნგრეთი, რა თქმა უნდა, საქართველოზე დიდი ქვეყანა იყო. უნგრელების წინააღმდეგობის მიუხედავად რუსეთმა შეძლო უნგრეთის აღება...

მან ვერ შეძლო საქართველოს აღება.

1968 წელს საბჭოთა კავშირის არმია შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში, დაასრულა პრაღის გაზაფხული, ჩეხოსლოვაკიის ხალხების მცდელობა შემობრუნებულიყვნენ ევროპისკენ და აეშენებინათ დემოკრატიული წყობილება. ჩეხოსლოვაკია, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ქვეყანა იყო, ვიდრე არის საქართველო. ჩეხოსლოვაკია მთლიანად აიღო საბჭოთა კავშირის, მაშინდელი რუსეთის არმიამ და დაასრულა მისი  დამოუკიდებლობა.

საქართველო ვერ აიღეს და ვერ დაასრულეს ჩვენი დამოუკიდებლობა.

1979 წელს საბჭოთა კავშირის - რუსეთის არმია შეიჭრა ავღანეთში. ერთ საათში მოკლა ავღანეთის პრეზიდენტი, მოახდინა ავღანეთის ოკუპაცია და ეს ქვეყანა მრავალი წლების განმავლობაში, დღემდე ვერ გაიმართა წელში. ავღანეთი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საქართველო.

საქართველოს მხოლოდ ერთი ნაწილია ოკუპირებული. საქართველო აგრძელებს თავისუფალ, დემოკრატიულ, წარმატებულ განვითარებას. ამიტომ ჩვენი სოფლების თითოეული ქვა და კვადრატული მეტრი, რომლებიც მათ ფეხქვეშ გათელეს, ჩემთვის, ჩვენთვის არის წმინდათა წმინდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, დამპყრობელი არ შემოსულა ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის ასაღებად. მას ჰქონდა სამი სტრატეგიული ამოცანა 2008 წლის ომის დროს და ეს მას ღიად ჰქონდა გაცხადებული მანამდეც და მის შემდეგაც.

პირველი ამოცანა იყო საქართველოს მთავრობის დამხობა, საქართველოს დემოკრატიული წყობილების შეცვლა, საქართველოს ლიდერების ფიზიკური განადგურება.

ეს ღიად გაცხადებული ამოცანები მაშინაც და ახლაც, რა თქმა უნდა, ვერ განახორციელეს - საქართველოს ჰყავს იგივე მთავრობა და ე.ი რუსეთი არ არის გამარჯვებული.

აგრესორი და ოკუპანტი არ არის გამარჯვებული.

მათი მეორე ამოცანა იყო საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოსპობა, საქართველოს როგორც დიდი ეკონომიკური ცენტრის, ენერგორესურსების დიდი გამტარი ცენტრის, ჰაბის ფუნქციის გადაკეტვა და სრული კონტროლის დამყარება შუა აზიის, კასპიის ზღვის მდიდარ რესურსებზე.

შესაბამისად, მათ სურდათ საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლის ჩამორთმევა და ე.ი. იმ საფუძვლის მოშლა, რომელსაც, ნაწილობრივ, ეფუძნება საქართველოს მიმართ მსოფლიოს მხარდაჭერა.

რუსეთმა ეს ვერ მოახერხა - რუსი ოკუპანტი არ არის გამარჯვებული.

მესამე მათი ამოცანა სტრატეგიული იყო - ნატო-ს გაფართოების შეჩერება ჩვენი მიმართულებით. ანუ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების შეჩერება, რადგან  ჩვენთვის ეს არის, ეს იყო და იქნება ჩვენი განვითარების უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მათი ამოცანა იყო ჩვენი ევროინტეგრაციის შეჩერება.

საქართველოს არა მხოლოდ ეს ვერ შეუჩერეს, არამედ ახლა ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ ევროპასთან, ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებასთან, უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გამოცხადებასთან.

ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ის, რასაც ევროპელი ლიდერები აცხადებენ და როგორც ეს ჩიკაგოს სამიტზე დამტკიცდა.

ამის შესახებ ამბობდა რუსეთის ლიდერი, რომ ეს მაინც შეძლო და შეჩერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

ჩიკაგოში, ბოლო სამიტზე გამოცხადდა, რომ შემდეგი სამიტი, 2014 წელს სამიტი ნატო-ს გაფართოებას მიეძღვნება და საყოველთაო კონსესუსით, საქართველო ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იქნება.

ე.ი. რუსეთი არ არის გამარჯვებული.

ამიტომ რუსეთი რომელმაც მოახდინა ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, ავღანეთის, მანამდე დასავლეთ პოლინეთის და ბალტიის ზღვის ქვეყნების ოკუპაცია, 1921 წელს მოახერხა საქართველოს ოკუპაციაც, რადგან იმჟამინდელ საქართველოს ლიდერს არ ეყო რესურსი, შიდა  პოლიტიკური და საერთაშორისო მხარდაჭერა და რუსეთის მე-11 არმიის შემოსვლასთან ერთად, მათ დატოვეს საქართველოს საზღვრები რომელსაც წინ, სამწუხაროდ, ქართველები მიუძღოდნენ.

2008 წელს ჩვენ, საქართველოს მთავრობას, ოკუპანტმა ერთადერთი გზა დაგვიტოვა დაუბომბავი და გახსნილი.

ეს იყო გზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ და ეს იყო გზა აღმოსავლეთისკენ, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით.

ჩვენ ყველანაირად მიგვანიშნებდნენ, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც 1921 წელს საქართველოს მთავრობა, რომელიც წავიდა ბათუმში და იქიდან გადავიდა სტამბულში - ქვეყანა კი ოკუპანტს გადააბარა.

საქართველოს ხელმძღვანელობას მაშინაც ჰპირდებოდნენ, რომ შეინარჩუნებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მართლაც შეინარჩუნეს რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე მისი ანექსია არ მოახდინეს.

რა დამოუკიდებლობა იყო ეს?

ჩვენ ავირჩიეთ წინააღმდეგობის გზა ჩვენს მებრძოლებთან ერთად, ჩვენს ოფიცრებთან ერთად, ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იმ ევროპელ ლიდერებთან ერთად, რომელთაც არ შეეშინდათ და ჩამოგდების მუქარით შემოვიდნენ ჩვენ საერთაშორისო სივრცეში და ქართველ ხალხთან ერთად და მის გვერდით დადგნენ.

ე.ი. რუსეთი არ არის გამარჯვებული და ის ვერასდროს ვერ იქნება გამარჯვებული საქართველოსთან მიმართებაში.

საბოლოო გამარჯვება დარჩება ჩვენს თავისუფლების მოყვარე ერს და ეს არის სრულიად გარდაუვალი.

მაგრამ ქართულმა წინააღმდეგობამ და ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერამ საქართველოს მიმართ, კრემლის ეს ოცნება აუხდენელი გახადა.

თუმცა მოსკოვში ჯერაც ცოცხლობს საბჭოთა ოცნება - შესაბამისად, მათ ახალი გეგმა აქვთ საქართველოსთვის - ეს გეგმა ითვალისწინებს საქართველოს შიგნიდან გატეხვას, ჩვენი ქვეყნის დამორჩილებას ისევ ქართველთა ხელით.

ამ ახალი პუტინური გეგმის გათვლა ემყარება იმას, რომ ქართველები დაიღლებიან წინააღმდეგობის გაწევით, რომ ქართველებს დაუჩლუნგდებათ შემართება და საბრძოლო სულისკვეთება.  

ამ ახალი გეგმის ავტორებს კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს ისტორია და იციან, რომ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ისეთი ქართველი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ დამპყრობელთან შერიგებას დათანხმდება.  

ისინი მიიჩნევენ, რომ 200-წლიანი მორჩილების ისტორიამ იმდენად მოაჩლუნგა ქართული თავისუფალი სული, რომ ახლაც ადვილად გაგვტეხს და გვაიძულებს დანებებას. 

გვაიძულებს თავი ჩავღუნოთ და ვთქვათ ის, რასაც ასწლეულების განმავლობაში გვინერგავდნენ - „თუ დათვი მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოო“. 

მაგრამ ჭეშმარიტება ისაა, რომ...

საქართველოს ისტორიას ბევრი ქართველი ახსოვს, რომელიც მოითხოვდა,  შევრიგებოდით დამპყრობელს, მაგრამ არ გვახსოვს არც ერთი დამპყრობელი, რომელმაც დაგვინდო და რამეში მაინც დაგვეხმარა.

ბევრი ქართველი გვინახავს ისეთი, რომელსაც უთქვამს: დათვს ბაბაია უნდა დავუძახოთო, მაგრამ არ გვინახავს არც ერთი დათვი, რომელიც მართლა „ბაბაიად“ გადაქცეულა.

ისტორიული ფაქტია, რომ ყველა შემთხვევა, როდესაც საქართველო კომპრომისზე წავიდა ან დამპყრობლის გულმოწყალებაზე გააკეთა გათვლა - ჩვენი სახელმწიფოებრიობის სრული კრახით დამთავრდა, ჩვენი ეროვნულობის სრული გათელვით და იმით, რომ ჩვენი თვითმყოფადობა გაქრობის ზღვარზე აღმოჩნდა.  

ჩვენ იმიტომ ვართ დიდი ერი, რომ ყველა ეს გაკვეთილი ისევ ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა კარგად.

ისტორიული ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენისთანა პატარა ერებმა, მით უმეტეს ისეთებმა, რომლებიც გარშემორტყმული იყვნენ მათ გადასაყლაპად დაგეშილი იმპერიებით, ვერ შეინარჩუნეს ვერც დამოუკიდებლობა, ვერც თვითმყოფადობა და ვერც სახელმწიფოებრიობა.

ნუთუ არასოდეს გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, როგორ შევძელით ქართველებმა - ამ მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენი ეროვნულობის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება?!

როგორ შევძელით ეს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს განადგურებას ცდილობდა თითქმის ყველა იმპერია, რომელიც კი სამყაროს ახსოვს?

როგორ?!

ჰკითხეთ საკუთარ თავს!...

პასუხი ჩვენი ისტორიის ყველა ფურცელზეა. 

- იმიტომ შევძელით, რომ არასდროს არ დავნებდით მტერს, არასდროს არ მოვიხარეთ ქედი, არასდროს არ ჩავღუნეთ თავი...

- იმიტომ შევძელით, რომ არასდროს არ გადავდგით ნაბიჯი უკან, არასდროს არ დავიწყეთ იმის გაზომვა, თუ რამდენად ძლიერი იყო მტერი...

- იმიტომ შევძელით, რომ არასდროს არ წავყევით იმ ქართველებს, რომლებიც გვიკიჟინებდნენ დამპყრობელთან შერიგებას.

- იმიტომ, რომ არასდროს არ გავყევით მათ, ვინც გვეუბნებოდა, რომ დათვისთვის „ბაბაია“ დაგვეძახა.

ბაბაიას დამძახებლების არაა ეს ქვეყანა!

ეს ქვეყანა ვახტანგ გორგასლისაა!

ეს ქვეყანა დავით აღმაშენებლისაა!

ეს ქვეყანა დემეტრე თავდადებულისა და გიორგი ბრწყინვალისაა!

ეს ქვეყანა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მერაბ კოსტავასია!

ეს ქვეყანა იმ გმირებისაა, რომლებმაც 2008 წელს აქ, ამ მიწაზე, ამ ცის ქვეშ, საკუთარ სამშობლოში გაწირეს თავი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.

და იმიტომ ვდგავართ დღემდე ფეხზე, იმიტომ გვიჭირავს ხელში ჩვენი დამოუკიდებლობის ულამაზესი ხუთჯვრიანი დროშა, რომ ეს ქვეყანა მათია და არა „ბაბაიას“ დამძახებლების!

ჩვენ არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან!

ჩვენ არ დავნებდებით მტერს!

არ მოგვბეზრდება თავისუფლების სიყვარული!

არ დაგვღლის ჩვენი ეროვნული სიამაყე!

კრემლს შეიძლება ბევრი ოცნება ჰქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს თავისი გეგმა საქართველოს მომავლის შესახებ.

ჩვენი გეგმაა თავისუფლება!

ჩვენი გეგმაა განვითარება!

ჩვენი გეგმაა წინსვლა!

ჩვენ არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში! და რამდენიც არ უნდა იოცნებონ ამაზე მოსკოვში, საბჭოთა კავშირი არ აღდგება! 

რამდენი შადიმანიც არ უნდა მოძებნონ ქართველებში - თითო შადიმანზე ასი ცოტნე, ასი ქაქუცა და ასი დავითი გამოჩნდება.

რამდენი შულავერიც არ უნდა გამოქექონ - იმდენი დიდგორით ვუპასუხებთ!

ჩვენი გეგმა ძალიან მარტივია - ჩვენ არც ერთი იოტით არ დავთმობთ საქართველოს ინტერესებს!

ძალიან მალე, ისტორიისთვის ძალიან მოკლე დროში, ერთ პატარა გაელვებაში - ჩვენ მოვესწრებით ახალ რუსეთს - რუსეთს, რომელშიც სამარადჟამოდ დასამარდება საბჭოეთის აღდგენის იდეა; რუსეთს, რომელიც უარს იტყვის იმპერიულ ფანტაზიებზე, რუსეთს, რომელიც დაიწყებს დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას.

იმ რუსეთთან ჩვენ მართლა დავალაგებთ ურთიერთობას - და ამას გავაკეთებთ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე, არამედ როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი, თანასწორუფლებიანი, პარტნიორი ქვეყანა.

ასეთ რუსეთთან ჩვენ მოვძებნით კომპრომისებს, მაგრამ არასდროს არ წავალთ კომპრომისზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ხარჯზე.

ძალიან მალე, ისტორიისათვის ძალიან მოკლე დროში, ერთ პატარა გაელვებაში - აფხაზეთი და ქართლის შუაგული გათავისუფლდება რუსული ოკუპაციისგან - გათავისუფლება ეროვნული გადაშენების იმ საფრთხისგან, რომლის წინაშეც ისინი დღევანდელი ოკუპაციის პირობებში დგანან. მათ გაუჩნდებათ რეალური შანსი, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და აირჩიონ მათთვის სასურველი განვითარების კურსი.

ამ დროისთვის ჩვენ ვიქნებით წელში გამართული, განვითარებული ევროპული  სახელმწიფო - სოციალური დაცვის ძლიერი სისტემით, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უმაღლესი დონის ჯანდაცვით, ძლიერი სოფლის მეურნეობით, დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, ეკონომიკური შესაძლებლობებით სავსე, კორუფციისგან და კრიმინალისგან თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა, რომელშიც დაცული იქნება ადამიანის, მეწარმისა და უმცირესობათა უფლებები.  

ეს არის ჩვენი გეგმა - და სწორედ ეს გეგმა გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უცილობელ გაერთიანებას და გარდაუვალ გამარჯვებას!

ჩვენი ერთიანობით და ღვთის შეწევნით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის მფარველი!



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)