Google+

სიახლეები

06.08.2012
მიხეილ სააკაშვილმა კარალეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა

მოგესალმებით ყველას.

ჩემო ძვირფასებო, ჩემო სათაყვანებელო ხალხო, ბოლო კვირების განმავლობაში სულ მინდოდა  თქვენთან მოსვლა. საკუთარი თვალით ვნახე, მთელმა საქართველომ ნახა, თუ როგორი ღირსების მატარებელია აქაური ხალხი.

ჩვენმა მტერმა თქვენ, პრაქტიკულად, ყველაფერი წაგართვათ სიცოცხლის გარდა, თქვენი ზოგიერთი ახლობელი კი სიცოცხლესაც გამოასალმა.

ამ ხეობებში ბევრი მივლია და ჩემთვის ყველაზე დიდი და მოუშუშებელი ტკივილია ის, რაც მათ ფეხქვეშ გათელეს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს! ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული.

ისტორიულად,  ქართლის შუაგულში ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოიკიდა ფეხი და ვერც ესენი  მოიკიდებენ. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ქართლს, ჩვენს ხეობებს, სოფლებს და დავიბრუნებთ საკუთარ სახლებს.

მე ვიცი, როგორი ხალხი ხართ თქვენ, რას გაუძელით ამ წლების განმავლობაში, როგორ პირობებში ცხოვრობდით, როგორ გიწევდათ ტყვიების ზუზუნში ბავშვების გაზრდა, განათლების მიცემა, მიწის დამუშავება, მეურნეობის წარმოება და, იმავდროულად, არავისთვის დაგიხრიათ თავი.

ზოგიერთებს თქვენ უსაქმურები ჰგონიხართ, მაგრამ ჩემთვის და დანარჩენი საქართველოსთვის თქვენ ხართ საქართველოს გმირები, ღირსებით აღსავსე, ნამდვილი ქართველი პატრიოტები.

თქვენი მსგავსი ხალხი არსად არ მინახავს. ვერც ერთი ერის წარმომადგენელი ვერ გაუძლებდა  იმას, რასაც თქვენ გაუძელით ათწლეულების განმავლობაში. ყველა თავს ჩაქინდრავდა და ცხოვრებაზე აიღებდა ხელს.

აი, ასეთია ჩვენი ხალხი, ჩვენი ხეობების მოსახლეობა, ასეთები არიან ჩვენი ქართლელები.

ამ ქართლელებს ვერავინ ვერაფერზე ვერ ააღებინებს ხელს. ეს არის სახელმწიფოებრიობის მთავარი რეზერვი, ის, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ისტორიული გამოცდილების მხრივ და თითოეული თქვენგანის სახით.

მათ ვერც საქართველოს კურსი შეცვალეს, ვერც მთავრობა გამოცვალეს, ვერც ჩვენი პოლიტიკური არჩევანი ვერ შეაჩერეს. როგორც ვნახეთ, ვერც ნატოს გაფართოება გააჩერეს ჩიკაგოს სამიტზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ, რა თქმა უნდა, დავრუნდებით და საბოლოო გამარჯვებასაც მოვიპოვებთ. ეს ერთი წუთითაც არ მეეჭვება.

ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ახლა ხშირად ამბობენ, რომ ეს მაისურები, რომლებიც ზოგიერთ თქვენგანსაც აცვია, წარწერით  „მე მიყვარს საქართველო“, ჩვენ მივითვისეთ.

საქართველოს სიყვარული არც ცალკეული პოლიტიკური პარტიის მონოპოლიაა, არც რომელიმე ჯგუფის და არც, თუნდაც, პრეზიდენტის.

ეს გრძნობა პირადი საკუთრება ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ საქართველოს სიყვარულს აქვს კონკრეტული შინაარსი. როდესაც აცხადებ, რომ ომი, თურმე, საქართველომ დაიწყო - შენ არ გიყვარს ეს ქვეყანა.

როდესაც აცხადებ, რომ უნდა შეწყვიტო ლაპარაკი საქართველოს ოკუპაციის შესახებ, არავის აღარ უნდა შეახსენო ამის შესახებ, რადგან მთელმა მსოფლიომ უკვე თქვა ეს - შენ არ გიყვარს საქართველო.

როდესაც საქართველოს მიაქანებ დამპყრობლისკენ და მოუწოდებ მას შეეკრა და მიეხუტო (ჩვენს ისტორიაში ჯერ არც ერთი დამპყრობელი არ მოგვფერებია, არ დაუნდივართ და თუ რამის წართმევა შეეძლო ბოლომდე წაურთმევიათ), შენ არ გიყვარს საქართველო.

საქართველო იმიტომ გადარჩა, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდზე და ჩვენ დავრჩით ამ თანამეგობრობის ძალიან პატივცემულ წევრებად.

საქართველო აუცილებლად შევა ევროკავშირში, აუცილებლად შევა ნატოში, ბოლომდე გავთავისუფლდებით გაჭირვებისგან, აუცილებლად გვექნება ნორმალური ჯანდაცვა, აუცილებლად განვვითარდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

თითოეული თქვენგანი არის ნამდვილი გმირი.

იმ დროის გმირი არის არა მთავრობა, არამედ თქვენ!

 გმირები არიან ჩვენი ოფიცრები და ძალიან ბევრი ღირსეული ჯარისკაცი გაზარდა თითოეული თქვენგანის ოჯახმა და სოფელმა.

ჩვენ ბევრი მათგანი დავკარგეთ და ვიდრე სული გვიდგას, ჩვენ მათ სახელზე მოვიპოვებთ გამარჯვებებს და ვერასდროს ვერ დაგვახევინებენ უკან!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)