Google+

სიახლეები

04.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბეშუმში მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო!

მე არ მახსოვს, რომ ამდენი ერთად შევკრებილიყავით აქ, შუამთობაზე. ბევრნი ვართ ხოლმე, მაგრამ წელს, განსაკუთრებული სიმრავლეა.

აჭარა წელს წელში გამართულია ისე, როგორც არასდროს.

ის აჭარა, რომელიც ჩვენ რვა წლის წინათ ჩავიბარეთ, იყო შეურაცხყოფილი, სიღატაკესა და ჩაგვრის ქვეშ მყოფი მხარე, მაგრამ ძალიან ამაყი, ძალიან ღირსეული, ძალიან მშრომელი ხალხით.

დღევანდელი აჭარა არა მხოლოდ დანარჩენი საქართველოს, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ ევროპელებისა და ამერიკელების აღტაცებისა ობიექტია და  ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ შევქმენით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი რეგიონი.

მეგობრებო, დღეს აქ ხელცარიელი არ მოვსულვარ.

აქ ყოველ წელიწადს მომაქვს რაღაც, მაგრამ დღეს მინდა გითხრათ ის, რომ რამდენიმე დღის წინათ სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ და ეს არის ბოლო შუამთობა, როდესაც აქ ცუდი გზით ამოვედით.

უკვე დავიწყეთ გოდერძის უღელტეხილსა და ადიგენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაურობა ჩიხი აღარ იქნება.

მეორე, რაც გავაკეთეთ და რითაც აღტაცებული ვარ - აქ რომ მოვდიოდი დანისპარაულში ამოვიარე, სადაც რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ყველაზე მასშტაბური, ყველაზე საინტერესო სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო.

აჭარას ექნება ახალი სათხილამურო კურორტი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ აქ აღარ იქნება სიღარიბე. იქნებიან ტურისტები, იქნება ტრასა, იქნება სასტუმროები და აღარ იქნება სიღარიბე, გაჭირვება და სიღატაკე.

უკვე დიდი ხანია გპირდებით, მაგრამ ახლახან მოვაწერეთ ხელი ფრანგებთან და სათხილამურო კურორტი აქ ისე სწრაფად  გაკეთდება, როგორც არსად არ გაკეთებულა მსოფლიოში.

ამას უზრუნველყოფს ლევან ვარშალომიძე და ის ხალხი, ვინც დღეს თქვენთან ერთად ქმნის ახალ აჭარას.

აქ, შეკრებილია მოსახლეობა შუახევიდან, ხულოდან, ქედადან. თქვენ ნახეთ, ის ახალი საავადმყოფოები, რომლებიც გავხსენით ჩაქვში, ქედაში, შუახევში… ყველა სოფელში იქნება ძალიან კარგი ექიმი.

აჭარაში ჩვენ საუკეთესო კლინიკები გვაქვს და მივაღწევთ იმასაც, რომ თუკი დღეს მოსახლეობის უმეტესობა დაზღვეულია, უახლოეს პერიოდში აჭარის არც ერთი მკვიდრი არ დარჩება სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტის გარეშე.

ამ საავადმყოფოებში ყველას უნდა ჰქონდეს სრული ხელმისაწვდომობა და დაცულობის შეგრძნება, რათა ხალხი აქ იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი წარსულიდან ცდილობს წაეპოტინოს ჩვენს აღმშენებლობას და  ურცხვად აცხადებს, რომ, თურმე, ძველი დრო უკეთესი ყოფილა; იმასაც ამბობს, რომ თურმე ახალი კურორტები მთებს ამახინჯებს; თურმე ახალი გზები ჩვენი ავთენტურობის შეურაცხყოფაა.

იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ძველი კორუმპირებული მოხელეები; იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ უნდა დავაბრუნოთ ძველებური ცხოვრების წესი, იმ ხალხს, რომელიც გვეუბნება, რომ უნდა დავბრუნდეთ ძველი იმპერიული კონტროლის ქვეშ, რადგან იქ უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, გვინდა ვუთხრათ - უკან წასასვლელი გზა აღარ გვაქვს.

საქართველო და აჭარა იმოძრავებს მხოლოდ წინ, უკეთესი მომავლისკენ, როგორც ჩვენ ყველამ ერთად დავსახეთ.

ვითარება ძალზე მარტივია. ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ვინ რა პოზიციაც არ უნდა გამოხატოს... ამას წინათ ერთ პოლიტიკოსს მოვკარი თვალი, რომელიც ამბობდა: ბევრი ააშენა მთავრობამ, მაგრამ ახლა უნდა წავიდნენ, რადგან ჩვენი მოსვლის დროაო.

ჩვენს აშენებულ ქვეყანას არავის არ დავანგრევინებთ!

მართალია, ყველაფრის დანგრევა ძნელია, მაგრამ ესენი ნგრევის ისეთი ოსტატები არიან, რომ ჩვენი 50-სართულიანი ცათამბჯენებს თუ ჩვუგდებთ ხელში, შესაძლოა, ორ თვეში არც მათგან დატოვონ რამე.

ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ახალი კურორტები, ახალი სკოლები, ახალი უნივერსიტეტები, ახალი საავადმყოფოები, ახალი ამბულატორიები.

ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ საუკეთესო განათლება.

ყველა ხეობაში უნდა მივიდეთ კარგი გზით.

ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სოციალური და სამედიცინო დაზღვევა.

ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი შვილის გაგზავნა საქართველოსა და უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში.

ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიწყოს საკუთარი ბიზნესი და ყველას ექნება საშუალება, გახსნას ახალი საქმე, დასაქმდეს თვითონ და დაასაქმოს ხალხი.

ეს არის ჩვენი პოლიტიკა და ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ გზიდან ჩვენ ვერავინ გადაგვახვევინებს და აქაურობას ვერასდროს ვერავინ ვეღარ დააბრუნებს უკუნეთში, უგზოობაში, უპერსპექტივობაში, კორუფციაში, კრიმინალსა და მონობაში.

ჩვენ გავთავისუფლდით და თავისუფლებას არაფერი სჯობს ამ ქვეყანაზე.

ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ საუკეთესო ხალხი.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ხალხს ზემოდან ქვემოთ კი არა, პირიქით, ქვემოდან ზემოთ უყურებს, რადგან ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ თქვენი ერთგული მსახური, თქვენი გზამკვლევი, თქვენი დარდის გამზიარებელი და თქვენთვის და თქვენთან ერთად შევქმნათ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი საქართველო. ეს ასეც მოხდება და ჩვენი შვილები იქნებიან უფრო ბედნიერი.

ჩვენს შემდგომ გამარჯვებებს ვერაფერი დაუდგება წინ და აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს. ამაში დარწმუნებული ვარ!

დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა არასდროს არ ყოფილა ასეთი ძლიერი მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. თუმცა ჩვენი მთავრობა არის ძლიერი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ხალხია ძალიან ძლიერი.

ხალხი, რომელმაც გადაიტანა ენერგეტიკული ემბარგო, ყველანაირი პროვოკაცია, ეკონომიკური ემბარგო, ბოლოს და ბოლოს, ომი(!) ყველაფერს შეძლებს.

ამ კუთხის შვილები დაეცნენ ჩვენს დამპყრობელთან ბრძოლაში, რათა ჩვენ ვყოფილიყავით თავისუფალი!

ისინი დაეცნენ ფრონტზე და ახალ აჭარას, ახალ საქართველოს ჩვენ სწორედ მათ სახელზე ავაშენებთ.

ეს არის ჩვენი გზა და დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, რადგან ჩვენ გვყავს ძლიერი, შემოქმედი, მშენებელი პარიოსანი ხალხი, რომელიც არც იყიდება და არც ტყუვდება, როგორც ეს ჩვენს დამპყრობელს ჰგონია.

ჩვენს ხალხს აქვს ის, რაც მათ არ გააჩნიათ. მათ შეიძლება ჰქონდეთ ბევრი ფული, ჯარი, ტერიტორია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება, საკუთარი თავის რწმენა და წესიერება, ვიცით ერთმანეთის მხარში დგომა და გვჯერა ჩვენი მომავლის.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)