Google+

სიახლეები

03.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი ფოთს ესტუმრა და ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ტაძარი პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს, რაც, მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია.

„აქ თეატრის ადგილი არ იყო და მთავარია ის, რომ აქ ტაძარი იქნება. ერთ-ერთი პირველი, რაც 2004 წელს გავაკეთე, აქ პატრიარქთან ერთად მოვედი და თეატრი გავიყვანეთ.  ამ საკითხთან დაკავშირებით დავა ყველა მთავრობის დროს იყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. არც თეატრს ისე არ დავტოვებთ - კულტურის ულამაზეს ცენტრს ვაშენებთ. აქ კი ტაძარი უნდა იყოს. როდესაც ეს ტაძარი ააშენეს, მისი მესვეურები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ აქ თეატრი დაიდებდა ბინას. ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს კულტურული ცენტრი. თავის დროს, როდესაც ნიკო ნიკოლაძემ და სხვებმა ფოთი დააფუძნეს, უპირველეს ყოვლისა, ტაძარი ააშენეს. იდეა იყო ის, რომ ფოთში გრანდიოზული ტაძარი ყოფილიყო და მის გარშემო გრანდიოზული ქალაქი გაშენებულიყო. დროთა განმავლობაში ტაძარიც დაკნინდა და ქალაქიც ვეღარ აშენდა ისე, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ. ახლა ქალაქიც აშენდება.  მთავარია, ტაძრისთვის ძველი ბრწყინვალება და ის იერსახე დაგვებრუნებინა, რომელიც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. ახლა გარშემო ყველაფერი უნდა მოეწყოს ისე, როგორც ეს ფოთის დამფუძნებლებს ჰქონდათ დაგეგმილი. ფოთის პორტით ზოგ-ზოგიერთები ფულს აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ხალხმა ძალიან მაგარ ქალაქში უნდა იცხოვროს. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, მეუფე გრიგოლმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ ფოთი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი სულიერი და კულტურული ცენტრი გახდება.

„თქვენ მაშინ ისტორიული სიტყვები თქვით, რომ ეკლესიას უბრუნდება ის, რაც ყოველთვის ეკლესიას ეკუთვნოდაო. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი ნიშანი იმ დადებითი პროცესებისა, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ ტაძრის აღდგენასთან ერთად, საოცარი, დიდებული თეატრიც შენდება, რომელსაც გრანდიოზული შენობა ექნება და დასავლეთ საქართველოს კულტურული და სულიერი ცენტრი გახდება“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ფოთის ტაძრის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება და რეაბილიტაციის პროექტი არა მხოლოდ ტაძრის განახლებასა და მოპირკეთებას, არამედ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.  

ფოთის საკათედრო ტაძარი 1906 წელს აშენდა, 1936 წელს კი, საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შენობა ფოთის თეატრს გადაეცა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, შენობა კანონიერ მფლობელს - საპატრიარქოს დაუბრუნდა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)