Google+

სიახლეები

02.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ახალი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი 

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ახალი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილი მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა და ბათუმში მიმდინარე მშენებლობებზე ადგილობრივთა დასაქმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ორბი ჯგუფის“ საინვესტიციო პროექტი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას და მსურველთათვის სასტუმროს ნომრების კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. მშენებლობაზე დასაქმდება 1000 ადამიანი. ახალი 35-სართულიანი სასტუმრო-კომპლექსი აჭარაში წარმოებული ავეჯით მოეწყობა.  ობიექტი 110 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და მთლიანობაში 1050 ნომერს მოიცავს. აქვე იქნება ღია და დახურული საცურაო აუზი, სპა-ცენტრები, კაფე-რესტორნები, კაზინოები, ბავშვთა გასართობი ცენტრები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.

„მშენებლობის სისწრაფით, „ორბი ჯგუფი“ რეკორდს ხსნის. 5 წლის წინათ, როდესაც  მშენებლობები დავიწყეთ, ყველგან თურქები მუშაობდნენ, ახლა კი ყველგან ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული. ჩვენ ვაპირებდით მათგან გვესწავლა, მაგრამ უკვე 2-ჯერ სწრაფად ვაშენებთ. ვფიქრობ, „ორბი“ მალე თურქეთში დაიწყებს მშენებლობებს და ეს თურქებისთვისაც  მომგებიანი იქნება. ჩვენი გამოცდილება, ამ მხრივ, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და თურქეთში უნდა გავიტანოთ. აუციელებელია, რომ პატარა კომპანიები გაფართოვდეს - ასე დაიწყო ტრამპმა და ახლა ნახევარ მსოფლიოს აშენებს. ბათუმის მეოთხედს „ორბი ჯგუფი“ აშენებს.ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ბათუმში ყველაფერი უცხოელებმა შეიძინეს და ისინი აშენებენ. მინდა აღვნიშნო, რომ "ორბი ჯგუფი" მთლიანად ქართული კომპანიაა. უცხოელები ჩამოდიან ბათუმში და ხარჯავენ ფულს, ჩვენ კი ამ ფულით ხალხს ვასაქმებთ, ახალ მშენებლობებს ვიწყებთ, ახალ სასტუმროებს ვქმნით და ყველაფერი ჩვენ გვრჩება. ყოველივე ეს ხალხის საკუთრებაა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა კომპანიის ხელმძღვანელთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი ხალხის დასაქმებაა და მსგავსი კომპანიების გაძლიერებით, ეს პრობლემა, შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას. ქვეყნის პირველმა პირმა ხელფასების ზრდის საკითხზეც ილაპარაკა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების თემასაც შეეხო.

„თქვენ ძალიან საინტერესო პროექტები გქონდათ თავიდანვე. ჩვენი მიზანია, რომ „ორბი ჯგუფის“ მსგავს კომპანიებს ხელი შევუწყოთ, რადგან ჩვენი მიზანი დასაქმებული ხალხია. რაც მეტი აშენდება, მით მეტი ადამიანი დასაქმდება. მეტი ხელფასები თუ ექნებათ, უფრო მეტსაც გავყიდით და შემოსავალიც გაიზრდება. კარგად ვიცი რა მძიმეა მათი სამუშაო და მსურს დასაქმებულებს ბევრად მეტი ხელფასი ჰქონდეთ. ბინების ფასების ზრდასთან ერთად, ხელფასებიც გაიზრდება. საბოლოოდ, მშენებლობა უფრო მომგებიანი უნდა გახდეს და ხალხს უფრო მეტი ანაზღაურება მივცეთ. ეს ეტაპობრივად მოხდება. ქართველმა არქიტექტორებმაც სულ უფრო კარგად დაიწყეს მუშაობა. ბევრი გავუშვით საზღვარგარეთ და იქ მიიღეს განათლება, ზოგმა სტაჟირება გაიარა და ნაწილი კი უცხოელ არქიტექტორებს აქ აკვირდებოდა. ამ სფეროში მთავარია რეპუტაცია და თუკი კომპანიას ერთხელ მაინც შეელახება ის, ყველაფერს დაკარგავს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე ხელვაჩაურის ავეჯის ქარხანაში „სალოღლუ ჯორჯიაში“ იმყოფებოდა, რომელიც საყოფაცხოვრებო მოხმარების, მათ შორის, რბილ ავეჯს აწარმოებს. როგორც პრეზიდენტს ქარხანაში განუმარტეს, „ორბი ჯგუფის“ ახალი სასტუმრო-კომპლექსი აქ ნაწარმოები ავეჯით მოეწყობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)