Google+

სიახლეები

04.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის საერთაშორისო  აეროპორტში ავიაკომპანია „Wizz Air“-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „Wizz Air“-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაზრდის ქუთაისის, როგორც რეგიონის საკვანძო აეროპორტის მნიშვნელობას. პრეზიდენტის თქმით, „Wizz Air“-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და იმერეთის რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა ის ტარიფები, რომელიც ხელოვნურად არის გაზრდილი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქუთაისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა და ის მშენებლობები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ხალხს ემსახურება და მთავრობის ყველა უწყება იმისთვის არის მობილიზებული, რომ რეგიონში არსებული გაჭირვება შემცირდეს.

„ეს არის ამ აეროპროტის მთავარი დანიშნულება, ამიტომ იდება აქ ფული, ამიტომ გადმოვიდა აქ პარლამენტი, ამიტომ შენდება წყალტუბო აქედან 7 კილომეტრში. ქუთაისის აეროპორტი ასევე ეკუთვნის წყალტუბოს, საირმეს, აბასთუმანს, ახალციხეს, სადაც ახლა გზა კეთდება, ასევე ეკუთვნის ვანს, სადაც ძალზე მაგარი ტურისტული ცენტრი კეთდება და დიდძალი ფული იდება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ქუთაისის აეროპორტი ასევე არის აქვე მდებარე ზესტაფონის, სამტრედიის, ბაღდადის. ეს არის მთლიანად საქართველოს აეროპორტი, იმიტომ რომ ამ ფასის პირობებში ან თბილისში დაიწევს ფასები ან მგზავრები თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისსში ჩამოვლენ.

ამ აეროპორტის ამუშავების შედეგად განვითარდება მესტია, ანაკლია; ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ფოთისთვის, სანამ უახლოეს თვეებში ფოთის აეროპორტი გაიხსნება. ამ აეროპორტით ისარგებლებს მთელი გურია - ურეკი, ბახმარო, ასევე სამეგრელო. ქუთაისში წარმუდგენლად ბევრი რამ კეთდება, რაც იმას ემსახურება, რომ ხალხს ცხოვრება გაუადვილდეს, იმიტომ, რომ ამ ხალხს სხვა ბევრი პრობლემა აქვს და ეკონომიკურ გასაჭირთან ყოველდღიურად უხდება გამკლავება. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ წელში გაიმართონ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მემორანდუმს ხელი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ განვითარების დარგში გიორგი მოლოდინაშვილმა და კომპანიის „Wizz Air Ukraine“ გენერალურმა დირექტორმა აკოს ბასიმ მოაწერეს.

ავიაკომპანია „Wizz Air“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა. მემორანდუმის თანახმად, 2012 წლის სექტემბრიდან ავიაკომპანია „Wizz Air“ პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს კიევის მიმართულებით.

ავიაკომპანია „Wizz Air“ ფრენებს 27 სექტემბრიდან განახორციელებს. ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო და რეისი ქუთაისი - კიევი ერთი მიმართულებით 22 ევრო ღირს.

მემორანდუმის ხელისმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და „Wizz Air Group“-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და „Wizz Air Ukraine“-ის თავმჯდომარე ჯონ სტეფენსონი.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)