Google+

სიახლეები

02.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში დღეს ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი გახსნა. საზეიმო ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტთან (2004-09 წლებში) ერთად მივიდა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოსა და ლიტვის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ვალდას ადამკუსის დამსახურება საქართველოს წინაშე, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ვალდას ადამკუსს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ორი ქვეყნის დამეგობრების საქმეში და ყურადღება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზეც გაამახვილა. 

„ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, საქართველოს მიმართ ვალდას ადამკუსმა  არაერთხელ გამოიჩინა წარმოუდგენელი თანადგომა. მაშინ, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება გვჭირდებოდა, მან ძალიან ბევრი რამ   გააკეთა ჩვენთვის, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2008 წელს სიტუაცია დაიძაბა. 2008 წელს, როდესაც უკვე ღიად შემოიჭრნენ საქართველოში, რამდენიმე ევროპელ კოლეგასთან ერთად, ცოცხალ ფარად დაუდგა საქართველოს და იმ ადგილზე, იმ სცენაზე იდგა, რომელსაც რაკეტებს უმიზნებდნენ. ეს მან კარგად იცოდა. შემდეგ, როდესაც ევროპაში, ზოგიერთებს  საქართველოს საკითხის დავიწყება მოუნდათ, მან დიდი პოლიტიკური რისკის ფასად,  ერთპიროვნულად დაბლოკა ყველა გადაწყვეტილება და არავის მისცა უფლება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თვალი დაეხუჭათ. საქართველოსთვის ვალდას ადამკუსი, მართლაც, დიდი ისტორიული ფიგურაა, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, საკუთრი ქვეყნისთვის - ლიტვისთვის, რომელიც უკვე ევროკავშირისა და ნატოს წევრია. ჩვენ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ მისი და ლიტველი ერის მიმართ. 2008 წლის 8 აგვისტოდან 13 აგვისტომდე ლიტვაში, იქ, სადაც რაოდენობრივად, საქართველოსთან შედარებით, ორჯერ ნაკლები მოსახლეობაა, საქართველოს 300 ათასი დროშა გაიყიდა. მაშინ მთელი ლიტვა ფეხზე დადგა. კარგად მახსოვს თვითმფრინავი, რომელიც მათ დამპყრობლის მიერ დაკეტილ საჰაერო სივრცეში გამოგვიგზავნეს, ასევე მახსოვს მოხალისეები, რომლებიც აქ ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რომ მათ  მადლობა არ ვუთხრათ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.         

ვალდას ადამკუსმა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე, წარმატება უსურვა. საუბრისას, იგი იმ რეფორმებსა და ცვლილებებსაც შეეხო, რომლებიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება.

„მოხარული ვარ, რომ ამ ახალგაზრდების გვერდით ვიმყოფები. ეს თაობა საქართველოსა და ლიტვის მომავალია. საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მათ შორის, ლიტვის პრეზიდენტის რანგში და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ვიზიტის დროს მეგობრულ დამოკიდებულებასა და უდიდეს სითბოს ვგრძნობდი. ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩები იმ ცვლილებებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. საქართველოს და ლიტვას ბევრი რამ აქვთ საერთო. ჩვენ ყოველთვის გვახსოვდა, რომ საერთო ფასეულობებისთვის ერთად უნდა გვებრძოლა. გვახსოვდა ისიც, რომ გვსურდა ვყოფილიყავით თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც მუდმივად იცვლება უკეთესობისკენ და საკუთარ მოქალაქეებს ცხოვრების უკეთეს პირობებს უქმნის. მოხარული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - დადგეს ერთად საერთო ფასეულებებისთვის - ეს არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რეფორმები და უკეთესი მომავალი შემდეგი თაობებისთვის. უკეთესი მომავლის მიღწევა კი, მხოლოდ თავისუფალ ქვეყანაშია შესაძლებელი“, - განაცხადა ვალდას ადამკუსმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)