Google+

სიახლეები

01.06.2012
მიხეილ სააკაშვილი მაღალმთიან აჭარაში აბაშიძეების ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ქედაში აბაშიძეების 7-სულიან ოჯახს ესტუმრა და მათ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ესაუბრა, რომელიც ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის ყველა ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს. პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება, აბაშიძეების ოჯახის იმ ორ პატარასაც შეეხება, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. აბაშიძეების ოჯახში ქვეყნის პირველი პირი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

"ოჯახისთვის, რომელიც ყოველთვიურად, მაქსიმუმ, 600-700 ლარს გამოიმუშავებს, ბავშვის ავად გახდომა, ფაქტობრივად, მთელი თვის განმავლობაში ოჯახის ულუკმაპუროდ დატოვებას ნიშნავს. ზოგჯერ, დაუზღვეველი ბავშვი, შეიძლება  საერთოდაც ვერც წაიყვანო საავადმყოფოში. ახალი ინიციატივა, რომელიც ძალაში სექტემბრიდან შევა, მსგავსი შემოსავლის მქონე ოჯახებს ამგვარ საფრთხეს თავიდან აარიდებს. კარგი იქნებოდა, ეს პროგრამა უფრო ადრე ამოქმედებულიყო, თუმცა ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განვახორციელოთ. მალე ახალი საავადმყოფოების პროგრამას დავასრულებთ და შემდეგ მომდევნო ეტაპზეც გადავალთ. შემოდგომიდან "გრიპის სეზონს" ყველა უშიშრად შეხვდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აბაშიძეების ოჯახის წევრები ქედის სამედიცინო ცენტრშიც მიიწვია, რათა სახელმწიფო დაზღვევის დეტალები მათთვის სამედიცინო პერსონალთან ერთად განემარტა.  ქვეყნის პირველმა პირმა კლინიკაში ყურადღება იმ მომსახურებაზე გაამახვილა, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევის პატარა მომხმარებლები - 0-დან 5 წლამდე ბავშვები მიიღებენ. მისი თქმით, ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მომავალზე ზრუნვაა, რაც  ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. პრეზიდენტმა საავადმყოფოს პატარა პაციენტებიც მოინახულა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მათაც მიულოცა. 

„ბავშვებს უფასო ექნებათ პედიატრისა და ოჯახის ექიმის მომსახურება, ასევე წინასწარი გამოკვლევები და ყველა სახის ამბულატორიული სერვისი; აცრები ახლაც უფასოა. ამას გარდა, ცალკე ვზრუნავთ შეზღუდული უნარის მქონე პირებზე. სახელმწიფო ჯანდაცვა ასევე დაფარავს ქირურგიულ ოპერაციებს და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულებას. რეალურად, 1 სექტემბრამდე ყველა ბავშვი იქნება დაზღვეული. მართალია, ეს დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ბევრად უფრო მეტი დაგვიჯდება თუ მომავალი თაობა ჯანმრთელი არ გაიზრდება. თუ ადრე აქ ვინმე ავად გახდებოდა, უახლოესი სერიოზული აპარატურა და მკურნალობის საშუალება დიდებისთვის მხოლოდ ქუთაისში იყო, ხოლო ბავშვებისთვის თბილისში - იაშვილისა და ჟვანიას სახელობის კლინიკებში. მთელი ამ წლების განმავლობაში ასეთი ვითარება გვქონდა. ახლა საავადმყოფო აქვეა და მთავარია, ხალხს დაზღვევა ჰქონდეს საავადმყოფოში მისასვლელად. დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მთავარია, პირობები შევუქმნათ არა ცალკეულ ბავშვებს, არამედ მთელ თაობას. ბავშვების დღე უნდა იყოს წელიწადის ყველა დღე და არა მხოლოდ პირველი ივნისი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება მედპერსონალისთვის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზეც გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილს სამედიცინო პერსონალის ხელფასების გასაზრდელად უფრო მოქნილი სისტემის შექმნა დაავალა.

„უმცროს სამედიცინო პერსონალს ხელფასები უნდა გავუზარდოთ. ექიმების გარკვეული რაოდენობა უკვე გვყავს, მედდების და ექთნების კი ყველაზე დიდი დეფიციტია. საქართველოშიც ისეთი სტანდარტები უნდა გვქონდეს, როგორიც ჰოლანდიაშია. 200 და 300 ლარზე ცხოვრება შეუძლებელია. უფრო მოქნილი სისტემა ან სადაზღვევო პაკეტი უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ხელფასების გაიზარდოს,“ - აღნიშნა მიხიელ სააკაშვილმა.

ქედის სამედიცინო ცენტრი რამდენიმე თვის წინათ გაიხსნა და სადაზღვევო კომპანია „იმედიL ინტერნეიშენალმა“ მისი მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საავადმყოფო 35 საწოლიანია და პაციენტებს მომსახურებას 50-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი უწევს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)