Google+

სიახლეები

09.05.2012
მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონფერენციას დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს მიმართა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა რეგიონის ცენტრი ხდება. იგი საქართველოში ტურიზმის განვითარების ტემპებსა და პერსპექტივებსაც შეეხო. მისი თქმით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და შექმნილი საინვესტიციო გარემო ამ სფეროს წინსვლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. თავის მხრივ, ტურიზმის განვითარება, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და ხალხის დასაქმების საწინდარია, განსაკუთარებული დატვირთვა აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით და უსაფრთხოების გარანტიას ქმნის.  

ქვეყნის პირველმა პირი საქართველოში შემოსვლის გამარტივებულ პროცედურებსაც შეეხო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველომ ცალმხრივი, კონსტრუქციული გადაწყვეტილებაც მიიღო და  იმ პირობებში, როდესაც ქართველებისთვის რუსეთის ვიზის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. მისი თქმით, ამ ნაბიჯმა წარმოუდგენელი შედეგი მოიტანა - რუსი ტურისტების რაოდენობის მაჩვენებელი ამ მოკლე პერიოდში გაორმაგდა კიდეც. პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში რუსი ტურისტების სიმრავლე, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს სიმართლეს საქართველოს შესახებ და მიღებულ ინფორმაციას საკუთარ ქვეყანაშიც გაავრცელებს. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით ვითარდება, რაც იმის შედეგია, რომ საქართველო ყოველმხრივ გახსნილია.     

„მეორე მსოფლიო ომში საქართველოს ძალიან ბევრმა მკვიდრმა გაწირა თავი ფაშიზმის  დასამარცხებლად. ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულ ადამიანთა რაოდენობით, საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო პირველ ადგილზე იყო. დღევანდელი ვითარების ცინიზმი გამოიხატება იმაში, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ისევ გაჩნდნენ ოკუპანტები და ოკუპირებულები. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპარლამენტისა და სხვა ძალიან ბევრი საერთაშორისო რეზოლუციის თანახმად, რუსეთი საქართველოს  ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას ახორციელებს. რუსეთმა მიაღწია იმას და ეს რუსეთის მთავრობის მიერ რუსი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ქვეყანამ, რომელმაც სხვა ქვეყნებთან ერთად გაიმარჯვა ფაშისტ ოკუპანტებთან ბრძოლაში, დღეს საერთაშორისო ტერმინოლოგიით თავად არის მოხსენიებული სხვა ქვეყნის ტერიტორიის  ოკუპანტად“, - განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.

გამოსვლისას, იგი აღმშენებლობის თემასაც შეეხო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ამის მაგალითად აჭარის რეგიონის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წლის წინათ ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქალაქი იყო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, დღეს მისი განვითარების წარმოუდგენელი ტემპის გამო, მსოფლიოს ყველაზე დიდი დეველოპერებისა თუ ინვესტორების ინტერესის საგანი გახდა.

საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებს ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობაზეც ესაუბრა. ეს ინიციატივა, როგორც მან აღნიშნა, ქალაქ ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას, შესაბამისად, მმართველობის განსაკუთრებული ფორმის შემოღებას ითვალისწინებს. აქვე იმოქმედებს სამოქალაქო დავების განსაკუთრებული ნორმა და ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველი გახდება ინვესტიციებისთვის. მიხეილ სააკაშვილი ლაზიკაში დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებსაც შეეხო. მისი თქმით, ეს ადგილი ახლოს არის რკინიგზასთან, საერთაშორისო აეროპორტთან და საუკეთესოა პორტის ასაშენებლად. შესაბამისად, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ქალაქს ახალი განვითარების სტატუსი უნდა მიეცეს.

„ლაზიკა, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც გარშემო მდებარე ადგილებისა და, ზოგადად, მთელი რეგიონის განვითარების მთავარი ლოკომოტივი უნდა გახდეს... ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი დამატებითი პუნქტი, ახალი ლოგისტიკური ბაზა, რომლის მეშვეობით ევროპაზე გავალთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საზაფხულო და ზამთრის საკურორტო ზონების განვითარებაზეც ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს, მან საქართველოს ბუნებრივი რესურსების სამკურნალო შესაძლებლობებიც გააცნო და ბორჯომთან ერთად, აბასთუმნის, საირმის, წყალტუბოსა და სხვა მსგავსი მნიშვნელობის ადგილების პესპექტივებზე ესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ეს კურორტები ყველაზე პოპულარული უნდა გახდეს, მინიმუმ, ყოფილი საბჭოთა სივრცის მასშტაბით. ქვეყნის პირველმა პირმა ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოყო გუდაურის, ბაკურიანის, მაღალმთიანი აჭარისა და სვანეთის შესაძლებლობები, სადაც უკვე ეწყობა სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა.  

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდება. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უცხოელ ტურისტებს აეროპორტშივე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ ქართულ ღვინოს და  მის ისტორიას. ახალი ინიციატივის თანახმად, უცხოელ სტუმრებს ჩამოსვლისთანავე უნდა დაურიგდეს მცირე ზომის ბოთლებში ჩამოსხმული ქართული ღვინო, რომელსაც მცირე ანოტაციაც ექნება  საქართველოსა და იმის თაობაზე, რომ ეს ქვეყანა ღვინის სამშობლოა. 

სიტყვით გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა ტურისტული გადამზადების ცენტრების ჩამოყალიბების შესახებ საუბრით დაასრულა, რომელიც პროფესიონალი კადრების მომზადების მიზნით იქმნება. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ტურისტული ამბიციის მქონე ქვეყნისთვის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება გადამწყვეტი ფაქტორია.

მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან გლობალურ ორგანოს, რომელშიც მსოფლიოს უმეტესი ქვეყანაა გაწევრიანებული. ბათუმში გამართულ ფორუმს 25 ქვეყნის 80-მდე დელეგატი ესწრებოდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)