სიახლეები
02.04.2012
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოს სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების სახით ჩვენს მოქალაქეებს ჰყავთ დამცველები“
საქართველოს პრეზიდენტმა მალაიზიაში დაკავებულ ქართველებთან და გათავისუფლებულ მეზღვაურებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"როგორც იცით, ჩვენი საზოგადოება და ჩვენ, საქართველოს მთავრობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალზე შეშფოთებული ვიყავით ჩვენი ორი მოქალაქის დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის ბედით, რომლებსაც მალაიზიაში სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მალაიზიის ხელისუფლებასთან და ამ ცოტა ხნის წინათ კარგი ამბავი შევიტყეთ იმის თაობაზე, რომ დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით დასჯა, პრაქტიკულად, 4 წლით პატიმრობით შეუცვალეს. ახლა ვმუშაობთ, რომ ბაბუცა გორდაძესაც მსგავსი განაჩენი გამოუტანონ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც განაჩენს გამოიტანენ, ვიმუშავებთ იმისი შესახებ, რომ სასჯელი მათ საქართველოში მოიხადონ. დარეჯან კოხტაშვილის შემთხვევაში, ეს მართლაც დიდი შვებაა ჩვენთვის. ამ ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, მთელი იუსტიციის სამინისტრო, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლები დღე და ღამე მუშაობდნენ ამ ორი ადამიანის მართლაც ტრაგიკულ ბედზე. იუსტიციის მინისტრი მოადგილემ დათო საყვარელიძემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დარეჯან კოხტაშვილისთვის განაჩენი შეცვლილიყო, ახლა კი, იგი ბაბუცა გორდაძის საქმეზე მუშაობს. ეს ნათლად აჩვენებს იმას, რომ საქართველო არსად არ დატოვებს თავის მოქალაქეებს, ჩვენ ვართ უკვე სახელმწიფო. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა უპატრონობა და განუკითხაობა იყო ქვეყნის შიგნით და ეს ქვეყნის გარეთაც აისახებოდა. საქართველოს მოქალაქეს არ ჰყავდა მომკითხავი და მისი ბედი ადრე არც საქართველოს მთავრობას აღელვებდა და არც საქართველოს დიპლომატიურ თუნდაც მცირერიცხოვან წარმომადგენლებს. ახლა ყველაფერი შეიცვალა და ყველას, ვინც ამ საკითხზე მუშაობდა მინდა დიდი მადლობა ვუთხრა.
ასევე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო გიორგი კარბელაშვილს, რადგან საოკუპაციო ხელისუფლებას ხელიდან გამოვგლიჯეთ ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში აფხაზეთში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. გიორგი კარბელაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტად ისევე, როგორც სომალელი მეზღვაურების შემთხვევაში დღე და ღამე მუშაობდა მეორე ჯგუფის გათავისუფლებისთვის. ამ საქმეს ის მაშინვე შეუდგა, როგორც კი ტროპიკული მალარიისგან განიკურნა, რომლითაც სომალიში დაავადდა. გიორგი კარბელაშვილი რამდენჯერმე იყო უცხოეთში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოიარა და მაინც მიიღო შედეგი. ის, რომ ჩვენ გვყავს კარბელაშვილის მსგავსი სამოქალაქო მოსამსახურეები, რომელიც კბილებით იცავს და ბოლომდე იბრძვის თითოეული მოქალაქისთვის, ეს ჩემთვის ძალიან დიდი იმედის მომცემია. ქართულ სამოქალაქო სამსახურში ჩვენ მართლა ახალი ტრადიცია შევქმენით - საქართველოს სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების სახით ჩვენს მოქალაქეებს ჰყავთ დამცველები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.