სიახლეები
02.12.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება
მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააცნო 2010 წელს საქართველოში დაპატიმრებული ისრაელის მოქალაქეების შეწყალების შესახებ.
„2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე - ჰუმანური მოსაზრებების, ასევე ფუქსისა და ფრენკელის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
ისრაელის ორი მოქალაქე - რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მიცემისთვის დამნაშავედ სცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა.