საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის ამერიკულ უნივერსიტეტში ახალგაზრდა ლიდერებს მიმართა
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ცენტრალური აზიის ამერიკულ უნივერსიტეტს ესტუმრა და ახალგაზრდა ლიდერებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა. მიხეილ სააკაშვილი ყირგიზ ახალგაზრდებს ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგებზე, ასევე ქვეყანაში კორუფციისა და ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევის გამოცდილების თაობაზე ესაუბრა. გამოსვლისას მან ისიც აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველო ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო გახდა. პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართვა ურჩია. მისი თქმით, თუკი ახალგაზრდა თაობა ამ რჩევას გაითვალისწინებს ყირგიზეთის წარმატება გარდაუვალი იქნება.
„საქართველოს რეფორმები მაგალითი გახდა უკრაინელებისთვის, მოლდაველებისთვის, რუსებისთვის, ყაზახებისთვის, პანამელებითვის, ფილიპინელებისა და ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. მივხვდი, რომ ჩვენი რეფორმები ყველაზე მეტად იმ ქვეყნებში მიიღეს, სადაც ყველაზე აქტიურები ახალგაზრდები არიან და უფრო მეტი დემოკრატიული სივრცეა. ქართველი ახალგაზრდობა ჩვენს კურსსა და თანამედროვე რეფორმებს მხარს უჭერს. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ქვეყნის გარდაქმნის პროცესი სწორედ ისეთ ქვეყნებში მიმდინარეობს უკეთესად, სადაც ახალგაზრდები ენერგიულობას იჩენენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მიხეილ სააკაშვილმა მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით, სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. მათმა უმეტესობამ საქართველოს პრეზიდენტს შეკითხვა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე, ეკონომიკურ პროექტებსა და გეოპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვეს. ახლაგაზრდა ლიდერები ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დეტალებითაც დაინტერესდნენ.
„აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა, რომელიც ფიქრობდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი უპრობლემოდ დასრულდებოდა, ჩვენი დედაქალაქის დაკავება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა. მათ შორის, იმიტომ, რომ 6 ევროპელი ლიდერი ქართველ ხალხთან ერთად იდგა თბილისის მთავარ მოედანზე, რომლის დაბომბვასაც რუსეთი აპირებდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ქუჩაში მაშინ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. თითქმის მილიონმა კი ცოცხალი ჯაჭვი შეკრა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ დამპყრობლებს არ დავნებდებოდით. უახლოეს 2-4 წელიწადში მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს გარშემო და ძალიან დიდ ქვეყნებშიც ავტორიტარული რეჟიმები უბრალოდ ჩამოიშლება. ეს სავსებით ნათელია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრისას, ერთ-ერთი შეკითხვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებსაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს შუამავალი მხარის დახმარებით, რუსეთთან მიღწეული შეთანხმების დეტალების თაობაზე ესაუბრა.
„რუსეთს ძალიან უნდოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა და როგორც ყოველთვის, თავს გვაჩვენებდნენ, რომ ეს ასე არ იყო. ჩვენ მათი ფარული სურვილები გამოვიცანით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და ძალიან პრინციპული ქვეყანა. არის საკითხები, რომლებშიც ძალიან დამთმობები ვართ, მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით, დათმობა არ შეგვიძლია. საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ეს მათ გაიგეს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამავე უნივერსიტეტში ახალგაზრდა ლიდერების მოთხოვნით, მსგავსი ფორმატით შეხვედრები გაიმართა პრეზიდენტ როზა ოტუნბაევასთან და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან.