საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მეჩეთში შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი თანასწორია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველა თანაბრად ზრუნავდეს. მიხეილ სააკაშვილს, ქართველი მუსლიმების სახელით, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა და აღნიშნა, რომ ქართველი მუსლიმებიც ევროპული ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც აქტიურად შეაქვთ საკუთარი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ყურბან-ბაირამი საერთო ეროვნული დღესასწაულია, რადგან აქ მცხოვრები თითოეული მუსლიმი ქართველი ერის განუყოფელი ნაწილია.
„ჩემო ძმებო, უპირველესად, მინდა ყველასთვის მისაბაძი მაგალითი, უდიდესი ქართველი და მთავარი რეფორმატორი დავით აღმაშენებელი გავიხსენო, რომელსაც უკავშირდება ჩემი საპრეზიდენტო ფიცის დადების ადგილი და ჩემი მუდმივი ფიქრი. მან შექმნა უმთავრესი რამ - საქართველოში ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა რელიგიის, აღმსარებლობის წარმომადგენელი თანასწორი უფლებებით სარგებლობდა. დავით აღმაშენებელი დადიოდა მეჩეთებში და მუსლიმებთან ერთად ლოცულობდა, დადიოდა სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებში, სინაგოგაში... მან კარგად იცოდა, საქართველოს ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა თანაბრად უნდა სურდეს მისი ქვეყნის ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანს. თქვენ შემთხვევით არ ახსენეთ, რომ თუნდაც აგვისტოს ომში ჩვენი დამპყრობლის წინააღმდეგ ქართველ მუსლიმთა სისხლი დაიღვარა და ეს ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით ახალგაზრდობის დონეზე უკვე შესამჩნევი გახდა იმ განსხვავების არ არსებობა, რომელიც საქართველოს კუთხეებს შორის იყო... მე ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხვდები და ვამჩნევ, ეს განსხვავებები სადღაც გაქრა, აღარ არის კუთხური კარჩაკეტილობა, ფასეულობები ერთია, საუბრის მანერაც კი დაუახლოვდა ერთმანეთს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ის, რომ საქართველო დაყოფილი იყო ფეოდალურ კუთხეებად, სადაც ხალხი ფასდებოდა არა მათი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის მიხედვით, არამედ გვარიშვილობით, აღმსარებლობისა და ეთნიკური ჯგუფის კუთვნილებით, აღარ არსებობს და წარსულს ჩაბარდა.
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წარმომავლობა, კულტურა, გვაქვს მეორე და მესამე ენა, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოში პირველი ენა, თუნდაც პრაქტიკული მნიშვნელობით, არის ქართული. მთავარი, რაც ჩვენ გვაერთიანებს არის ის, რომ მზად ვართ ვიცხოვროთ და ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისთვის, გავზარდოთ შვილები და საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის თავიც გავწიროთ და სისხლიც დავღვაროთ. ეს დრომ მოიტანა და ჩვენ ყველანი ერთად მივხვდით, რომ ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გარეშე არ აშენდება. ჩვენი ქვეყანა ვერც წარმატებული იქნება და ვერც ფეხზე დადგება, თუ თითოეული ჩვენგანი ჩვენს აგურს არ დავდებთ ქვეყნის ამ დიდი აღმშენებლობის პროცესში. თბილისი დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ერთ პერიოდში ამდენად დიდი მშენებლობა გაჩაღებულიყო თბილისში, როგორიც ახლა მიმდინარეობს. არ ვიცი არის თუ არა ეს იმით განპირობებული, რომ თბილისის ისტორიაში პირველად გვყავს პირდაპირ არჩეული მერი, მაგრამ, ფაქტია - არასდროს, არც ერთ ეპოქაში თბილისში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ბოლო წლების განმავლობაში აშენდა. ასევე, არასდროს არ განვითარებულა ასე ერთდროულად და თანასწორად საქართველოს კუთხეები (ოკუპირებული რეგიონების გარდა), როგორც ეს ახლა ხდება. ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თუ ყველანი ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისა და ბოლომდე გაერთიანების დიდი ოცნება აუცილებლად აგვისრულდება.
მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილი. როდესაც ერის ერთი ნაწილი ზეიმობს, მთელი ერი ხარობს და ეს არის ჩვენი მთვარი პრინციპი. მინდა იცოდეთ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ არა მხოლოდ იმას, რომ დღეს თქვენ ერთგული და მშრომელი მოქალაქეები ხართ, არამედ იმას, რაც ბოლო წლებში, ათწლეულებში და ასწლეულებში თქვენ და თქვენმა წინაპრებმა გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ჩვენი მხრებით მოგვეტანა აქამდე და გადავრჩენილიყავით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა მიხეილ სააკაშვილს მეტი ძალა და გამბედაობა უსურვა ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანების საქმეში.
„ქართველი სუნიტებისა და შიიტების სახელით, მინდა მოგესალმოთ და დაგლოცოთ მართლაც ერის შვილი - ადამიანი, რომლმაც საქართველო მთელი მსოფლიო არენაზე გამოიტანეთ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართველი მუსლიმები თავისუფლად ცხოვრობენ და საქართველოში ჩვენც ევროპული ოჯახის წევრები ვართ. მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ქართველი მუსლიმებიც აქტიურად ვართ ჩართული და გვსურს საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წინსვლაში. მუხათგვერდის სასაფლაოზე ჩვენი მუსლიმი ბიჭებიც განისვენებენ... ქართული სისხლის დაღვრა ჩვენი სისხლის დაღვრას ნიშნავს. დიდი მადლობა იმისთვის, რომ პატივი დაგვდეთ და აქ მოსვლით გაახარეთ მთელი საქართველოს მუსლიმი მრევლი. ღმერთმა დაგლოცოთ, მოგცეთ უფრო მეტი ძალა და გამბედაობა საქართველოს გასამთლიანებლად და ქართველი მუსლიმები ყოველთვის თქვენთან ერთად გვიგულეთ“, - აღნიშნა მან.
საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიხეილ სააკაშვილთან ერთად თბილისის მერმა გიგი უგულავამაც მიულოცა. ყურბან ბაირამი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსულმანური დღესასწაულია, რომელიც სამი დღის განმავლობაში აღინიშნება.