Google+

სიახლეები

03.11.2011
მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთის მიერ დაწუნებულმა ღვინომ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე გრან-პრი აიღო".

საქართველოს პრეზიდენტმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართული ღვინის საერთაშორისო წარმატების თაობაზე დღეს ყვარლიდან ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა ჰონგკონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის შედეგების შესახებ, ონლაინ რეჟიმში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისგან მოისმინა. ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, კონკურსში მონაწილე 37 ქვეყნის 930 კომპანიის მიერ წარმოდგენილი 8 ათასზე მეტი ეგზემპლარიდან გრან-პრის მფლობელი ქართული კომპანიის  „ქინძმარაულის მარნის“ მუხის კასრში დაძველებული 2006 წლის „საფერავი“ გახდა. პრეზიდენტთან საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართული ღვინო აზიის მასშტაბით უფასო რეკლამით ისარგებლებს - ამ ღვინის შესახებ ექსპერტები ყველაზე ცნობილ გამოცემებში დაწერენ.  ქართულ ღვინო ამ კონკურსზე პირველად იყო წარმოდგენილი და აზიის ბაზარზე მას უკვე ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა.

„გრან-პრის მფლობელი ღვინის ქარხანა აქედან რამდენიმე კილომეტრშია. ჰონგკონგის ღვინის ბაზარი მთავარი ბაზარია მთელ ჩინეთში. ახლა ამ ბაზარს ეს ღვინო დაიპყრობს. წელს, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარის ღვინოს გავიტანთ ექსპორტზე. ვფიქრობ, კარგი მარკეტინგული კამპანიის პირობებში, მომავალ წელს 75 მილიონი დოლარის ღვინის გატანას შევძლებთ, შემდეგ წელს კი - 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას, მაშინ, როდესაც რუსეთის ემბარგოს წინა წელს, დაახლოებით, 50 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაგვქონდა. ღვინო, რომელმაც გრან-პრი აიღო, 2006 წელს, ანუ იმ წელს არის გამოშვებული, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინომ, რომელიც მათ დაიწუნეს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე აიღო გრან-პრი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

უმაღლესი ჯილდოები 16-მა ქართულმა სახეობამ დაიმსახურა, მათ შორის, ოქროს მედლები მოიპოვა „შატო მუხრანის“ მიერ წარმოებულმა „ჭაჭამ“ და „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავმა“; ვერცხლის მედალი მიიღო კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ „ცოლიკაურმა“; ხოლო დანარჩენი 13 სახეობა, რომელთაგან  ორი ცქრიალა ღვინო, სამი ბრენდი და რვა ღვინოა, ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.  

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონკურსზე საქართველოს 11 კომპანიის 37 სახეობის პროდუქციაა წარმოდგენილი.

ჰონგკონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი დღეს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)