Google+

სიახლეები

01.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებს მიმართა

მოგესალმებით ყველას. 

გილოცავთ სამხედრო ლიცეუმის დამთავრებას. 
ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენი სასწავლებლითა და ლიცეუმის 2012 წლის გამოშვებით. 
იმედია, თქვენც ამაყობთ იმით, რომ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები ხართ. 
თქვენ საუკეთესო განათლება მიიღეთ და მიხარია, რომ 78-დან 75 კურსდამთავრებულმა სწავლის გაგრძელება სამხედრო აკადემიაში გადაწყვიტა.  
არ არსებობს უფრო დიდი პატივი, ვიდრე ემსახურო საკუთარ ქვეყანას სამხედრო ფორმით. 
არ არსებობს უფრო მეტი დამსახურება, ვიდრე იბრძოლო შენი ქვეყნისთვის და მზად იყო თავიც გაწირო მისთვის. 
თავგანწირული გმირების გარეშე საქართველო დღეს არ იქნებოდა შემდგარი ქვეყანა და საერთოდ არ იარსებებდა. 
ძალიან ძველი ერები გადაშენებულა, მათ შორის, ისეთი ერები, რომლებსაც ქართველთა მსგავსად დიდი ისტორია ჰქონდათ - მათ ვერ შეძლეს საკუთარი თავის დაცვა და ადგილის დამკვიდრება მსოფლიო რუკაზე. 
საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ჯერაც ოკუპირებულია, მაგრამ, ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ყველა დამპყრობელი დროებითია, საქართველო კი - მარადიული. 
მარდიული საქართველოს იდეას სჭირდება დაცვა და ეს ყველა თაობის საქმეა.
ის, რასაც თქვენ ემსახურებით, არის ჩვენი სამშობლოს გადარჩენა, გამაგრება და გაძლიერება, ჩვენი სამშობლოს ქცევა მისაბაძ მაგალითად მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის - ამ რეგიონის უმეტესი ქვეყნებისთვის. ეს უკვე ასეცაა და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. 
მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს პედაგოგებს, ლექტორებს, ოფიცრებს, იმ ხალხს, ვინც გამზადებდათ.
ვიცი, რომ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად, ძალიან კარგი ფიზიკური მომზადებაც გაიარეთ. 
ამ სასწავლებლის აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო მისი გაქუმება თავის დროს -  ძალიან ცუდი იდეა. 
აქ საუკეთესო ხალხი ამიტომ შევკრიბეთ - ვიცი, რომ კონკურსი ბევრად დიდი იყო, ვიდრე მიღება შეგვიძლია. 
განსაკუთრებით, ამ ბოლო 2–3 წლის განმავლობაში, თავდაცვის სფეროში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. 
იმის გამო, რომ ტელევიზიით ამას არ ვაჩვენებთ, შესაძლოა, ბევრმა არც იცის ამის შესახებ. ადრე სულ ვაჩვენებდით თავდაცვას, ჯარს, მაგრამ, დავაკვირდი, რომ ის, რაც ტელევიზიით ხშირად გადის, ისეთი ეფექტიანი არ აღმოჩნდება-ხოლმე, ვიდრე ის, რაც ჩუმად, წყნარად, აუღელვებლად, მაგრამ საქმის დიდი ცოდნითა და თავდადებით კეთდება. 
მას შემდეგ, რაც ბაჩო მინისტრად დაინიშნა, ჩვენ მოვახერხეთ, თავდაცვის ახალი აკადემიის შექმნა და კადეტთა კორპუსის სწორად ჩამოყალიბება. 
თავდაცვის აკადემია დღეს ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო სამხედრო სასწავლებელია,  ყოველ შემთხვევაში, ევროპის ჩვენს ნაწილში. 
აკადემიაში ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოვიყვანეთ და ძალიან ბევრი საუკეთესო ოფიცერი და ინსტურქტორი გვყავს. 
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თავდაცვის აკადემიით და თუ ბევრ თქვენგანს გაუღიმებს ბედი და ჩააბარებთ, დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ეს იქნება წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება, მით უმეტეს, რომ უკვე საკმაოდ მაღალი ხარისხის განათლება მიიღეთ აქ, ამ სასწავლებელში. 
თავდაცვის სფეროში, სწავლებასთან ერთად, ბაჩოს ხელმძღვანელობით და ყველა ჩვენგანის ხელშეწყობით, შევქმენით ახალი ქართული სამხედრო ინდუსტრია. 
ამას წინათ, მსოფლიოს წამყვანმა ტელეკომპანიამ CNN-მა საქართველოს თავდაცვის ინდუსტრიაზე სიუჯეტიც გააკეთა და ჟურნალისტი გაკვირვებული და აღფრთოვანებული იყო ნანახით. 
საქართველოს მსგავს რამდენ ქვეყანას აქვს მსოფლიოში თავდაცვის საკუთრი ინდუსტრია? –შვედეთს, სინგაპურს,  ისრაელს, საქართველოს... სხვა არც ერთი სახელმწიფო არ მახსენდება, რომელმაც ნულიდან შეექმნა და განავითარა სამხედრო ინდუსტრია. 
ჩვენ აღმოვჩნდით ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიგში და ეს დასაწყისის მხოლოდ დასაწყისია. 
უახლოეს წლებში მკვეთრად გაძლიერდება ჩვენი აღჭურვაც და მომზადების დონეც. 
ჩვენ ვერასდროს ვერ გვექნება დიდი არმია, მაგრამ, ამავე დროს, გვეყოლება 100-მდე ათასი რეზერვისტი. თითოეული მათგანი მზად იქნება დაიცვას საკუთრი სოფელი, ქუჩა, მიკრორაიონი, კორპუსი, სამეზობლო... და ღმერთმა არ ქმნას, მაგრამ თუ დაგვჭირდა, იარაღით ხელში დაიცვას საკუთარი ქვეყანა. 
ბოლო წლების განმავლობაში, ასევე, ძალიან კარგი საინჟინრო ნაგებობები ავაშენეთ. 
ჩვენ ამით არ ვტრაბახობთ , რადგან ეს ჩვენი ფუნქციაა, მაგრამ გენერალური შტაბი, თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსა და ჩვენი საწარმოო სიმძლავრეების ხელმძღვანელობა - ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა ყოველივე ეს განვითარდეს და დასახულ მიზანს მივაღწიოთ. 
ეს სასწავლებელი არის  ქუთაისში და ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებს, განსაკუთრებით, ჩვენს დამპყრობელს, მასთან ერთად კი, მის ფეხქვეშ გაგებულ უთავმოყვარეო ქართველებს.
მათ ძალიან აღიზიანებთ იდეა, რომ ქუთაისი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სოციალური ცენტრი. 
საქართველოს სჭირდება რამდენიმე ცენტრი, თავად საქართველო კი უნდა იყოს მთელი რეგიონის ცენტრი. 
თბილისი არასდროს არ განვითარებულა ასეთი ტემპით, მე არასდროს არ მიამაყია ასე ჩემი თბილისელობით, როგორც ვამაყობ დღეს.
ქუთაისელებმაც ზუსტად ასევე უნდა იამაყოს თავიანთი ქუთაისელობით და ჩვენც, საქართველოს დანარჩენმა მოსახლეობამაც უნდა ვიამაყოთ ქუთაისით. 
ქუთაისში პარლამენტის გადმოტანას უკვე ვერაფერი აღუდგება წინ და დარწმუნებული ვარ, ამ იდეას საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოოდ შეესხმება ხორცი - პარლამენტის პირველივე სხდომა შეიკრიბება აქ. 
ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, საქართველოში ეს ძალზე პოპულარული იდეაა და ჩვენ ხალხს ყველაფერი სწორად ესმის. 
სხვა სამთავრობო უწყებების გადატანა... ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა, გორში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადატანა, რაც მთავარია, დასაქმების ცენტრების შექმნა, ეკონომიკური განვითარების ცენტრების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის  არის ახალი შესაძლებლობა და ის, რაზეც დგას ახალი საქართველო.
ეს არის იმედის მომცემი სტიმული ჩვენი ხალხისთვის და აღტაცების სერიოზული ობიექტი ბევრი უცხოელისთვის, ჩვენს გარშემო მყოფი ქვეყნებისა და ხალხებისთვის. 
იმისთვის, რომ ეს დიდი ქართული აღმშენებელობა არ შეფერხდეს და შეჩერდეს, ვერავინ შეძლოს მისი ხელყოფა ან დანგრევა, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადმაიანების გაერთიანება, ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები და, უპირველეს ყოვლისა, ძლიერი შეიარაღებული ძალები. 
საქართველოს შიარაღებული ძალები არის ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო სტრუტურა - საქართველოში არაფერია არმიაზე უფრო ავტორიტეტული.  
ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხმა დააფასა ჩვენი ოფიცრებისა და ჯარისკაცების თავგანწირვა.
მათ საკუთრი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 
ხალხი აფასებს ამას და როდესაც არმიის შევსება გვჭირდება, ჩვენ უპრობლემოდ ვიღებთ ახალ ჯარისკაცებს. 
ჩვენ გვყავს მებრძოლი არმია - ვმონაწილეობთ ავღანეთის ოპერაციაში და ვისაც შეკითხვა უჩნდება ამასთან დაკავშირებით, უნდა ესმოდეს, რომ თუ გვსურს გვქონდეს ქვეყანა, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ჯარი; ხოლო თუ გვსურს ძლიერი ჯარი, უნდა ვიყოთ მოქმედ ფრონტზე.
ჩვენს ხალხს ეს ესმის და ძალიან კარგად იცის.  
საქართველოს მთლიანად დაპყრობისა და დამონების მსურველს არ სძინავს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მობილიზება და აღმშენებლობის გაგრძელება იმ დარგებში, რომლებშიც აქამდე მიმდინარეობდა. 
გილოცავთ ბიჭებო! ვულოცავ თქვენს მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, რომ ასეთი მაგარი ბიჭები გაგზარდეს და ჰყავხართ. 
გისურვებთ, რომ, უპირველესად, საკუთრი თავი გესახელებინოთ, თქვენი ოჯახი და, რა თქმა უნდა, სამშობლო!
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)