სიახლეები
12.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ფილების დამამზადებელი საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში დღეს ფილების დამამზადებელი ახალი საწარმო „ლეგი“ დაათვალიერა, რომელიც ბეტონის ფილებს აწარმოებს როგორც გზის სავალი ნაწილის, ისე ტროტუარების მოსაპირკეთებლად. მიხეილ სააკაშვილი ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და აღნიშნა, რომ თუ ადრე ალტერნატივა თურქული და ირანული ფილები იყო, ახლა ამ პროდუქციამ არა მარტო ადგილობრივი ბაზარი უნდა აითვისოს, არამედ ექსპორტზეც უნდა გავიდეს.
„მთელი ლისაბონი, სადაც ლევან ვარშლომიძესთან ერთად ვიყავი, ასეთი ფილებით არის გაკეთებული. მაშინ ვთქვით, რომ ბათუმი - ჭაობის, ბენზეს უბნები ამით მოგვეპირკეთებინა. ამ ფილებით უნდა გავაკეთოთ ქობულეთი, ოზურგეთი... ფოთშიც გვჭირდება - ახალ ბულვარს ვაკეთებთ და კახეთშიც გვინდა. მაგალითად, ზუგდიდში უკვე თურქთიდან შეიტანეს, რადგან ეს ქარხანა ჯერ არ იყო ამოქმედებული. ამას გარდა, ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სეზონის გარდა, რეალურად, ხალხის დასაქმების საშუალება გაჩნდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ადგილზე ნაწარმოები ფილები უნიკალურია იმითაც, რომ ტროტუარზე გავლა უსინათლოებს დამოუკიდებლად შეეძლებათ.
საწარმო უკრაინული ინვესტიციით აშენდა, რისთვისაც 5 მილიონი ევრო დაიხარჯა. ქარხნის მესვეურები სამომავლოდ უფრო ძლიერი წარმადობის ხაზის გახსნას გეგმავს, რისთვისაც, დამატებით, 5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. ამჟამად, ახლადგახსნილ საწარმოში 55-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, ახალი ხაზის ამომედების შემდეგ კი, დამატებით, კიდევ 55 სამუშაო ადგილი გაჩნდება.