Google+

სიახლეები

12.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენი დიდგორი ჯერ კიდევ წინ არის! 

მოგესალმებით ყველას!

ნახეთ, რამდენი ვართ ამ ველზე!

დღეს ისევე ბევრი ვართ აქ, როგორც ისტორიულად სრულიად საქართველოს ლაშქარი იყო მაშინ, ისეთივე მედგარი, ისეთივე ერთიანი, ისეთივე შეუპოვარი, მოწოდებული ისეთივე წინსვლისთვის და არავითარ შემთხვევაში უკან დახევისთვის.

ბევრ თქვენგანს ქუდზე 5-ანი აწერია და დიდგორი ჩემთვის განასახიერებს 5 მთავარ პრინციპს, რომელიც როგორც არასდროს, დღესაც აქტუალურია საქართველოსთვის.

პირველი პრინციპი - ეს არის ჩვენი ერთიანობა. დავით აღმაშენებელმა ჩაიბარა ქვეყანა, რომელსაც სახელიც კი არ ჰქონდა. საქართველო იყო დაშლილი ბევრ სხვადასხვა ერთეულად. დავით აღმაშენებლის დროს სიტყვა „ქართველი“ ნიშნავდა საქართველოს თითოეულ მკვიდრს განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა. მან ერთ მუშტად შეადუღაბა ეს ქვეყანა და ამიტომ იყო ის წარმატებული. ერთიანობა საფრთხის წინაშე, ერთიანობა გამოწვევების წინაშე, ერთიანობა თანამედროვე მსოფლიოში ამ პატარა, მაგრამ ძალიან დიდი ერის ერთ-ერთი მთავარი რამ არის, რასაც გვასწავლის დავითი და დიდგორი. ამ ხუთეულიდან ამიტომ არის ერთიანობა პირველი პრინციპი.

დავითის მეორე პრინციპი არის თავისუფლებისმოყვარეობა და შეუპოვრობა. ძალიან ბევრი ერი გაქრა დედამიწის ზურგიდან იმის გამო, რომ ყოყმანობდნენ, იმის გამო, რომ არ იცოდნენ რა სურდათ. ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებს მტერი.

დღეს ჩვენი მტერი გაურკვევლობისკენ მოგვიწოდებს. ჩვენი მტრის დამქაშები საქართველოში და ის ხალხი, ვინც აყოლილია მათი ფეხის სვლას, მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ 2008 წლის ომში მტყუან-მართალის გარჩევის, საქართველოს გზის არჩევის (გვინდა თუ არა ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა) თვალსაზრისით, გაურკვევლობა დათესოს. მინდა ყველას შევახსენო, რომ აქ, ამ ველზე, ჩვენთან იდგა მაშინდელი ნატო - ჯვაროსნული ლაშქარი, რომელიც ჩვენთან ერთად იცავდა საქართველოს თავისუფლებას ამ ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ.

ამგვარად, შეუპოვრობა და მიზნის ზუსტი ხედვა, არც ერთი წამით უკანსვლა თავისუფლების იდეისგან - აი, ამ იდეის განხორციელებისკენ მოგვიწოდებდნენ ჩვენი მოწინარეები. სწორედ ეს არის დიდგორისა და ამ ხუთეულის მეორე უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელსაც ჩვენ ყველანი დავიცავთ.

დიდგორისა და დავით აღმაშენებლის მესამე პრინციპი, ჩემო ძვირფასებო, ეს არის აღმშენებლობა, აღმშენებლობა და კიდევ მეტი აღმშენებლობა. 2008 წელს ჩვენ დაგვესხა მტერი თავს არა იმის გამო, რომ რომელიმე ჩვენგანის ნათქვამი არ მოსწონდა, არამედ, მთავარი, რაც მას არ მოეწონა იყო ის, რომ, კავკასიაში, პირველად, ასწლეულების განმავლობაში,  საქართველომ შეძლო თანამედროვე ნამდვილი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, ორგანიზებული სახელმწიფო აპარატის აწყობა და ეს ჩვენი მტრისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი პრობლემა გახდა.

ის შეჩვეულია, რომ ამ სივრცეზე ხალხებს მართავს არა იმდენად ძალით, არამედ იმით, რომ აპირისპირებს ერთმანეთს, ერთ ჯგუფს მეორეს გადაკიდებს, ერთ ხალხს მეორეს მიუქსევს და  თვითონ ყოველთვის რჩება გამარჯვებული.

„დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, ის ყოველთვის მართავდა მთელ ამ დიდ სივრცეს, მათ შორის, კავკასიას. „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით შემოიყვანეს მათ ჩრდილო კავკასიელები 90-იან წლებში აფხაზეთში; ამ პრინციპით აგვირიეს მათ ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაგრამ ყოველივე ამის შემდეგაც კი, საქართველომ შეძლო თანამედროვე სახელმწიფო აპარატის აწყობა, რომელსაც შენატრის დღეს მთელი რეგიონი, მათ შორის, ჩვენი დამპყრობლის მოსახლეობა. მსოფლიოში ეს უკვე ცნობილია.

სწორედ ამიტომ შემოიჭრნენ ისინი აქ და მათი აგრესია იყო პასუხი ჩვენ აღმშენებლობაზე. ჩვენი პასუხი კი მათ აგრესიაზე იქნება ძალიან დიდი აღმშენებლობა, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა ჩვენს ისტორიაში.

მეგობრებო, რამდენიც არ უნდა გვიკიჟინონ, ფაქტი სახეზეა - საქართველოში არასდროს არ აშენებულა იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვარდების რევოლუციის შემდეგ.

დავით აღმაშენებლის შემდეგ, საქართველოში არასდროს ყოფილა ისეთი აღმშენებლობა, როგორც ჩვენს ეპოქაში.

მეოთხე უმნიშვნელოვანესი პრინციპი - ეს არის რეფორმები. ამ რეფორმებს უნდა მივყვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მეხუთე პრინციპი - ეს არის გამარჯვება ნებისმიერ ფასად! რამდენი ლიპარიტ ბაღვაშიც არ უნდა გამოგვიგზავნონ, იმდენი დავითი დაიბადება! რამდენი შულავერის კომიტეტიც არ უნდა გამოიგონონ, იმდენი ახალი დიდგორი შეიქმნება.

ჩვენი დიდგორი ჯერ კიდევ წინ არის!

ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე, აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავაერთიანებთ საქართველოს და აუცილებლად გვექნება ბედნიერი მომავალი! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)