Google+

სიახლეები

25.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება წარჩინებულ სტუდენტებს მიულოცა 

მოგესალმებით ყველას.

თქვენ ხართ 150 საუკეთესო აბიტურიენტი საქართველოს მასშტაბით - ახალი საქართველოს წამყვანი თაობა სწავლის თვალსაზრისით.

თქვენ ხართ ის თაობა, რომლისთვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვაშენებდით, ვქმნიდით, ვქმნით და კვლავაც გავაგრძელებთ შექმნას.

საქართველოს ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიამაყე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კაპმუსი მას ასევე ექნება თბილისში.

თქვენ იცით, რომ ჩვენ იმ ეპოქაში ვართ, როდესაც საქართველოში ძალიან ბევრი რამ იცვლება.

ეს ქალაქი არის ამ ცვლილების სიმბოლო.

თქვენც ხედავთ როგორი ლამაზია მისი წინა მხარე, მაგრამ უკანა მხარეს, თუ კი ვინმემ ნახეთ, ჯერ კიდევ ძალიან დიდი სიღარიბეა და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს.

ჩემთვის გაჭირვების გადალახვის ყველაზე სწორი, სწრაფი და სამართლიანი მეთოდი არის შრომა და, უპირველესად, ძალიან ბევრი სწავლა.

მე ასე მზრდიდნენ მშობლები, ასე ვზრდი ჩემს შვილებსაც.

თუ ჩვენ ყველა მხოლოდ საკუთარი ოჯახებისა და ჩვენი შვილების გადარჩენისთვის ვიზრუნებთ, განსაკუთრებით, ის ხალხი, ვინც ახლა მთავრობაშია, მაშინ საქართველოს ვინღა გადაარჩენს?

თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ გამოცდებზე ზოგიერთებს გარკვეული შიში ჰქონდა. ეროვნული გამოცდების წინ აღმოჩნდა, რომ თანამდებობა დატოვა არა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების კომისიის უფროსი, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი. ყველას ეგონა, რომ  გამოცდები ჩაიშლებოდა, მაგრამ შეცდნენ.

უპირველესად, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სისტემა ჩემი შექმნილია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა ბევრს დაუტოვებია და ახლები გვიპოვია, არაფერი დაშავებულა. თანაც მჯობნის მჯობნი არ დაილევა.

ყოველთვის შესაძლებელია უკეთესი პრეზიდენტის პობნაც და მითუმეტეს არ გავიჭირდება უკეთესი საგამოცდო კომისიის შემადგენლობის პოვნა.

წელს ძალიან ბევრმა თქვენგანმა შეიტანა საბუთები ტექნიკურ დარგებზე, მაგრამ,  ტრადიციულად, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქვეყანაში კონკურსი იყო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე; თუმცა ყველაზე დიდი კონკურსი იყო სამხედრო ავიაციისა და სამხედრო საინჟინრო დარგებზე.

4 წლის წინათ ბევრმა ქვეყანამ გამოგვიცხადა სამხედრო ემბარგო, ზოგს კი, უბრალოდ, ეშინოდა იარაღის მოცემა.

ჩვენ შევკრიბეთ ქართველი ინჟინრები, მათ შორის, მთელი მსოფლიოდან, ჩამოვიყვანეთ რამდენიმე უცხოელი კონსულტანტი და შევქმენით ქართული საბრძოლო ტექნიკა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს არ არის ქართული და მულიაჯია, არადა არ არის.

ამას უკვე უცხოელები ყიდულობენ, ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვს. და ყველას მოსწონს, ე.ი შეგვძლებია.

ჩვენ ყველა სფეროში, მათ შორის, ამ მიმართულებითაც უნდა გავაძლიეროთ მუშაობა. სწორედ ამისკენ მოგიწოდებთ თქვენც - მიისწრაფოდეთ ახლის გამოგონებისკენ. თქვენ უნდა შექმნათ რაღაც ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში არ არის.

ფეისბუქზე ხშირად მწერენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს: დაამატეთ ადგილები, თუ გინდათ, რომ არჩევნებში ხმა მოგცეთო.

თქვენ გეცინებათ და 1991 წელს, როდესაც გამსახურდიას მთავრობა მოდიოდა, სამედიცინო  ინსტიტუტი მაშინ ყველაზე პრესტიჟული იყო და ყველა აბიტურიენტი, მათ შორის, არაფრის მცოდნე, ამ ინსიტუტში შეყარეს, რათა ამომრჩევლები არ ყოფილივნენ უკმაყოფილო. ახლაც ჰგონიათ, რომ ის დროა, როდესაც არჩევნებზე იყიდებოდა სამართლიანი სისტემა.

2008 წელს რუსები გვეომებოდნენ და ერთი კომპრომისი არ გაგვიკეთებია - ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც სწორია.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ყველა უნდა ჩავაბარდეთ პატრონს, ჩვენი პატრონი აქედან ჩრდილოეთითაა და მათ უკეთესად იციან ჩვენი ბედი.

ის ქვეყანა ახლა ჩვენ შემოგვყურებს გაფაციცებით და გაოგნებულია საქართველოს პროგრესით. მას იმდენი ნავთობი და გაზი აქვს, რომ ჩვენ არც დაგვესიზმრება, მაგრამ ვერაფერს ასეთს ვერ ქმნის იმის გამო, რომ უსამართლო სისტემა აქვთ.

რამდენჯერ სცადეს ჩვენი განათლების რეფორმის გადაღება, რამდენჯერ სცადეს ჩვენი გამოცდების სისტემის გადაღება, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ, რადგან სამართლიანობა არის პირველი კრიტერიუმი უკეთესი ცხოვრებისკენ.

სამართლიანობის პირობეში ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა იპოვის საკუთარ გზას, სამართლიანობის პირობეში ჩვენ აუცილებლად შევქმნით ახალ პროდუქციას, აუცილებლად ავაშენებთ ახალ უნივერსიტეტებს, აუცილებლად ჩამოვაყალიბებთ არა მხოლოდ ახალ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ აუცილებლად შევძლებთ სრულიად ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში. სამართლიანობის პირობეში ცხოვრების გაუმჯობესებას როგორც ქალაქად, ისე სოფლად.

განათლების ეს რეფორმა - უნივერსტიტეტში ჩაბარება კორუფციის გარეშე, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომლითაც მე, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ვამაყობთ და ვიწონებთ თავს.

ახლა მთავარია, რომ საქართველო ვერასოდეს ვერავინ ვეღარ მიაბრუნოს წარსულში. ამას  ვერავინ ვეღარ შეძლებს!

შესაძლოა, თქვენ არ გახსოვდეთ, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორი იყო ეს სისტემა.

ზოგიერთები არაფრად მიიჩნევენ იმას, რომ კორუფცია აღარ არის, ქუჩებში კრიმინალი აღარ არის...

მაშინ, როდესაც მე ვიყავი აბიტურიენტი, საქართველოში უსამართლობის გამო ვერ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში და სასწავლებლად უკრაინაში წავედი.

როდესაც პრეზიდენტი ვხდებოდი, იმ პერიოდში თბილისში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება 15 ათასი დოლარი ღირდა. ეს იმ ხალხის დროს ხდებოდა, რომელიც ახლა უკან მოიწევს მთავრობაში.

სამედიცინო უნვიერსიტეტში მოხვედრა 12 ათასი დოლარი ღირდა...

ხალხი, რომელიც ამას აკეთებდა სახელებიც აქვთ და გვარებიც. თითოეული მათგანი მივა არჩევნებზე... მთავარია, საზოგადოება მიხვდეს, რომ საქართველოში მათი დრო აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს.

აქ აგიტაციას ნამდვილად არ ვეწევი, რადგან ყველამ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. თქვენს უმეტესობას არც აქვს ხმის მიცემის უფლება, მაგრამ აღარასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთ სისტემა, რომელიც თქვენნაირ ნიჭიერ, ლამაზ, საინტერესო და განსაკუთრებულ ახალგაზრდებს გზას უკეტავდა წარმატებისკენ.

აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს არის ძალიან კონკრეტული რამ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ.

ჩემო მეგობრებო, მოკლედ მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მინდა გისურვოთ წარმატება და ახალი მწევალების დაპყრობა.

ეს თქვენთვის დასაწყისის დასაწყისია.

ზედმეტად დაჯერებული ნუ იქნებით, წინ ჯერ კიდევ მძიმე ცხოვრება გელით - დღე და ღამე უნდა ისწავლოთ, ღამეები უნდა ათენოთ, ერთმანეთს შეეჯიბროთ და ძალიან დიდი დაწარმატებული კარიერა უნდა გაიკეთოთ.

შეგნატრით, რომ ცხოვრებას ასე იწყებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენ იქნებით საუკეთესო ქვეყნის ძალიან ღირსეული მოქალაქეები.

ასევე, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს მიაღწევთ ცხოვრებაში.

იმ დროისთვის, როცა თქვენ დაამთავრებთ თუნდაც ბაკალავრიატს, ეს უნივერსიტეტი იქნება საუკეთესო, ეს ქალაქი - ბოლომდე აშენებული, ხოლო საქართველო - ბევრად უფრო წინ წასული, ვიდრე არის დღეს.

ჩენი ყველაზე დიდი დაზღვევა იმისა, რომ საქართველოში უბედურება აღარასდროს არ დატრიალდეს, არა მთავრობა, არა, მით უმეტეს, ჩემი პიროვნება, არა კონკრეტული საერთაშორისო ფაქტორები, არამედ ხართ თქვენ, ახალი თაობები - ჩვენი სიმტკიცის მარაგი.

ძალიან საინტერესო ხალხი მოდის და ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ მომავალი ესტაფეტა გადმოგეცემათ თქვენ.

ჩვენი ამოცანაა, რომ ძალაუფლება აღარ დაბრულდეს მათ ხელში, ვინც 15-25 ათასებს იღებდა ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში მოწყობაზე, ვინც საქართველო გაჩანაგებამდე მიიყვანა - ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება გადმოგცეთ თქვენ, ვინც ნამდვილად აღარასდროს დათმობს თავისუფლებას, ბევრად უფრო ნიჭიერი და მშრომელია, ბევრად უფრო პერსპექტიულია და ნამდვილად შექმნის საქართველოსთვის გრძელვადიანი, უდიდესი განვითარების პერპექტივას თითოეული ჩვენგანისთვის.

ეს არის ის, რისი თქმაც თვენთვის მსურდა, ჩემო მეგობრებო. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)