Google+

სიახლეები

23.08.2012
მიხეილ სააკაშვილი: "სამტრედიელობა სულისა და გონების მდგომარეობაა და არა გეოგრაფიული კუთვნილება"

მოგესალმებით ყველას ამ მზიან დღეს, ამ მზიან ადგილზე - საქართველოს განსაკუთრებულ ქალაქში.

მოგესალმებით სამტრედიელებს -დღეს აქ მთელი სამტრედია არის წარმოდგენილი.

ამ რაიონში არ არსებობს სოფელი, სადაც მე არ ვყოფილვარ, რადგან აქ მხოლოდ არჩევნების დროს არ მოვდივარ ხოლმე.

აქედან არის ძალიან ბევრი და ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელით მოღვაწეობს მსოფლიოში.

სამტრედიელები ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ.

ახლა შემოგვხედოს ნებისმიერმა როგორი მაგრები ვართ, რამდენი ვართ, როგორი  ძლიერი, ერთიანი და განსაკუთრებულები ვართ.

ვიცი, რომ ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს სამტრედიაში, მაგრამ მე მინდა მყარი გარანტია მოგცეთ და დაგპირდეთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული!

მერაბ ჯანელიძემ კარგად იცის ეს თემა და, რა თქმა უნდა, აუცილებლად შესრულდება.

მერაბი არის ერთ-ერთი ყველაზე ძიერი და ნიჭიერი ექიმი საქართველოში.

ასევე გპირდებით დასაქმებას! ჯიხაისში არის ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმი, რომელიც ხვალიდან გადაკეთდება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ტექნიკური მომზადებისა და გადამზადების კოლეჯად. სამტრედიას ექნება საუკეთესო კოლეჯი საქართველოს მასშტაბით.

ვიცი, რომ ბევრ სოფელში ჯერ კიდევ არ შემოსულა ბუნებრივი გაზი. ჩემს დაპირებებს, მე ყოველთვის ვასრულებ და ახლაც გაძლევთ სიტყვას თითეულ თქვენგანს, თითოეულ იმ სოფლის მცხოვრებს, სადაც არაერთხელ ვყოფილვარ - ყველა სამტრედიელის ოჯხში აინთება ბუნებრივი გაზი, უკლებლივ ყველა სოფელში შემოვა ბუნებრივი აირი და ყველას ექნება მისი სარგებლობის საშუალება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ყველა ოჯახი მიიღებს 1000 ლარიან ვაუჩერს, რათა არავის აღარ ჰქონდეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადის პრობლემა.

ზოგიერთი ამბობდა, რომ არ ასრულებენ დაპირებებს და ვერც 100 საავადმყოფოს პროგრამას გააკეთებენო, მაგრამ გავაკეთეთ!

იმასაც ამბობდნენ,  ვერც დაზღვევის პროგრამის ამოქმედებას შევძლებდით, მაგრამ ვაკეთებთ!

ყველა სოფელში მივალთ საუკეთესო გზით!

ვიცი, რომ არის სოფლები, სადაც ჯერ გზები არ დაგებულა, მაგრამ მე გაძლევთ სიტყვას - ყველა სოფელს ექნება კარგი გზა; ყველა სოფელში იქნება ტრაქტორი; ყველგან, სადაც ჯერ კიდევ არ არის ბუნებრივი გაზი, გავიყვანთ და ყველა სოფელი განათდება ისე, როგორც სამტრედია განათდება უახლოეს დღეებში!

ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის. ეს არის რეფერენდუმი იმის თაობაზე თუ რას მივაღწიეთ ჩვენ ბოლო 8 წლის განმავლობაში.

აქ ჩემი ან მერაბ ჯანელიძის ბედი კი არ წყდება, არამედ წყდება სრულიად საქართველოს, ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების, თითოეული ჩვენგანის ბედი.

მე აქ დავდიოდი 8-9-10 წლის წინათ - ჩაბნელებულ საქართველოში და ძალიან კარგად მახსოვს როგორ დათარეშობდნენ კრიმინალები; ძალიან კარგად მახსოვს როგორი კორუფცია სუფევდა, როგორ გვახვევდნენ თავს საკუთარ ინტერესებს კორუმპირებული ელემენტები...

დღეს ამ მზიან, განსაკუთრებულ ქალაქში, რომლის წინაშე დღევანდელი დღის შემდეგ  განსაკუთრებულ ვალში ვიქნები, მსურს მთელი საქართველოს გასაგონად განვაცხადო: თუკი საქართველო დღეს უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე 8 წლის წინათ იყო, მაშინ ჩვენ არ გვაქვს უკან დაბრუნების უფლება! ჩვენი გზა, ჩვენი მარშრუტი არის მხოლოდ წინსვლა, აღმასვლა და განვითარება.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უახლოეს კვირებში იხსნება ქუთაისის აეროპორტი, რომელიც მოემსახურება როგორც სამტრედიას, ისე მთელ რეგიონს.

სამტრედია ყოველთვის იყო სარკინიგზო ცენტრი და ამიტომ, ჩემი დავალებით, უახლოესი კვირების განმავლობაში აღვადგენთ რკინიგზის სამმართველოს. ამას გარდა, ეს უნდა იყოს საავიაციო მიმოსვლის ცენტრიც, რადგან ამ აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება რეისები ბრიუსელში, ფრანკფურტში, სტამბულში, მოსკოვში, კიევში...

სამტრედიამ და გარშემო არსებულმა ყველა რაიონმა  უნდა დაიბრუნოს ის ცენტრალური ფუნქცია, რომელიც ყოველთვის ჰქონდა.

დღეს კი ჩვენი მოწინააღმდეგე მოსულია აქ და თესავს გაურკვევლობას - გვეუბნება, რომ მნიშვნელობა არ აქვს ევროპასთან ვიქნებით, რუსეთთან თუ ამერიკასთან.

ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც საქართველო დაცული იქნება, სადაც საქართველოს ერთიანობას ეჭვქვეშ არავინ დააყენებს.

ის, ვინც ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, მისთვის, ალბათ, სულ ერთია ვის კარებში გაიტანენ გოლს, საკუთარი გუნდის თუ მოწინააღმდეგის.

აი, ეს არის ეს ლოგიკა.

საკუთარ კარში გოლების გამტანთა ბრიგადა, რაც არ უნდა დიდი იყოს ის, ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს.

თუკი ამბობ, რომ რუსეთთან ჩვენ ვართ დამნაშავე, თურმე, ჩვენ დავიწყეთ ომი, ჩვენი ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მაშინ ცდილობ, რომ გოლი საკუთარ კარში გაიტანო;

თუ შენ ცდილობ, რომ ყველაფერში, რაც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში დაატყდა თავს - ენერგეტიკული თუ ეკონომიკური ემბარგო და დაბომბვები, ე.ი. ცდილობ, რომ საკუთრ კარში გაიტანო გოლი;

დაგვბობმბეს, გადაგვიარეს, ასობით ჩვენი ბავშვი, ქალი, მოხუცი დახოცეს და ცდილობენ მოიყვანონ ხალხი, რომელმაც საქართველოს უჩივლა იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე, ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული რუსეთის წინააღმდეგ! ამაზე დიდი გოლი საკუთარ კარში რა უნდა იყოს?

ამიტომ მინდა გითხრათ - ვიდრე ჩვენ კარს მერაბ ჯანელიძის მსგავსი „მეკარეები“ იცავენ, გოლს ვერავინ გაგვიტანს, მათ შორის, საკუთარი მოთამაშეებიც!

რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს ჯერ ძალიან უჭირს. როდესაც ბათუმის განვითარება დავიწყეთ, ქუთაისელებს ეგონათ, რომ მათთან არ მივიდოდით; როდესაც ქუთაისს მივადექით, კახელებს გაუჩნდათ პრეტენზია; პრეტენზია აქვთ სამტრედიელებსაც და სამართლიანად.

მინდა გითხრათ, რომ ახლა კახეთიც ვითარდება და სხვა რეგიონებიც. ნახეთ, როგორ გაკეთდა ახალციხე, სიღნაღი, მესტია, ბათუმი, ანაკლია, ახლა თელავიც ვითარდება და უკვე ლაზიკასაც ვიწყებთ.

ეს არის საქართველოს განვითარების ვექტორები, მაგრამ არასდროს დამვიწყებია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური პუნქტი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ჩვენი სამტრედია.

აქედან გამომდინარე, ეს განვითარება უნდა შევიდეს საქართველოს თითოეულ ოჯახში.

რა აზრი აქვს ტელევიზორით ბათუმის ყურებას, თუ საშუალებ არ გვექნება წავიდეთ და დავისვენოთ ჩვენს სასტუმროებში? რა აზრი აქვს იმის ცოდნას, რომ ახალქალაქს ვაშენებეთ, თუ ჩვენი ქალაქი არ განვითარდა?

ყველაფერი ერთმანეთის არის კავშირში და ეს არის კუნძულებისგან შემდგრი საერთო ქართული წარმატების ერთი დიდი კონტინენტი.

მე აქ იმისთვისაც მოვედი, რომ თქვენი მაჟორიტარი კანდიდატი წარმოგიდგინოთ, თუმცა  მერაბ ჯანელიძეს წარდგენა არ სჭირდება.

დღეს ამ მოედანზე, დაახლოებით, 12 ათასი კაცია შეკრებილი - ეს არის აბსოლუტური რეკორდი სამტრედიისთვის (აქ ძალიან ბევრჯერ ვარ აქციებზე ნამყოფი და ჩემი გამოცდილებით ვამბობ).

ახლა განსაკუთრებული  მომენტია და  განსაკუთრებულად მიუდექით მთელი საქართველოს დასანახად.

ჩვენ დეპუტატობის კანდიდატს მერაბ ჯანელიძეს იმაზე მეტი პაციენტი ჰყავს განკურნებული, ვიდრე დღეს აქ არის შეკრებილი.

ყველაზე თანამედროვე ქართული ტექნოლოგია, ღეროვანი უჯრედების გადანერგვას უკავშირდება და მე აღფრთოვანებული ვარ, რადგან მსგავსი ტექნოლოგია ამერიკისა და ევროპის საუკეთესო სამედიცინო ცენტრებში ინერგება.

დღეს ევროპელები და ამერიკელები ჩამოდიან თბილისში, რესპუბლიკურ საავდმყოფოში, რადგან იქ არის ერთი ადამიანი - მერაბ ჯანელიძე და აკეთებს იმას, რასაც ვერ აკეთებენ ვერც ამერიკაში და ვერც ევროპაში.

მართალი გითხრათ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ იგი დათახნმდა ჩვენს შეთავაზებას - გახდეს ჩვენი წარმომადგენელი სამტრედიაშია და სამტრედიის წარმომადგენელი ახალ პარლამენტში ქუთაისში.

სხვათა შორის, ავტოგოლის ავტორებს, ყველაზე მეტად უნდათ ის, რომ პარლამენტი ისევ უკან გადაიტანონ - სამტრედიიდან ძალიან შორს, რადგან იქ თქვენი აზრი არავის არ აინტერსებდა. მათ ამითაც სურთ გოლის გატანა საკუთარ კარში - შესაბამისად, სამტრედიელთა „კარში“, მაგრამ კარგი მეკარე თუ  იდგება ამას ვერ შეძლებენ.

არჩევნების დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ წყდება, ჩემო მეგობრებო - საქართველოს მომავლისა და თავისუფლების ბედი.

ეს დღეები ოჯახთან ერთად ზემო იმერეთის მშვენიერ სოფელში გავატარე, სადაც ძალიან ცნობილი მოღვაწეების, წერეთლების მუზეუმია.

საქართველოს დამოუკდებლობის გარიჟრაჟზე ამ ხალხმა საოცრებები აკეთა, მაგრამ შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ერთ დღეში წაგვართვეს იმის გამო, რომ ქვეყნის შიგნით ბევრი მოღალატე აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში ქვეყანა მიწასთან გაასწორეს და საქართველო 70 წლით ჩაეფლო წყვდიადში.

დღეს მთელი მოსფლიო შემოგვყურებს. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს, ყველაზე მეტად ეს მე ვიცი.

ძალიან კარგად ვიცი, რომ როგორი ბრძოლაა საჭირო იმისთვის, რომ სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს საკვები დაახვედროთ სახლში; იმისათვის, რომ კარგი განათლება მივცეთ და ჯანდაცვა გქონდეთ...

ყოველივე ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ის, ვინც მოგვიწოდებს თავზე ნაცარი დავიყაროთ და ჩავბარდეთ, რაც მტერმა ვერც დაბომბვებით შეძლო და ვერც ემბარგოებით, ნიშნავს ძველ დროში, წყვდიადში დაბრუნებას.

წერეთლების სახლმუზეუმში ყოფნისას, ვფიქრობდი, როგორი თაობები და ხალხი იყო მაშინ, რამდენი რამის გაკეთება შეეძლოთ მათ საკუთარი სამშობლოსთვის, რომ არა სერგო ორჯონიკიძე და მისი დამქაშები, რომლებმაც საკუთარ ინტერესებსა და ამბიციებს გადააყოლეს სამშობლოც და მისი მომავალიც.

ასეთი ხალხი დღესაც მოადგა ზღურბლს. დღეს ჩვენ დამპყრობელი, რომელიც ვერ მოგვერია ვერც დაბომბვით, ვერც ემბარგოთი, აპირებს ისარგებლოს ხალხის გაჭირვებით და მოვიდეს, რათა ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე ეს ხალხი თავად ჩაბარდეს.

ის, რომ დღეს ჩვენ ამდენი ვართ და ის რომ აქ არის ხალხის არა მხოლოდ ერთი ჯგუფი და მოსახლეობის სტატისტიკური ნაწილი, არამედ 12 ათასი მოქალაქე და პიროვნება, მათ შორის, ჩვენი ბავშვები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება ჯერ კიდევ არ აქვთ.

ამის უფლება გვაქვს ჩვენ და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ისეთი, რაც ამ ბავშვებს სანანებელს გაუხდის შემდეგი 70 წლის განმავლობაში იმას, რომ ამ დროს მათ არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება.  

ჩვენ არასდროს არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში.

მე კარგად მახსოვს ჩემი საარჩევნო კამპანიები და ის დრო, როდესაც სამტრედია ჩაბნელებული იყო. რაზე გველაპარაკებოდნენ მაშინ? კრიმინალზე, 7 თვის გაუცემელ პენსიებზე, ბიუჯეტის სეკვესტრზე, დანგრეულ გზებზე და ეს ყველაფერი იყო გუშინ.

დღევანდელი და ხვალინდელი დღეები გუშინდელი აღარ უნდა გახდეს.

ის ხალხი, რომელმაც წაგვართვა პენსიები, დღეს ისევ მოიწევს ხელისფულებაში; ის ხალხი, რომელიც ყოველთვიურად ამცირებდა ბიუჯეტს, დღეს ისევ მოიწევს ხელისფულებაში; ის ხალხი, რომელმაც კრიმინალით გაავსო ქვყანა, ქურდებით გაავსო ქვეყანა, დღეს ისევ მოიწევს ხელისუფლებაში!

1 ოქტომბერი არის მათი უკანასკნელი შანსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ეს შანსი ვეღარ გამოიყენონ, ერთხელ და სამუდამოდ მოგვშორდნენ და მათი ადგილი აღარასდროს საქართველოში აღრ მოინახოს.

ჩვენი ბედი ასეთია - საქართველო ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანით იყო ყოველთვის დასახლებული და ჩვენ ამ ნიჭს უნდა გავუხსნათ გზა!

თუკი რომელიმე რაიონი უნდა იყოს საქართველოში წარმატებული, ერთ-ერთი პირველი სამტრედიაა.

ჩემს წინ დგას 12 ათასი კაცი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დასაქმდეთ, გაგიჩნდეთ უკეთესი პერსპექტივა, მეტი შემოსავალი, ჩვენი შვილები იყვენ დაცული და  მიიღონ საუკეთესო განათლება საქართველოსა და უცხოეთში, ჩვენი მომავალი იყოს გარანტირებული ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში.

ჩემო მეგობრებო, ყოველივე ეს, უახლოესი 1 თვის განმავლობაში გადაწყდება ჩვენს ქუჩებსა და სოფლებში, ხოლო 1 ოქტომბერს - საარჩევნო უბნებში.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირსება და მიღწევა არის ის, რომ ყოველთვის მოგვყავს ახალი ხალხი.

ჩემი ამოცანა ის არ არის, რომ მე ან რომელიმე ჩვენგანმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, გავა დრო და მთავრობები შეიცვლება - ეს  ჩვეულებრივი პროცესია.

ჩვენი ამოცანაა საქართველო მუდმივად ახლდებოდეს ახალი სისხლით.

ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება პატიოსნად ემსახურებოდა თავის საქმეს, საზოგადოებას და თანამოქალაქეებს, წინ უნდა წამოვწიოთ და პერსპექტივა გავუხსნათ.

ამ მხრივ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ გვყავს ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები, რომელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მერაბ ჯანელიძე.

ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების ესტაფეტა გადავცეთ წესიერ ადამიანებს, რომლებიც არასდროს არ ყოფილან მთავრობაში და ახალ თაობას, რომელიც ნამდვილად შექმნის ახალ საქართველოს და არასდროს დაიხევს უკან.

დიდი მადლობა მობრძანებისთის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ მხნედ დამხვდით იმის  მიუხედავად, რომ ბევრი პრობლემა და ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, თქვენ საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები და მოქალაქეები ხართ.

თავისუფლების პირობებში ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს გააკეთებს, რადგან მსოფლიოში ყველაზე პატრიოტი, მშრომელი, განსაკუთრებული და ბრძენი ხალხი სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს. სამტრედიელობა სულისა და გონების მდგომარეობაა და არა გეოგრაფიული კუთვნილება.

ამიტომ, თქვენს კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენ გააზრებული და უშეცდომო არჩევანი გავაკეთეთ, თქვენს არჩევანს კი თავს ვერავინ მოგახვევთ.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. 

ყოველ საღამოს, როდესაც ტელევიზორს ვრთავ, მეგობრებო, ხანდახან ვფიქრდები საიდან გამოჩნდა ამდენი არაპატრიოტი, ამდენი გაუტანელი და დაუნახავი პოლიტიკოსი. რომელ არხზეც არ უნდა გადართოთ, ასეთს ბევრს ნახავთ, მაგრამ ეს არის ის, რაც ტელევიზორში ჩანს.

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აქ, სამტრედიაში არის ძალიან გამბედავი, ნიჭიერი, სიკეთის დამნახავი და ინტერესიანი ხალხი, რომელიც დაუმარცხებელია ყველა ეპოქაში, ყველა დროში და, რა თქმა უნდა, ჩვენს დროშიც.

მერაბ ჯანელიძეს თბილისიდან აქ ვაბრუნებ იმის მიუხედავად, რომ მისი წამოსვლა თბილისისთვის დიდი დანაკლისი იქნება. მაგრამ იგი აქ უფრო საჭიროა, რადგან საქართველოს ბედი გადაწყდება აქედან რამდენიმე კილომეტრში, საქართველოს ახალ პარლამენტში, ახალ წევრებთან, ახალ დეპუტატებთან და განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად!

მომავალ გამარჯვებამდე, ჩემო მეგობრებო! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)