სიახლეები
30.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ახლა საერთო ეროვნული კრიზისის წინაშე ვართ და ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესი იყო. მან ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ის განსხვავებები, რომლებიც ევროპის კავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არის. მიხეილ სააკაშვილმა ის გამოხმაურება და მხარდაჭერა გაიხსენა, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან 2008 წლის ომის პერიოდში ჰქონდა. იმ საფრთხეებთან დაკავშირებით კი, რომელთა წინაშეც, შეიძლება, ქვეყანა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენების შედეგად აღმოჩნდეს, ქვეყნის პირველმა პირმა ელჩებთან დღეს გამართულ შეხვედრისას ისაუბრა.
„წინა წლებში რატომღაც ვერავინ ბედავდა მავთულხლართების გაბმას. ბოლო თქვეების განმავლობაში ჩვენ ბევრად უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწა დავკარგეთ, ვიდრე ქურთასა და თამარასენში ერთად 2008 წელს. ქურთა და თამარაშენი რუსებმა ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასად აიღეს, ახლა კი საერთოდ არაფერი გადაუხდიათ პოლიტიკური თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით არავინ არაფერი იცოდა - ახლაღა დავიწყეთ ლაპარაკი. რუსეთი, პრაქტიკულად მშრალი გამოვიდა წყლიდან და თუკი ეს მას არაფერი დაუჯდება, ის ამას კვლავაც გააგრძელებს. ამიტომ გვინდა სწორედ ის გამოცდილება გავუზიაროთ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგროვილი მიღწევებისა და შეცდომების მხრივ. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო, რომლებსაც არ გავურბივართ და ისიც ვიცით, თუ რა მიღწევები გვაქვს. ზოგი რამ, შეიძლება, უკეთესად უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ახლა კონფრონტაცია არ გვარგებს. ჩვენი მიწა მიაქვთ, ჩვენს ხალხს ასახლებენ და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს პროვოკაციაა, არაფერი გამოვა, ეს არის ფაქტი! ვინც არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის სათავეში, რუსეთი ერთი და იმავეს აკეთებს. ამას ყველა უნდა ვხვდებოდეთ, ერთმანეთს ნიშნის მოგებით არ უნდა ველაპარაკოთ. ახლა საერთო ეროვნული კრიზისის წინაშე ვართ და ასეთ დროს საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი ახლა მთელი ევროპის მიმართულებით არის შეტევაზე გადასული. მან უკვე რამდენიმე ქვეყანა ჩამოაშორა ევროპულ გზას და ცდილობს საქართველოც მათ რიცხვში მოახვედროს.
„რუსეთი ახლა შეტევაზეა გადასული. მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, პრინციპში, კუთხეში მოამწყვდია და ჩამოაშორა ევროპულ გზას. საქართველოდანაც გაიცა გარკვეული დაპირებები, ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია. ამიტომ, სწორედ ახლაა გადამწყვეტი მომენტი, რომ ქვეყანა როგორმე შევიყვანოთ ევროპაში, ევროკავშირის იურიდიულ ზონაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გაეროში გამოსვლისას მან სწორედ ის თქვა, რაც ყველას გულში აქვს და ამიტომაც მოჰყვა მის გამოსვლას დიდი რეზონასნსი. მისი თქმით, საქართველოს გადარჩენა ევროკავშირის ინტერესს შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ, 2008 წელს მას ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირადად უთხრა. ეს პოლიტიკა, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, პრაქტიკულად, ყველა დონეზეა გამოხატული ევროკავშირში.