ენერგომომმარაგებლის თვალსაზრისით, რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვას, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვად აფასებს
ბაქოში ჩემი ჩამოსვლის წინ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან უცნაური განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს ენერგოდამოკიდებული აზერბაიჯანზე და ბუნებრივი გაზის შემოტანის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის სერიოზულ ალტერნატივად რუსეთი უნდა განიხილონ.
ბუნებრივი აირი რუსეთიდან მცირე რაოდენობით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შემოგვქონდა, სომხეთში ტრანზიტის საფასურის სახით, მაგრამ რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა იქნება.
ბოლო პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას დავაღწიეთ თავი. ეს, პრაქტიკულად, ვერავინ ვერ მოახერხა აღმოსავლეთ ევროპაში; ეს ვერც უკრაინამ შეძლო წინა წლებში.
დღეს, როდესაც უკრაინამაც დაიწყო სხვა წყაროების ძებნა, როდესაც მთელი ევროპა ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას, საქართველომ საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას მძიმე წარსულში.
ჯერ ერთი, აზერბაიჯანის გაზი რამდენჯერმე უფრო იაფია, ვიდრე რუსული და მეორე, აზებაიჯანის სტრატეგიული ინტერესია საქართველოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რადგან ეს ასევე ნიშნავს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და სტაბილურობას. სწორედ ამიტომ ძალიან იაფად ვყიდულობთ მისგან ბუნებრივ გაზს.
რუსეთის ინტერესი კი მეზობლებზე კონტროლის დამყარებაა და ამ მიზნის მისაღწევად - ენერგობერკეტების გამოყენება. აქ ველოსიპედს ვერავინ ვერ მოიგონებს...
რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ალტერნატიული წყაროები, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშავოთ თურქმენეთან, ყაზახეთთან...
რუსეთი, ამ მხრივ, ვერანაირად ვერ გამოდგება, რადგან კარგად უნდა გვახსოვდეს, ჩვენ არ გვჭირდება ისეთი წყარო, რომლის მესვეური გადაწყვეტს, რომ არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკა და ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს ჩაგვაბნელებს, გაგვყინავს, წყვდიადში მოგვაქცევს და მიწასთან გაგვასწორებს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინათ მოხდა.
რა თქმა უნდა, ეს უნდა ავირიდოთ თავიდან.
მე ველოდები, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამომწურავ განმარტებას გააკეთებს.