საქართველოს პრეზიდენტი: „მინდა, ქართველებმა იცოდნენ, რომ მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გმირი და არ ვართ ადვილად ხელწამოსაკრავი, ჯაბანთა ერი“
რამდენიმე წუთში დადგება ახალი წელი.
მე გადავწყვიტე, ეს ახალი წელი თქვენთან ერთად აღმენიშნა.
რამდენჯერმე შევხვედრივარ ახალ წელს შეიარაღებულ ძალებში - შარშან ბათუმში ვიყავი ჩვენს ჯართან ერთად. ერთხელ ვაზიანის ბაზაზე ვიყავი, ერთხელ სხვა სამხედრო ნაწილში.
მაგრამ ეს განსაკუთრებული ახალი წელია ჩემთვის, ისევე, როგორც ქართული ჯგუფის დიდი ნაწილისთვის, რადგან ქართველებისთვის ყველაზე რთულ ადგილზე, საუკეთესო ქართველებთან ერთად ვხვდები.
აქ თქვენთან ერთად ყოფნა განსაკუთრებული პატივი და პრივილეგიაა თითოეული ჩვენგანისთვის.
აქ ხართ ბიჭები - ოფიცრები, სერჟანტები და რიგითები, რომლებსაც მართლაც ძალიან ბევრი რამ გაქვთ ნანახი.
აქ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც 21, 22, 23 წლის ასაკში, შესაძლოა, ბევრად მეტი ჰქონდეს ნანახი და გაკეთებული საკუთარი ქვეყნისა და გამოცდილებისთვის, ვიდრე ზოგიერთს ისეთს, ვისაც უკვე ცხოვრება აქვს გალეული.
ვიცი რამდენი ოპერაცია ჩაატარეთ, მაგრამ საქართველოში ამაზე ცოტა რამ იციან და ეს ძალიან ცუდია. მინდა, ქართველებმა იცოდნენ, რომ მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გმირი და არ ვართ ადვილად ხელწამოსაკრავი, ჯაბანთა ერი.
ეს ძალიან კარგად ჩანს, ავღანეთში ჩვენს მებრძოლთა შორის.
მახსოვს გენერალი პეტრეუსი მეუბნებოდა: ქართველ ჯარისკაცებს აქვთ განსაკუთრებული ნიჭი და განსაკუთრებული უნარები, რაც არ მინახავს ბევრი სხვა ქვეყნის, ბევრად უფრო განვითარებულ, დიდი ტრადიციისა და მდიდარ ჯარებშიო.
ეს არის ის რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს. ეს არის ის, რაც თქვენი ჯიშის, ჯილაგის, გენის შემადგენელი ნაწილია.
მოხიბლული ვარ, რომ გავიცანი თქვენი ექიმი, რომელიც მუდმივად შეიარაღებულია ავტომატით - M4-ით და ძილშიც გვერდიდან არ იშორებს.
თქვენ იცით ამ გოგონას ისტორია, მაგრამ მინდა დანარჩენმა საქართველომაც იცოდეს. იგი არის თერჯოლიდან (თქვენ ხართ აქ მთელი საქართველოდან - დაწყებული აფხაზეთით დამთავრებული კახეთით და, რა თქმა უნდა, ყველა სხვა რეგიონით). მისი ძმა, შმაგი დაიღუპა 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს. დაიღუპა იმის გამო, რომ ის ხელთ ჩაიგდეს მტრებმა, რომლებიც აიძულებდნენ საქართველოს დროშაზე ცეკვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოკვლით ემუქრებოდნენ. მან უარი თქვა და საკუთარი დროშის, 5 ჯვრიანი დროშის ფეხქვეშ გათელვას, მტრის დაკრულზე ცეკვას, სიკვდილი არჩია. შმაგის გადაწყვეტილება იყო ასეთი. აი, ამისთვის მოკლეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პატრიოტი.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისმა დამ გადაწყვიტა სამოქალაქო პროფესიიდან წასვლა და შმაგის ადგილის შევსება შეიარაღებულ ძალებში, რათა ემსახურა იმავე ბრიგადაში. შემდეგ თქვენთან ერთად აღმოჩნდა ავღანეთში.
აი ასეთი გოგოები რომ გვყავს, საქართველოს არ უწერია გადაშენება.
არ შემიძლია ქედი არ მოვიხადო ამ გოგოსა და მათ წინაშე, ვინც ის გაზარდა, ვინც მისი ძმა გაზარდა და კიდევ გაზრდიან საქართველოში.
ეს გოგონაა გმირი და თითოეული თქვენგანი, რომლებიც აქ თავდაუზოგავად იბრძვით და სამშობლოსთვის სიცოცხლეს რისკავთ.
თავის დროს ჩვენი შეიარაღებული ძალები რომ არ ყოფილიყო, მაგალითად, ერაყში, 2008 წელს ამერიკა ფლოტს არ გამოაგზავნიდა ჩვენს დასახმარებლად.
თქვენ რომ აქ არ იყოთ, ძალიან ადვილი ლუკმა ვიქნებოდით ჩვენი მტრისთვის, რომელიც ჩასაფრებულია და კბილებს ილესავს საქართველოს გასანადგურებლად.
მინდა, თითოეულ თქვენგანს ვუსურვო ბედნიერება, დიდხანს სიცოცხლე და სახლში მშვიდობიანად დაბრუნება. ამას გისურვებთ მთელი საქართველო!
გაუმარჯოს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს!
გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით მრავალს, ბედნიერად ბიჭებო!