საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობრივი ვალი დღეს დილიდანვე მოიხადა. მიხეილ სააკაშვილი მთაწმინდის ოლქის მე-19 უბანზე, მეუღლესთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან და უმცროს ვაჟიშვილთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა ქართული და საერთაშორისო მედიის წამომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. მან იმედი გამოთქვა, რომ მრავალეთნიკური ქართული საზოგადოება, რომელიც მაღალი სამოქალაქო შეგნებით გამოირჩევა, ამ არჩევნებში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.
„ვფიქრობ, დღევანდელი დღე მართლაც ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან დღეს წყდება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი; დღეს გადაწყდება ის, რომ საქართველომ განაგრძოს სვლა წინ და აღარასდროს დაბრუნდეს წარსულში, რათა მომავალი თაობები გაიზარდონ უკეთეს ქვეყანაში... ჩვენი ხალხი ყველა გადამწყვეტ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას იღებდა და დღეს, რა თქმა უნდა, სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი მარავალეთნიკური საზოგადოებისთვის. როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის სიბრძნეში, ჩვენი ხალხის შორსმჭვრეტელობაში, ჩვენი ხალხის გამჭრიახობაში, გონიერებასა და გამბედაობაში. ეს არის არჩევანი, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ დღევანდელი თაობის, არამედ მრავალი შემდეგი თაობის ცხოვრებაზე; არა მხოლოდ შემდეგი ოთხი წლის, არამედ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება მაღალი აქტიურობა, დღეს იქნება მაღალი დონის სამოქალაქო შეგნების გამოხატულება და საქართველო - არ ვლაპარაკობ პარტიების გამარჯვებაზე - საქართველო, ქართველი ერი აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე გაიმარჯვებს როგორც ეს იყო და უნდა იყოს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 613 ათს 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს 14 პოლიტიკური პარტია და ორი ბლოკი. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 45 საარჩევნო უბანია გახსნილი.
ქვეყნის მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, რომელთაგან 77 კანდიდატი პროპორციული სისტემით აირჩევა, 73 კანდიდატი კი - ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
დღესვე იმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები - ამომრჩეველი 21 დეპუტატს ირჩევს, აქედან 15 პროპორციული, ხოლო 6 მაჟორიტარული წესით. აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 304, 930 შეადგენს. აჭარის მასშტაბით 6 საარჩევნო ოლქი და 351 უბანი იმოქმედებს. უსკო-ს ინფორმაციით, 2012 წლის 1ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებს 9 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი.
დღევანდელ არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. აკრედიტებული ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობა 61 ათასს, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლების – 33 ათასს აჭარბებს.