Google+

სიახლეები

12.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა სერტიფიცირებულ პედაგოგებს მიმართა

მოგესალმებით ყველას ამ მართლაც გამაოგნებელ ცენტრში.

ეს არის ცენტრი, რომლის მშენებლობა პირადად ჩემი ინიციატივა და მიზანი იყო.

ისიც განვაცხადე, რომ უახლოესი წლების განმავლობაში ჩემი ეგიდით წარიმართებოდა აქ სწავლის პროცესი.

საქართველოში არსებული სასწავლებლების კურსდამთავრებულების 80-მდე პროცენტი პირველივე თვეში პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს, ამიტომ წელს ძალიან დიდი კონკურსია.

ეს ტექნიკური ცენტრები გვაძლევს იმას, რომ ჩვენ რეალურად უმუშევრობის პრობლემას საქართველოში უახლოეს 2-3 წელიწადში გადავწყვეტთ, რადგანაც მთავარი პრობლემა სტრუქტურული უმუშევრობაა.

ერთი მხრივ, ბაზარზე არის მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, არ გვყავს საკმარისი კადრები, რომლებიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ეს, ზოგადად, არის განათლების სისტემის საკითხი.

დღეს აქ შეიკრიბეთ სერთიფიცირებული პედაგოგები.

საქართველოში კიდევ ათასმა პედაგოგმა გაიარა სასერთიფიკაციო გამოცდა და ამის შედეგად, ზოგის ხელფასს 75 ლარი  დაემატა, ზოგისას კი - 200 ლარი. არიან ისეთებიც, ასეთი - 25 პროცენტია, რომლებსაც ათასი ლარი და მეტი აქვთ.

ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გვინდა, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ უკეთესი განათლება; ასევე გვინდა, რომ ჩვენს პედაგოგებს ჰქონდეთ უკეთესი პირობები.

მინდა გაგაცნოთ ის ცვლილებები, რომლებიც სერთიფიცირებასთან დაკავშირებით შემოგვაქვს.

პირველი იქნება ის, რომ ეს გამოცდები, საგამოცდო ცენტრების ნაცვლად, სკოლებში  გადაგვაქვს. ვფიქრობ, დამამცირებელია მასწავლებლების მიყვანა საგამოცდო ცენტრებში.  

მეორე ცვლილება არის ის, რომ მცირდება გამოცდების მიმდინარეობის საათები ე.ი. ხუთსაათიანი გამოცდის ნაცვლად, მაქსიმუმ, ორ-ნახევარი საათი  გაგრძელდება.

მესამე საკითხი ისაა, რომ შემოდის მასწავლებელთა ატესტაციისა და შეფასების სხვა კრიტერიუმებიც. შეიძლება, ადამიანმა კარგად ჩააბაროს ინგლისური ენის, კომპიუტერისა და თავისი საგნის გამოცდა, მაგრამ სხვა კრიტერიუმებით აღმოჩნდეს, რომ მაინცდამაინც კარგი პედაგოგი არ არის.

ამიტომ პედაგოგების კვალიფიკაცია ასევე შეფასდება იმით, თუ რამდენმა მისმა მოსწავლემ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდა და რა აკადემიური მოსწრება აქვთ.

ამას გარდა, უნდა შემოვიტანოთ მათი შეფასების კრიტერიუმი გაკვეთილის ჩატარების მიხედვით. ეს უფრო რთული გასაკეთებელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის და ამ საკითხზე ახლა ვმუშობთ.

ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება გადამწყვეტი კრიტერიუმი, თუმცა იქნება ერთ-ერთი კომპონენტი იმისთვის, რომ გამოცდის შედეგები დააბალანსოს და პედაგოგმა  სერთიფიცირება გაიაროს.

ეს არის ის, რაც კეთდება.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე დიდ პროგრამას ვახორციელებთ სკოლის შენობებისა და მათი სტანდარტების თვალსაზრისით.

ვფიქრობ, მომავალი წლის მიწურულს საქართველოში, პრაქტიკულად, აღარ დარჩება სკოლა, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც სრულად არ იქნება აღდგენილი.

ვგულისხმობ არა მარტო კარ-ფანჯრის გამოცვლას ან სახურავის შეკეთებას, არამედ სრულ აღჭურვას. უნდა იყოს არა მხოლოდ კომპიუტერული კლასები, არა უბრალოდ გარემონტებული სპორტული დარბაზები, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

წელს და მომავალ წელს ჩვენ ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ იმისთვის, რომ ყველა სკოლა უმაღლეს დონეზე გაკეთდეს.

თქვენ იცით, რომ სკოლებში სწავლების ახალი მეთოდიკა შემოდის. ამიტომ, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრში, რომელიც არის აქ, გლდანში, ასევე ბევრი რამ კეთდება საამისოდ. ამ ცენტრს ხელმძღვანელობს გია მამულაშვილი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს ამ სისტემის გაუმჯობესებისთვის.

თქვენ ასევე იცით, რომ ჩვენ შევცვალეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა. ეს პროგრამა ადრე ძალიან მარტივი იყო.

წელიწადში ერთხელ ეს გამოცდების ეროვნული ცენტრი წელიწადში ერთხელ ჩაატარებდა გამოცდებს, რამდენიმე თვე იმუშავებდნენ და ხელფასებს თვეში 15 ათას ლარამდე იღებდნენ.

მიღწევა იყო ის, რომ გამოცდების დროს კორუფციული სისტემა აღარ გვქონდა. თუმცა აბიტურიენტის მოსამზადებლად მაინც აუცილებელი იყო რეპეტიტორი.

ეს მაინც იწვევდა სოციალურ უთანასწორობას, რადგან, იმის მიუხედავად, რომ გაჭირვებული ოჯახებიდანაც ძალიან ბევრი აბარებდა უმაღლესში მისაღებ გამოცდებს, უპირატეს მდგომარეობაში მაინც შედარებით პრივილეგირებული ოჯახის ბავშვები იყვნენ, რადგან მათ მშობლებს რეპეტიტორის აყვანის შესაძლებლობა.

მეორე, გამოცდების სკოლებში გადმოტანით და ამ კრიტერიუმების შეცვლით, ჩვენ ვიღებთ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობას.

გამოცდები ჩვენ წელიწადში რამდენჯერმე გვექნება, ახალგაზრდები წელიწადში რამდენჯერმე შეძლებენ შედეგების გაუმჯობესებას.

თავის მხრივ, ეს ცენტრი მუდმივად იქნება ღია და მასწავლებელთა შემდეგი გამოცდა იანვარში იქნება. ასე რომ, არ უნდა ინერვიულონ მათ, ვინც ახლა ვერ ჩააბარა გამოცდა - ჩააბარებენ იანვარში და სერთიფიკატსაც აიღებს.

შესაძლოა, გამოცდები კიდევ უფრო ხშირად გავმართოთ ხოლმე, ვიდრე დონეს არ ავწევთ.

ჩვენი ამოცანა ვიღაცის გამოჭერა კი არა, საერთო დონის გაუმჯობესება და ამაღლებაა.

ამიტომ მასწავლებლებს ყველანაირად შევუწყობთ ხელს.

ნუ მიაქცევთ რიტორიკას ყურადღებას - ზოგი დაჭერით ემუქრება პედაგოგებს და ზოგი სხვა რამით, ეს არასერიოზულია...

გუშინ ხარაგაულში გამოსვლისას ვთქვი, რომ ბანდიტების ციხიდან გამოშვება უნდათ და მასწავლებლის დაჭერა-მეთქი... ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდება არც ერთს...

ჩვენ ხალხს უყვარს მასწავლებლები და, რა თქმა უნდა, ხალხი აფასებს იმას, რომ თქვენი თქვენი ცოდნის დონის, უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებასა და გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ და ეს მუდმივი პროცესია.

მუდმივი პროცესია ასევე უმაღლესი სასწავლებელის კურსდამთავრებულთა სკოლებში დაბრუნება, მაგრამ არსებული ნიჭის დაფასება ჩვენთვის გადამწყვეტი რამ არის.

აი, რისი თქმა მინდოდა თქვენთვის.

დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით ამ ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ცენტრში, მაგრამ რამდენიმე დღეში ამ სასწავლებელსაც გავხსნით.

მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სერთიფიკატების მიღება და გითხრათ, რომ თქვენ ჩვენი იმედი ხართ.

მომავალში კიდევ ბევრი აიმაღლებს კვალიფიკაციას, მაგრამ ვინც ვერ გაიარა, ნუ იდარდებს - ეს საკუთარ თავზე მუშაობის შეუქცევადი პროცესია.

მეც მუდმივად უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე, მასწავლებლებმაც, მინისტრებმაც, სკოლის მოწაფეებმაც და სტუდენტებმაც.

ჩვენ შემოვიღეთ ახალი სისტემა იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც სახელმწიფო გრანტის გაუმჯობესება სურს. საამისოდ, ისინი წლის ბოლოს შეძლებენ გადააბარონ გამოცდა. შევცალეთ ეს ბიუროკრატიული წესები და ის თუ ვერ მოხვდება ერთ უმაღლეს სასწავლებელში, ჩაბარებას სხვაგან შეძლებს.

ამას გარდა არის სასწავლო გრანტის მოპოვების სხვა საშუალებები, მათ შორის, შეიარაღებულ ძალებში სამსახური - ერთი წელი გოგონებისა და ბიჭებისთვის. თუ ვერ დააგროვებ საჭირო რაოდენობის ქულებს, მაშინ მოგიწევს სხვა საზოგადოებრივი საქმის კეთება.

მთავარია, რომ ყველას მივცეთ შანსი არ დარჩეს სწავლის ბარიერს მიღმა.

ვინც უფრო ბევრს იმუშავებს საკუთარ თავზე, ის უფრო წინ წავა.

ეს ასეა ყველა სფეროში და ამას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად.

გისურვებთ წარმატებას თქვენ საქმიანობაში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)