სიახლეები
11.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ვანის მუზეუმის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვანს ესტუმრა, სადაც ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა განახლებული მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების პრობლემის გადაჭრას, ისე ტურიზმის განვითარებას.
რეკონსტრუქციის შემდეგ ვანის მუზეუმში გაიხსნება ახალი საგამოფენო სივრცეები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები. აქვე განთავსდება სამუზეუმო მაღაზია და კაფე. ამას გარდა, გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები და დამონტაჟდება სპეციალური ლიფტები.
ახალი მუზეუმის კონცეფცია გერმანულმა საპროექტო კომპანიამ Ellis Williams Architects ქართველ არქიტექტორებთან ერთად დაამუშავა. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია და ის შემუშავებულია თანამედროვე მუზეუმისათვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
ცენტრის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წლის მაისის მიწურულს დასრულდება.