Google+

სიახლეები

10.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი რაჭას ესტუმრა 

საქართველოს პრეზიდენტი რაჭას ესტუმრა და სამი სოფლის - ხვანჭკარის, კვაცხუთისა და ნიკორწმინდის მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელიც რეგიონში უნდა განხორციელდეს. საუბრისას, ქვეყნის პირველი პირი იმ სოციალურ პროგრამებსაც შეეხო, რომლებიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება. პრეზიდენტმა ყურადღება 1000-ლარიანი ვაუჩერისა და სახელმწიფო დაზღვევის მნიშვნელობაზე გაამახვილა და პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის საკითხზეც ისაუბრა.

„რაჭაში ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი, თბილი, მეგობრული, მშრომელი და პატრიოტი ხალხი ცხოვრობს. ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს აქაურობა. აქ ყველგან ვაშენებთ ახალ გზებს, ყველა სოფელში გავაკეთებთ წყლის კარგ სისტემას, რათა 21-ე საუკუნეში წყლის პრობლემა აღარ იყოს. რაჭაში ყველგან დავასრულებთ გაზიფიკაციის პროცესს და უახლოეს თვეებში ყველა სახლში შევა ბუნებრივი გაზი. ხელშეკრულების თანახმად, ბუნებრივი გაზის სახლებში შეყვანა კი, ზუსტად იმდენი დაგიჯდებათ, რამდენსაც ყოველთვიურად ბალონის დასატენად იხდით, რათა ეს გადასახადი ოჯახებს ტვირთად არ დააწვეს. რაჭის ყველა სკოლა ისეთივე იქნება, როგორიც არის, მაგალითად, შვეიცარიაში. მახარებს ის, რომ ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტ ქულას, ტრადიციულად, რაჭველი ბავშები იღებენ, რადგან აქ განსაკუთრებით ჭკვიანი და მშრომელი ახალგაზრდობა ცხოვრობს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ წელს რაჭაშიც სანიმუშო რთველი უნდა გაიმართოს. მისი თქმით, ეს ეროვნული ღირსების საკითხია და რთველი ბევრად უკეთესად ორგანიზებული უნდა იყოს, ვიდრე წინა წლებში. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ხვანჭკარა მთელ მსოფლიოშია განთქმული და ეს სახელი თითოეული ოჯახის  კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.

რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება დასაქმების სამინისტროს მუშობასა და გადამზადების ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრი ვაკანსიაა სხვადასხვა სექტორში. უბრალოდ, დამსაქმებელი და დასასაქმებელი ვერ პოულობს ერთმანეთს. ბევრად უფრო დიდი ტექნიკუმი უნდა ავაშენოთ ამბროლაურში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში ვაშენებთ. ამას გარდა, დასაქმების სამინისტრო ყველგან გახსნის თავის განყოფილებებს, ყველა ოჯახში შევა და გაარკვევს თითოეული მათგანის კვალიფიკაციასა და შესაძლებლობას. აქ ძალიან განათლებული და მშრომელი ხალხი ცხოვრობს და შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით, აუცილებლად გიპოვით დამსაქმებელს. საქართველოში, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა იზრდება, შეუძლებელია, რომ ხალხი არ დავასაქმოთ“, - განაცხადა საქართველოს პეზიდენტმა.  

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ პირველი ოქტომბერი გადამწყვეტი დღეა მთელი საქართველოსთვის.

„არჩევნების დროს გაირკვევა სიმართლე. არჩევნები იმართება არა იმისთვის, რომ თავი მოვიწონოთ, არამედ იმისთვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, თავი დავიცვათ. თითოეულმა ჩვენმა ოჯახმა უნდა დაიცვას თავი - ღმერთმა არ ქნას, უკან, წარსულში დავბრუნდეთ, რასაც პირდაპირ გვეუბნებიან... როგორც კი კორუფცია დაბრუნდება მთავრობაში, შესაბამისად კორუფცია დაბრუნდება პოლიციაში, კორუფცია დაბრუნდება საავადმყოფოებში, კორუფცია დაბრუნდება ყველა სამსახურში... საქართველოს სიყვარული მარტო ჩემი საკუთრება არ არის - საქართველო ყველას უნდა გვიყვარდეს. მაგრამ თუ ამბობ, რომ მთავრობაში გინდა მოსვლა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ამდენი რამ არის ასაშენებელი და ის, რაც უკვე ავაშენეთ, უნდა დაანგრიო - შენ არ გიყვარს საქართველო. აი, ასე მოქმედებენ ისინი. ამიტომ, ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია მათ დავუპირისპიროთ, არის ჩვენი თავმოყვარეობა, ღირსება, ერთიანობა, მედგარი სული და ის, რომ დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)