Google+

სიახლეები

09.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალცხეში ადგილობრივებს მიმართა

მოგესალმებით ჩვენ აქაურ მეგობრებსა და თანამშრომლებს.

ამ დღეების განმავლობაში ვიგონებთ ჩვენს დაცემულ გმირებს, გარდაცვლილ მშვიდობიან მოსახლეობას.

ვიხსენებთ იმას, რაც ისედაც ყოველთვის გვახსოვს - საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.

ამ აგრესიის ავტორმა  აგრესია გუშინ საბოლოოდ აღიარა და თქვა, რომ ეს დიდი ხნით ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული და დაგეგმილი.

ეს აგრესია იყო პასუხი იმ აღმშენებლობაზე, რომელიც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო.

ეს იყო პასუხი ამ მოულოდნელ ფენომენზე - ქართული რეფორმებზე, კორუფციის დამარცხებასა და ახალ, დიდ აღმშენებლობაზე.

ყველაფრის მიუხედავად, მათ აგრესიასა და ოკუპაციას ჩვენ ისევ აღმშენებლობით ვუპასუხებთ.

ასე იქნება მანამ, ვიდრე ჩვენი ქვეყანა ბოლომდე არ გაიმართება წელში. ეს არის ჩემი პასუხი მათთვის.

ახალციხე ამის მშვენიერი სიმბოლოა. ეს არის ქალაქი, რომელშიც წარმოუდგენელი, საუკეთესო ხალხი ცხოვრობს, თუმცა ხანდახან ჩნდებოდა განცდა, რომ ეს ქალაქი ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული იყო.

მსოფლიოში არ მეგულება რესტავრატორები, რომლებიც ასეთ ტემპში აღადგენდნენ  რაბატის უნიკალურ ისტორიულ კომპლექსს, საქართველოს ნამდვილ გვირგვინს, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს.

ამას ვაკეთებთ არა თავის მოსაწონებლად, არამედ იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, აქაურმა ხალხმა უკეთესად იცხოვროს, რომ ჩამოვიდეს ძალიან ბევრი სტუმარი, ტურისტი, მეგობარი, კეთილმოსურნე და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი, დახარჯოს ფული და  დასაქმდეს ხალხი.

ახალციხე იბრუნებს თავის ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრის ფუნქციას, რადგან აქ ვხსნით ახალ საბაჟოებს, ვაშენებთ გზებს...

ადრე ეს იყო ჩიხი, ახლა კი, როდესაც გოდერძის უღელტეხილიდან გზა შენდება, როდესაც ქუთაისზე ვაკეთებთ გზას, გზებს ვაშენებთ თურქეთის მიმართულებით,  გზები კეთდება თბილისიდან - ავტობანიც ძალიან ახლოს მოდის, ახალციხე, პრაქტიკულად, ჩიხიდან ისევ ცენტრად გარდაიქმნება და თითოეულ აქ მცხოვრებს უბრუნდება იმედი, ეძლევა ახალი შესაძლებლობა და ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცი, როგორი გმირული რეგიონიც არის ეს.

დღეს აქ პოლონეთის დროშას ვხედავ და, ალბათ, პოლონელი სტუმრები არიან. მინდა მათ მივესალმო.

ასევე, აქ კერძო ვიზიტით იმყოფება ლატვიის სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინა თავის ოჯახის წევრებთან ერთად და აქვე არიან სეიმის წევრები.

ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება, რომ 2008 წელს ლატვიის მთავრობის თავმჯდომარე 5 სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად იყო, რომელიც ჩამოვიდა არა უბრალოდ მიტინგზე ან კონცერტზე, როგორც ეს ზოგიერთებს ეჩვენებათ, არამედ, სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ჩვენი უზარმაზარი ეროვნული აღმაფრენის გამოსახატად.

ისინი ჩამოვიდნენ რაკეტებისა და დაბომბვის საფრთხის მიუხედავად და შეუერთდნენ ასობით ათას ადამიანს.

იმის მიუხედავად, რომ მათაც ემუქრებოდათ დაბომბვის საფრთხე, არც ხალხი დაშლილა...

ამიტომ, ჩვენ მადლობელი ვართ, რა თქმა უნდა, ლატვიის მაშინდელი ხელმძღვანელობის და ლატვიელი ხალხის, ასევე სხვა ხალხების, პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტისა და პოლონელი ხალხის. ისინი დაგვეხმარნენ, რომ გაგვერღვია სიცრუის ის რკალი, რომელშიც გვაქცევდნენ.

უცნაური ფენომენია, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მთავარი იარაღი, ტანკებისა და თვითმფრინავების გარდა, იყო სიცრუე.

მაშინ, ომის დღეებში აჩვენებდნენ ჩვენი ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ კადრებს იმის თაობაზე, თუ როგორ ბომბავდნენ რუსი თვითმფრინავები ქართულ ქალაქებსა და სოფლებს და რუსული ტელევიზიები მათ ასაღებდნენ, როგორც ქართული თვითმფრინავების მიერ ცხინვალის დაბომბვის კადრებს.

დღესაც იგივე ხდება - რუსეთის ტელეარხები ჩვენ მიერ აღდგენილი გორისა და სხვა ქალაქების, იმ დასახლებების კადრებს აჩვენებენ, რომლებიც სამ თვეში ავაშენეთ და ასაღებენ ამას, როგორც რუსების მიერ აღდგენილ ცხინვალს.

არ არის ეს საოცარი პარადოქსი? ამ ხალხს შეუძლია მხოლოდ ნგრევა.

მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს რუს ხალხთან - თავად ნახავთ რამდენი რუსი ტურიტი ჩამოვა ამ ადგილების დასათვალიერებლად, მაგრამ მათ ხელმძღვანელობასთან არა მხოლოდ პრეტენზია მაქვს, არამედ ისინი არიან იმის თავი და თავი, რაც საქართველოში მოხდა; ასევე იმ ხალხთან, რომელიც მათთან ერთად მუშაობს და ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

დიახ, დიახ ერთი კაცის ბრალია ყველაფერი.

გუშინ ვიყავი ფოთში - ნამდვილი გმირების ქალაქში. ამ ქალაქს არ გაუჩერებია მუშაობა აგრესიის დროსაც კი, ყველაზე ურთულეს წუთებში.

მაშინ ლაპარაკი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება, საქართველოს დამონებისა და ფეხქვეშ გათელვის ტოლფასი იყო და ახლაც რჩება ამის სიმბოლოდ.

ახლაც იმიტომ არიან ასე კონცენტრირებული, რომ ისინი ვერ მიიჩნევენ თავს გამარჯვებულად, ვიდრე საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს.

სამცხე-ჯავახეთის შემოსასვლელში მათი ტანკების კოლონას გეორგ საგოიანი, ახალქალაქის სპეცრაზმის მეთაური დახვდა და როდესაც მას უთხრეს, რომ ჩვენ ჯავახეთის გასანთავისუფლებლად მოვდივართო, მან ძალიან მკვახედ მიუგო: „მე, როგორც ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მკვიდრი გეუბნებით, ჯავახეთი არის საქართელო, დარჩება საქართველოდ და ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთვის“.

ყველა მთავრობა გამოიცვლება და ყველა ლიდერი შეიცვლება, მაგრამ საქართველოს ვეღარავინ ვეღარ დააკნინებს და მუხლებზე ვერ დააჩოქებს, რადგან ჩვენ გავუგეთ გემო თავსუფლებას, ჩვენ გავუგეთ გემო აღმშენებლობას.

დღეს აქ ვხსნი იუსტიციის სახლს და სასტუმროს. მალე კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება.

ის, რომ საქართველოში აღარ არის კორუფცია. ის, რომ ეს სახლები იხსნება ხალხისთვის და ის, რომ რუსების ადგილობრივ დამქაშებს ყველაზე მეტად ჩვენს აღმშენებლობაში იუსტიციის სახლები აღიზიანებთ და მას ებრძვიან ყველაზე მეტად, სწორედ იმის გამო ხდება, რომ ამ გამჭვირვალე შენობაში ისინი ძველებურად ვეღარასოდეს შეძლებენ ქრთამების აღებას და ხალხის ჩაგვრას...

სრულიად სხვა ფსიქოლოგია შეიქმნა.

აი, რატომ აღიზიანებთ დღეს პრორუსულ ელემენტებს საქართველოში ეს სახლები, რატომ აღიზიანებთ მათ იუსტიციის სახლი, რატომ აღიზიანებთ მათ ახალი პარლამენტი ქუთაისში, რატომ აღიზიანებთ თუნდაც ჩვენი ახალი შუშის ხიდი... იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ახალი საქართველოს სიმბოლოებია, კორუფციისგან, ძალმომრეობისგან თავისუფალი ხალხის მსახურებაში მყოფი მთავრობის და, რაც მთავარია, გათავისუფლებული ხალხის, რომელსაც, მართალია, დღეს ძალიან უჭირს, მაგრამ რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი თავისუფლების ფასი. იმისგან განსხვავებით, ვინც ამას ვერ ხედავს და დღეში 10 ჯერ იმეორებს, რომ, თურმე, საქართველომ დაიწყო ომი; თურმე გაურკვევლობაა და თითქოს არ ვიცით როგორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამას.

ასეთი ადამიანებისგან განსხვავებით, ეს ხალხი მშვენივრად ხედავს, რა არის მათი ქვეყანა და მათი მომავალი.

რატომ გვიჭერენ ევროპელები მხარს?.. პოლონელები, ლატვიელები, ფრანგები, ამერიკელები, კორეელები, იაპონელები რატომ გვიჭერენ მხარს? იმიტომ, რომ იციან, ჩვენ თვითონ გვინდა ჩვენი თავისუფლება.

კრემლი კი ცდილობს, რომ საქართველოს შიგნით მოაძლიეროს ის ხალხი, რომელიც, პრინციპში, ორაზროვნად ლაპარაკობს თავისუფლებაზე, ორაზროვნად ლაპარაკობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ცალსახად ამბობს, რომ ომის დაწყებაში საქართველოა დამნაშავე.

ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ყოველივე ეს ერთი კომპლექსია - ჩვენ გავაგრძელებთ შენებას, ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას, ჩვენ ფენიქსივით აღვდგებით ფერფლიდან და ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ; ჩვენ გავაერთიანებთ და გავამთლიანებთ საქართველოს, ამაში ვართ დარწმუნებული.

ჩემო მეგობრებო, ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ, მართალია, თავიდან ყველაფერს უცხოელები აშენებდნენ, მაგრამ, კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ყველაფერს ქართველი არქიტექტორები აპროექტებენ.

რაბათიც, რომელიც ახლა აღდგა, ქართველების აშენებულია... ჩვენ გვქონდა ჩავარდნის პერიოდი, როდესაც ცდილობდნენ, რომ უკან დავებრუნებინეთ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერი არ შეგვიძლია და უმნიშვნელო ქვეყანა ვართ, მაგრამ ნურას უკაცრავად!

ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. მაჩვენეთ ადგილი, სადაც ასეთი ტემპით ხორციელდება მშენებლობა!

რა თქმა უნდა, არ ვცხოვრობთ როგორც წამყვანი ევროპული ქვეყნები, მაგრამ ისინი რამდენიმე საუკუნე ქმნიდნენ ამ დოვლათს.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა თაობებმა იცხოვრონ უკეთესად და კარგად. ჩვენ გვინდა, რომ ამ ბავშვებმა, რომლებიც აქ არიან, იცხოვრონ უკეთესად და  ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ გაჭირვება.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)