Google+

სიახლეები

10.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპის სახალხო პარტიის  პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და ვილფრიდ მარტენსმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და სამიტის შედეგები შეაჯამეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს აქვს რეალური შანსი ევროკავშირთან გააფორმოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება  და დაიწყოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. დღესვე კიდევ ერთი ინიციატივა გახდა ცნობილი - საქართველო ჩაერთვება ერასმუსის პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან, პროგრამის ფარგლებში, ევროპაში ქართველი სტუდენტებიც ისწავლიან.

„იმას, რაც დღეს ბათუმში გადავწყვიტეთ, უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. მომავალ წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა არის ლიტვა. მომავალი წლის შემოდგომით სამიტი სწორედ ლიტვაში გაიმართება. დღეს ევროგაერთიანების პარტიებისა და ამ გაერთიანებების ხელმძღვანელობამ დაუჭირა მხარი იმას, რომ ევროკავშირმა ნათლად გამოხატოს მზადყოფნა საქართველოსა და იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მზად იქნებიან ევროკავშირის წევრობისთვის. ეს არის უპირველესი რამ, რისთვისაც ჩვენ უნდა მოვემზადოთ. მინდა გვესმოდეს, რამდენად სერიოზული განაცხადია ეს ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მომავალ წელს გვაქვს სრულიად რეალისტური შანსი, გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ბაჟის გარეშე შევა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში, რაც ათობით ათას დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის საქართველოში. მეორე, ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ამ მხრივ, სერიოზულ პროგრეს მივაღწიეთ და გვაქვს შანსი, მომავალი წლისთვის მოლაპარაკება დავასრულოთ. ე.ი. საქართველოს ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით, უვიზოდ შევა ევროპის კავშირის ქვეყნებში. თუკი ჩვენ ვილნიუსის სამიტმა, ამის პარალელურად, მოგვცა განაცხადი იმის თაობაზე, რომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოსთვის ეს ისტორიული გარღვევა იქნება საკუთარი მომავლის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის თვალსაზრისით. ამ დოკუმენტში ასევე  მხარდაჭერილია ის, რომ „ერასმუსის“ პროგრამა გავრცელდეს ქართველ სტუდენტებზეც. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტუდენტებს იარონ ევროპაში და უსასყიდლოდ ისწავლონ ევროპულ სასწავლებლებში. თუკი ევროკავშირი მხარს დაუჭერს, იგივე გავრცელდეს ყველა ამ ქვეყანაზე, ქართველზე, მოლდაველზე, სომეხზე, უკრაინელზე, ბელარუსზე - ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა სტუდენტებმა იარონ მთელ ევროპაში და მიიღონ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის განათლება. ამავდროულად, დღეს ამ დოკუმენტით მხარი დაუჭირეს იმას, რომ ბათუმში გაიხსნას „ევროპული კოლეჯი“. ასეთი მარტო ბრიუგეში და  ბელგიაშია და იქნება ბათუმშიც. ევროპული კოლეჯი აქ - ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაგვიჩნდება დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტები ისწავლიან მთელი რეგიონიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, იქნებიან ევროპელი პროფესორები, ევროპული დიპლომი გაიცემა, ევროპული დასაქმების პერსპექტივით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.    

როგორც ვილფრიდ მარტენსმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში, დღევანდელი ღონისძიება კი მოსამზადებელი ეტაპია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის, რომელიც 2013 წელს  ვილნიუსში გაიმართება.

„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ინსტიტუციონალიზება მოხდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება პირველ პოლიტიკურ პერსპექტივას აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში. მეორე ნაწილი უფრო მეტად შინაარსობრივი ასპექტების ხაზგასმას ითვალისწინებს. ამ დოკუმენტში ნახავთ, რომ ათამდე კონკრეტული მიმართულებაა აღმოსავლეთ პარტნიორობის მხრივ. მესამე დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ უკავშირდება იმას, რომ ევროპის სახალხო პარტიის როლი უნდა გააქტიურდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომლსაც ქვეყანამ 2009 წლის შემდეგ მიაღწია. იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან კონკრეტული შედეგები მივიღოთ, მონაწილე ქვეყნებს ინტეგრაციის ნათელი პერსპექტივა უნდა შევთავაზოთ“, - აღნიშნა ვილფრიდ მარტენსმა.

ერთობლივი განცხადებების შემდეგ, ლიდერებმა მასმედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. ჟურნალისტთა ინტერესის საგანი საქართველოში განხორციელებული რეფორმები და  მოახლოებული არჩევნები, კერძოდ კი, წინასაარჩევნო ვითარება იყო.  

„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელიც ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს და ამკვიდრებს ევროკავშირის ფასეულობებს. ყოველივე ეს სრულდება ევროკავშირის მითითებებით. ასევე აქ ლაპარაკია პოლიტიკური პარტიების სტატუსთან, დაფინანსებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე ხდება. გულწრფელად და თამამად ვამბობ - ფული და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ჩვენ უნდა გვქოდეს სწორი ხედვა ხალხისა და თაობების მომავლის თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ჩავერთოთ ამ პროცესებში რადგან ვხედავ ზეგავლენას, ვხედავ იმასაც, რომ პოლიტიკური შეტევები კომუნისტური რეჟიმიდან გამოდინარე ხდება. ჩემი ვალი იყო, რეაგირება მომეხდინა და მიმეწოდებინა ინფორმაცია ევროპარლამენტის წევრებისათვის და სხვა ლიდერებისთვის, რომლებიც დებატებისთვის ემზადებოდნენ ევროპარლამენტში. ამიტომ დავწერე სტატია და ვუპასუხე მეორე წერილს, რომელშიც ევროპელ ლიბერალთა ლიდერი ოლიგარქს იცავდა. მთავარი შეკითხვა ის არის, შესაძლებელია თუ არა პროგრესის გაგრძელება და ამ ახალგაზრდა დემოკრატიის მოლოდინის გამართლება, რომელიც წინა პერიოდთან შედარებით, დღეს რადიკალურად განსხვავებულია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ამბობენ ზოგიერთები, თითქოს, ამის გაკეთება დამაძალეს - ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ პასუხისმგებლობის მქონე ევროპელი ლიდერების დამოუკიდებლობას. იმ პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, რომელსაც ევროპის ამ უდიდესი ოჯახის პრეზიდენტობა მაკისრებს, თავს მოვალედ მივიჩნევდი რეაგირება მომეხდინა. მოხარული ვარ, რომ ასეც გავაკეთე. ევროპის პარლამენტში პირველად აღიქვეს იმის მნიშვნელობა, რაც საქართველოში ხდება. მათ ასევე გაიზიარეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეტევა, რომელსაც ფესვები წარსულში აქვს, წარსულში, რომელშიც არ იყო თავისუფალი მედია, თავისუფალი აზროვნება. ჩვენ დღეს სრულიად სხვა ვითარებაში, სხვა გარემოში ვცხოვრობთ და ახალგაზრდა დემოკრატიაც, რომელიც პრეზიდენტმა და მისმა მეგობრებმა შექმნეს, ამ ახალი დროის ნაწილია“, - განაცხადა ვილფრიდ მარტენსმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ ფასეულობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის, ვისაც სურს საქართველო წარსულში დააბრუნოს, რა თქმა უნდა, შედეგს ვერ მიაღწევს.

„საქართველოში შესაძლებელია კონკრეტული ადამიანი გაიყიდოს, მაგრამ ქართველი ხალხი არ იყიდება. ქართულმა საზოგადოებამ და თითოეულმა ქართველმა კარგად იცის, რომ აქ ლაპარაკია საკუთარი ქვეყნისა და მისი მომავლის გაყიდვაზე. ევროპელები არ იყიდებიან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იმ პრინციპების გაყიდვაა, რომელზეც დგას ევროპა და ასე მიმზიდველია სხვებისთვის. ევროპა ჩვენთვის არ არის რაღაც პრაგმატული, რომ ევროპასა და ძველ სისტემას შორის გავაკეთოთ არჩევანი. განსხვავება, მაგალითად, ამერიკასა და არადემოკრატიულ სამყაროს შორის, ძალიან მარტივი დასანახია - ფასეულობები და პრინციპები იქ სწორად არის ჩამოყალიბებული - ფული და პოლიტიკა გამიჯნულია ერთმანეთისაგან. ასე იქნება საქართველოშიც ყოველთვის, რადგან ქართველი ერი ღრმად ევროპელი ერია, რომელსაც ამ გზიდან ვერავინ ააცდენს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.    



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)