სიახლეები
10.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწლეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა. სამუშაო სხდომა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსმა გახსნა, რომლის ინიციატივითაც EPP-ის სამიტი საქართველოში იმართება. გამოსვლისას, ვილფრიდ მარტენსმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნის საერთო ევროპულ ფასეულობებს. სხდომაზე სხვა მონაწილეებმაც გააკეთეს განცხადებები და ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სხდომა ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. დეკლარაციაში გაწერილია ის ღონისძიებები, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს, რათა დაჩქარდეს ევროინტეგრაციის პროცესი, კერძოდ, ასოცირებული წევრობის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან.
სამიტი ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პერსპექტივებს, დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობას და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.
სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ვილფრიდ მარტენსმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.