Google+

სიახლეები

04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სამინისტროების ახალი ხელმძღვანელები თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროების თანამშრომლებს ახალი მინისტრები წარუდგინა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ხატია დეკანოიძის წარდგენისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მის გამოცდილებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ განათლების  სისტემაში მას მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. მისი თქმით, პოლიციის აკადემია ხატია დეკანოიძემ ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა და, პრაქტიკულად, ნულიდან ჩამოაყალიბა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინის კურსს გააგრძელებს და მისი მთავარი საზრუნავი განათლების სისტემის კიდევ უფრო დახვეწა იქნება.

"ფაქტია, რომ ხატია დეკანოიძეს აქვს დიპლომატიური გამოცდილება. რამდენიმე წლის განმავლობაში, საკმაოდ რთულ პერიოდში ამერიკაში მუშაობდა ჩვენს საელჩოში. პოლიციის აკადემია მან ნულიდან ააწყო, რომელიც პოლიციური დაწესებულება არ არის. ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რაც დაიწყო ჯერ კიდევ 2004 წელს - განათლების რეფორმა, რომელიც კახა ლომაიას ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო და ჩვენთან ერთად გაგრძელდა", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსაც  წარუდგინა. პრეზიდენტის თქმით, დიმიტრი შაშკინის სახელს უკავშირდება ბევრი ინიციატივა და წარმატებული რეფორმა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროში მისი გადაყვანა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამერიკული რესპუბლიკური ინსტიტუტის ადგილობრივი ოფისს. ახლა კი, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო სისტემაში ქართული შეიარაღებული ძალების ინტეგრაციის მნიშვნელოვან პროგრამას იწყებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ პროექტს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხოლო დიმიტრი შაშკინის გამოცდილება ამ პროგრამის წარმატების გარანტია.

„დიმიტრი შაშკინი ძალიან გამოცდილი ხელმძღვანელია. მან რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში დააგროვა გამოცდილება. მთავრობაში იგი საერთაშორისო არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა და რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად, იყო სასჯელაღსრულების მინისტრი, შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ახლა კი თავდაცვის მინისტრი იქნება. მან ყველა სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები და ცვლილებები განახორციელა, არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხელმძღვანელი და მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი პატრიოტი.  ვფიქრობ, დიმას ექნება საინტერესო იდეები და მასთან მუშაობა ყველას გაუადვილდება, რადგან საოცრად კოლეგიალური, გახსნილი და დემოკრატიული ადამიანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

დაბოლოს, ქვეყნის პირველი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა, რომლებსაც ახალი მინისტრის რანგში ბაჩო ახალაია წარუდგინა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას აღნიშნა, ბაჩო ახალაიას დამსახურებაა ის, რომ  სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და თავდაცვის სამინისტროში წარმატებული  რეფორმები განხორციელდა. ქვეყნის პირველი პირის თქმით,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგი მისი ძალისხმევის შედეგად დამყარდა და ახლა იგი სათავეში ჩაუდგება იმ ინსტიტუტს, რომელიც ქვეყანაში წესრიგის განმტკიცებას ემსახურება და მოქალაქეების მშვიდი ცხოვრების საფუძველია.

„პოლიცია ძალიან კარგად აწყობილი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ქართული სტრუქტურაა. მისი ხელძღვანელის პრემიერ-მინისტრად გადაყვანა სწორედ იმას ადასტურებს, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი. ჩვენ ერთობლივად ვმსჯელობდით და ვანო მერაბიშვილის თხოვნა იყო, რომ მისი შემცვლელი, სწორედ ბაჩო ახალაია ყოფილიყო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)