Google+

სიახლეები

06.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ვარკეთილის მცხოვრებლებს მიმართა

 

უპირველესად, მსურს მოგესალმოთ.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი ამოცანა ძალზე კონკრეტულია.

საქართველოს მთავრობა, რომელსაც მე წარმოვადგენ, ყოველთვის უარს ამბობდა და არასდროს არ ემსახურებოდა იმ ერთი „მუჭა“ ხალხის ინტერებს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყველა მთავრობის დროს იყო კარგად.

ყველა მთავრობა მხოლოდ მათზე ზრუნავდა: მხოლოდ მათ და მათ შვილებს ეკუთვნოდათ კარგი სწავლა, კარგი მკურნალობა, კარგი ბინები და კარგი გზები. ასევე მათ ეკუთვნოდათ მთავრობაც და პარლამენტიც და ვინც არ უნდა მოსულიყო მთავრობის სათავეში, ქედი უნდა მოეხარა მათ წინაშე და მათთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა.

საქართველოში არც ერთ ეპოქაში მთავრობას არასდროს არ რჩებოდა დრო იმისთვის, რომ მშრომელი და მზრუნველი ქართველი ხალხისთვის ელემენტარული პირობები შეექმნა.

ამიტომ, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბოს ყოფილი ელიტა, რამდენჯერაც არ უნდა დაგვიქნიონ თითი თანამდებობის ყოფილმა პირებმა, ისევე არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი, როგორც მათ არ აინტერესებდათ დანარჩენი საზოგადოება.

მე მაინტერესებს, რას ფიქრობთ  თქვენ; მაინტერესებს მათი აზრი, ვინც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქვეყანა აქამდე მოეტანა და ვინც თაობების განმავლობაში ყველაზე მეტად იყო ამით მოტივირებული. ამიტომ, მსურს თქვენ მოგისმინოთ, მაგრამ მანამდე ორიოდ სიტყვით მინდა მოგმართოთ.

ჩვენთვის ერთ-ერთი მთვარი საკითხი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი უსაფრთხოება. თქვენთან ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ორდღიანი შეხვედრის შემდეგ მოვედი, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გამოცხადდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა.

თავისთავად, ჰილარი კლინტონის ჩამოსვლის ფაქტი და ის, რომ ამდენი ხნით ჩამოვიდა, ხაზგასმით მიუთითებს იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაძლოა,  გეოგრაფიულად, ბევრ ცენტრს მოწყვეტილ და ტერიტორიულად პატარა ქვეყანას დანარჩენი მსოფლიოსთვის; ეს იმას ნიშნავს, რომ როგორი პრობლემებიც არ უნდა იყოს  მსოფლიოში, საქართველო მაინც რჩება ყველაზე გავლენიანი ძალების ყურადღების ცენტრში.

ეს ვიზიტი არ ემსახურებოდა იმას, რომ ვინმეს ჩვენთვის თავზე ხელი გადაესვა - ჩვენ არც ამისკენ მივისწრაფვით და არც ამას ვთხოვ უცხოელ ლიდერებს.  

თავიდან ეს მართლაც მოგვწონდა და ახლაც გვეუბნებიან, რომ კარგ საქმეს ვემსახურებით, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი აღარ არის.

მთავარი ის არის რას მივიღებთ ჩვენ, როგორც ხალხი და რას მივიღებთ ჩვენ, როგორც ქვეყანა.

პირველი ეს არის უსაფრთხოების საკითხი.

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება საქართველოს თავდაცვის სფეროში და  მოამზადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობას; დაგვეხმარება ჰაერის, ხმელეთის და ზღვის გადაფარვაში და აღჭურვავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის, ვერტმფრენებით. ასევე ვიმუშავებთ სხვა მიმართულებითც.

ამერიკა ამას ძალიან იშვიათად აკეთებს რომელიმე რეგიონში, რომელიმე ქვეყნის მიმართ.

ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს უსაფრთხოებაში გაჩნდა დამატებითი, ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ჩვენი განვითარების გრძელვადიანი გარანტია.

ჩვენს ტერიტორიებთან მიმართებაში ამერიკამ გამოიყენა სიტყვა „ოკუპაცია“ და აღიარა ნეიტრალური სტატუსის დოკუმეტები. ე.ი. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დარჩენილ მცირერიცხოვან მოსახლეობას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტით შეეძლება ამერიკასა და, შესაბამისად, მსოფლიოს უმეტეს განვითარებულ ნაწილში მოგზაურობა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი უფლებების დასაკანონებლად,  ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. აქამდე მხოლოდ სამ თუ ოთხ ევროპულ ქვეყანასა და იაპონიას, ჰქონდა ეს გაკეთებული, ახლა კი, ამერიკამ გააკეთა იგივე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყველა დანარჩენი ქვეყანა მიყვება ამ მაგალითს.

მესამე - მან გამოაცხადა, რომ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

როდესაც ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, ჩვენ ვიქნებით ერთადერთი ქვეყანა ევროპაში  რომელიც ჩვენს გამოშვებულ პროდუქციას ამერიკაში ბაჟის გარეშე შეიტანს. ეს არც გერმანიას აქვს, არც ჩეხეთს, არც პოლონეთს, აღარაფერს ვამბობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე...

ზუსტად ასევე საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყო ევროპამ. ე.ი. ჩვენს პროდუქციას ევროპაშიც შევიტანთ ბაჟის გარეშე.

მართალია, გასაყიდი პროდუქცია დღეს ბევრი არ გვაქვს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ინვესტორი დანახავს, რომ ქართული პროდუქცია განვითარებულ ქვეყნებში ბაჟის გარეშე შედის, ის ჩვენს ეკონომიკაში ჩადებს ფულს, გახსნის უამრავ საწარმოს და დაასაქმებს ხალხს, რადგან ეს პირდაპირი ბილეთია ამერიკისა და ევროპის ბაზარზე. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ  კონკრეტული მოქალაქეებისთვის კონკრეტული სამუშაო ადგილები შეიქმნება.

სხვათა შორის, ორი დღის წინათ ევროპამ  გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაიწყო ქართველებისთვის ევროპის ყველა ქვეყანაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ანუ ნათესავებისა თუ შვილების სანახავად რომ წავიდეთ, აღარ დაგვჭირდება საელჩოების გარეთ, სიცივესა თუ სიცხეში რიგებში დგომა და შემდეგ უარით გამოსტუმრება. ეს კარგად იციან მათ, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს.  

ძალიან ბევრი თქვენგანის ოჯახის წევრი, ნათესავი საბერძნეთშია წასული, ზოგიც გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ახლა ჩვენ შეგვეძლება თავისუფლად მიმოსვლა, ხოლო ჩვენს შვილებს -  საზღვარგარეთ სწავლა ჩვეულებრივი ქართული პასპორტით.  

მკურნალობის ყველა საშუალება აქაც იქნება, მაგრამ თუ სამკურნალოდ მაინც დაგვჭირდება წასვლა, ამასაც უპრობლემოდ შევძლებთ.

დღეს, მაგალითად, თვითმფრინავით საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი დაფრინავს. იმის მიუხედავად, რომ ტვირთბრუნვა გაიზარდა, მაგრამ ხალხის ხალხის ერთი და იგივე შემადგენლობა სარგებლობს თვითმფრინავით - მოსახლეობის 7-8 პროცენტი.

ასე იმიტომ ხდება, რომ საქართველოდან ევროპაში ბილეთები ძალიან ძვირია. ბილეთების ფასი 100–150 ევროდან იწყება და 1500-მდე ადის.

თბილისის აეროპორტი თურქულ კომპანიას ეკუთვნის და თავად მართავს მას და არეგულირებს ფასებს. მაშინ არც მშენებლობის გამოცდილება გვქონდა და არც გამოსავალი...

ახლა ქუთაისში ჩვენ თვითონ ვაშენებთ აეროპორტს და უფრო კარგს, ვიდრე ეს არის. ამ აეროპორტიდან რეისები ყველა მიმართულებით შესრულდება და ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება ერთი მიმართულებით. ეს ფასი იქნება, მაგალითდ, კიევის მიმართულებით და ა.შ.

რეალურად, ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს გაჭირვებიდან და უმუშევრობას მოეღოს ბოლო.

ადრე იმ ელიტას, იმ ერთ მუჭა“ ხალხს ვიზებსაც აძლევდნენ, პასპორტებსაც  და ბილეთებსაც უპრობლემოდ იღებდნენ.

ახლა რაც კეთდება, ხალხისთვის არის, რთა აღარ ვიყოთ ვინმეს ხელებში შემყურე, შეგვეძლოს მოძრაობა და მოქმედება და თავადვე შევქმნათ სამუშაო ადგილები.

როდესაც ადამიანს ყოველდღიური სატკივარი აქვს და არსებობისთვის უწევს ბრძოლა, ყოველ  დეტალს აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენთვის მთავარი მაინც არის, რომ არა მარტო მოსახლეობის იმ 100 პროცენტისთვის შევქმნათ დასაქმების შესაძლებლობა , რომელსაც მუშაობა შეუძლია და ამის უნარი აქვს. მათ ამის საშუალება უნდა მივცეთ.

სწორედ ამ მიზნით შევქმენით თბილისში რამდენიმე ტექნიკური სასწავლებელი და კიდევ ვქმნით, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება მისთვის სასურველი პროფესიის ათვისება. თავად ვნახე ის 40–50–60 წლის ადამიანები, რომლებიც გადამზადებას გადიან.

სწორედ ამ მიზნით გავხსენით კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი ხელმისაწვდომი კურსები.

ამბობდნენ, რომ ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის გარეშე სამსახურს ვერ იშოვნიო, ჰოდა, თბილისში დადგა კიდეც რიგი ამ კურსებზე მოსახვედრად.

ესეც წინგადადგმული ნაბიჯია.

ყველა ბავშვი იღებს კომპიუტერს და ვცდილობთ, რომ საქართველოში ბავშვები წავიდნენ ისეთ სკოლებში, როგორიც შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში ან სადმე სხვა განვითრებულ ქვეყანაში.

ყველა საავადმყოფო უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის განვითარებულ სამყაროში.

ადრე თბილისის ცენტრში იყო, ახლა კი, რეგიონებში ყველგან გავხსენით და თბილისსაც წამოვაწევთ.

სხვათა შორის, ისანში გაიხსნება ახალი კლინიკა აეროპორტის გზაზე - იწყება ევროპაში ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დამთავრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მაგარი კლინიკა ევროპაში აქედან რამდენიმე კილომეტრში იქნება.

თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ იქ მისვლა და მომსახურების მიღება ყველა ადამიანს შეეძლოს. თუ ხალხი იქ მკურნალობას ვერ შეძლებს, მნიშვნელობა არაფერს არ ექნება.

ამიტომ, 60 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს ავტომატურად ვაზღვევთ და ეს დაზღვევა დაფარავს ყველაფერს.

შეიძლება ცალკეულ ადამიანებს დაეხმარო, მაგრამ პრეზიდენტის და მთავრობის  ფუნქციაა შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს საყოველთაო დაზღვევა. ახლა ვაზღვევთ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს და 5 წლამდე ბავშვებსმ ასევე ყველა სტუდენტს.

კარგი იქნებოდა სკოლის ასაკის ბავშვებიც დაგვეზღვია, მაგრამ ყველაფერი  რესურსზეა დამოკიდებული და ეტაპობრივად უნდა მივყვეთ.

არც 60 წლამდე ასაკის ხალხი უნდა იყოს დაზღვევის გარეშე, ამიტომ ახლა ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ მათ დააზღვიონ თანამშრომლები. უნდა დავაზღვიოთ სახელმწიფო მოხელეები, მასწავლებლები...

პრიორიტეტები სოციალურად დაუცველთა სასარგებლოდ უნდა განვსაზღვროთ.

ცოტა ხნის წინათ, თბილისში წყალდიდობა იყო და კოლექტორი გასკდა, წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა. ადამიანები წარმოუდგენელ  პირობებში ცხოვრობდნენ და უბედურებაც ამიტომ მოხდა - ხალხი მაღალსართულიანი  სახლების წინ აშენებული გარაჟების უკან, ხევში ჩაკიდულ ქოხებში ცხოვრობდა 10 და მეტი წლის განმავლობაში. ეს რომ ვნახე, გაოგნებული დავრჩი...

პირველი, უნდა განვახორციელოთ პროგრამა „თბილისი ბარაკების გარეშე“. ამას გარდა სახლების გამაგრებაა აუცილებელი, რაც ვარკეთილში ყოველთვის პრობლემა იყო. ამ მხრივ, გლდანში შედარებით უკეთესი მდგომარებაა, რადგან აქ სახლებს საძირკველიც  არ გაუკეთეს და გადმოიხარა კორპუსები. ასფალტიც რომ გასკდა, აღმოჩნდა, რომ პირდაპირ მიწაზე იყო დაგებული.

წყლაგაყვანილობის მხრივაც ძალიან რთული მდგომარეობა იყო. არ შეიძლება, რომ ოცდამეერთე საუკუნეში 24 საათის განმავლობაში წყალი არ იყოს ჩვენ ქვეყანაში. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

ბარაკები აქაც უნდა მოვაშოროთ, მაგრამ, ამას გარდა, ისეთი პირობებიც უნდა შევქმნათ, რომ ადამიანს ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცეს. აქაც ბევრი ჩამოსულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და განსაკუთრებით მშრომელი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ დღევანდელ პირობებში უკვე სოფლიდან ქალაქში ადამიანს ჩამოსვლა აღარ უნდა სჭირდებოდეს.

ჩვენ ყველა სოფელში მიგვყავს კარგი გზა. წყალი საქართველოს თითქმის ყველა სოფელშია და თუ არ არის აუცილებლად მივიყვანთ.

სოფლების 80 პროცენტში წლის დამლევამდე იქნება ბუნებრივი გაზი.

ყველა სოფელში იქნება საუკეთესო სკოლა.

ყველა რაიონულ ცენტრში რამდენიმე, მინიმუმ, ერთი ულტრათანამედროვე საავადმყოფო საუკეთესო სამედიცინო აპარატურით, რომელშიც მკურნალობა ყველას შეეძლება, მათ შორის, დაზღვევითაც.

ინფრასტრუქტურას ისე ვაკეთებთ, რომ პოლიტიკური ცენტრის დეცენტრალიზაციაც მოხდა. ამიტომ, ხელისუფლების ცენტრი მარტო აქ არ არის.

აქაც არის, ქუთაისშიც, ბათუმშიც, ბევრი ფუნქცია კახეთშიც გადანაწილდა, ახლა ერთ-ერთი სამინისტრო გორშიც გადადის.

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ, მაგალითად, სენაკის რაიონის რომელიმე სოფელში მცხოვრები ადამიანები ფოთში სამუშაოდ დადიოდნენ.

იქ იმდენად კარგი გზა უნდა იყოს, რომ ფოთში წასვლა პრობლემა არ უნდა გახდეს. ფოთელებიც დასაქმებული იქნებიან და გარშემო სოფლების მცხოვრებლებიც.

თანაც სოფელში ზუსტად ისეთივე საცხოვრებელი პირობები უნდა ჰქონდეთ, როგორიც არის, ვთქვათ, ბათუმში ან ვქმნით ფოთის განვითარების შედეგად; ასევე შევქმნით ახალქალაქსა და ლაზიკაში, რომელიც სულაც არ არის ჩემი აკვიატება. ლაზიკაში ახალი სამუშაო ადგილებს შევქმნით ჩვენი გეოგრაფიის გამოვიყენების ხარჯზე.

ყოველივე ეს ჩვენი ხალხისთვის კეთდება.

ეს არის ის, რითაც საბოლოოდ ჩვენი წარმატება იზომება და არა იმით, თუ რა შუშის  შენობებს ავაშენებთ, ან მით უმეტეს რის დანგრევას დავაპირებთ, ან რომელი საერთაშორისო ორგანიზაცა როგორ შეგვაქებს...

ყოველივე ეს კარგი საფუძველია იმისთვის, რომ მეტი ინვესტივია მოიზიდო და მეტი ფული ჩაიდოს ჩვენს ეკონომიკაში.

ჩემო მეგობრებო, გარწმუნებთ, თქვენზე არანაკლებად ვიცი, რომ არც სინგაპურში ვცხოვრობთ და არც ჰონკონგსა და კალიფორნიაში.

ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ხალხსაც ძალიან უჭირს.

მაგრამ, ერთი მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში გაჭირვება გვაქვს, ხოლო, მეორე მხრივ, ვუყუროთ როგორ გამოვდივართ ამ გაჭირვებიდან.

ამიტომ თუ რამე ისეთს ვხედავ, რაც ძალიან მომწონს, ამით თავს ვიწონებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამისთვის ვინმემ ტაში უნდა დაგვიკრას და აღარაფერი არ გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა.

ყველაფერი, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ - ამერიკელების შექება, ევროპელების ჟესტები,  საერთაშორისო ორგანიზაციების თქმა, რომ საქართველო წინ მიდის, უკრაინელებისა და რუსების აღფრთოვანება (მედვედევმა თქვა, რომ საქართველოსგან უნდა ავიღოთ მაგალითიო), რეალურ ცხოვრებაში უნდა გადმოვიტანოთ და ჩვენი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად გამოვიყენოთ.

აქ თქვენი პრობლემები უნდა მოვისმინო და შემდეგ მთვრობამ ღამე და ღამე უნდა გაასწოროს იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაჭრან.

თქვენ ხედავთ, რომ თბილისში ბევრი კარგი რამ ხდება, მაგრამ აქ ჯერ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თითოეულ სახლში ეს იმდენად რელევანტური არ არის, რამდენადაც ის, თუ რა ხვდება ადამიანს ყოველ დილით საუზმეზე, რა დევს მის მაცივარში და რა ხდება მის სამსახურში, რომელშიც, შესაძლოა, ის 100-150 ლარად მუშაობდეს.  

სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)