სიახლეები
05.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
საქართველოს პრეზიდენტმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პრესისთვის დღეს ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი და სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული დისკუსიები, რომელიც დღეს გაიმართა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ახალი საფეხურია. ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს წვლილისთვის, ალიანსის ოპერაციებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი როლისთვის და იმ ვალდებულებისთვის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით იკისრა. ჰილაარი კლინტონმა განსაკუთრებით აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების როლი საქართველოსა და რეგიონის განვითარების საქმეში. მიხეილ სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებაც ისაუბრეს და ყურადღება იმ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ან სწავლის საშუალებას მისცემს. მხარეები არჩევნების საკითხსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვას.
მიხეილ სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა ერთობლივი განცხადებების შემდეგ ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულებისთანავე, სახელმწიფო მდივანმა იუსტიციის სახლი აშშ-ის დელეგაციის წევრებსაც დაათვალიერებინა. მისი თქმით, მომსახურების მსგავს ცენტრებს და იმ სერვისებს, რასაც იუსტიციის სახლები მომხმარებელს სთავაზობს, ყველა უნდა გაეცნოს. იუსტიციის სახლი ჰილარი კლინტონმა ამერიკელ სტუმრებთან ერთად ხელმეორედ დაათვალიერა.