Google+

სიახლეები

16.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოს სამიტის მნიშვნელობასა და გაეროს ჯილდოსთან დაკავშირებით ისაუბრა 

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. ქვეყნის პირველმა პირმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება, ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა პირველი კომენტარი იმ ჯილდოსთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც გაერომ საქართველოს საჯარო მომსახურების სექტორში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისთვის გადასცა.  მსოფლიოს  ყველაზე  პრესტიჟული ყოველწლიური პრემია „სახელმწიფო სერვისების ჯილდო“ ქვეყანამ მოიპოვა პროექტით „იუსტიციის სახლი“. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობს. 

„გაერომ საქართველოს თავისი ყოველწლიური, მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე პრესტიჟული პრემია მიანიჭა, რომელიც ქვეყანამ იუსტიციის სახლებისა და  ელექტრონული სატენდერო სისტემის მხრივ განხორციელებული რეფორმებისთვის დაიმსახურა. ეს, მართლაც, საუკეთესო სისტემაა, ხოლო რაც შეეხება იუსტიციის სახლებს, ამ ეტაპზე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და კარგია, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაინახა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილმა ნატოს 25-ე სამიტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს სამიტი ალიანსის გაფართოების საკითხს არ იხილავს, საქართველოსთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ალიანსის პოზიცია საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გარანტს წარმოადგენს.

„ნატოს სამიტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ შეხვედრაზე ნატო-ს გაფართოების საკითხი არ განიხილება, მაგრამ წელს ჩვენთვის, როგორც არასდროს,  მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე აღინიშნოს საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. ეს ერთი მხრივ, დღეს  საქართველოს ტერიტორიის დამპყრობელი ქვეყნის ძალიან დიდ წინააღმდეგობას იწვევს.   მეორე მხრივ კი, რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები საქართველოდან დარბიან ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში, რათა ყოველმხრივ შეუშალონ ხელი იმას, რომ არათუ არ აღინიშნოს ჩვენი ქვეყნის პროგრესი, არამედ, ითქვას, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა კიდეც. რამდენიმე დღის წინათ ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა ის, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ალიანსის ყველა წევრი ძალზე დამაჯერებლად აღნიშნავს - საქართველოს აქვს უდიდესი წინსვლა ინტეგრაციის პროცესში.ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება დიდი მოთმინება, ვიდრე ნატოს სრულფასოვანი წევრი გავხდებით. თუმცა ნატოში ინტეგრაციის პროცესი ძალზე სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია ჩვენს წინააღმდეგ,  ყოველგვარი აგრესიული გეგმის განსახორციელებლად და დღესდღეობით, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ის, რომ ჩვენ ამ სამიტის მუშაობასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ფორმატის შეხვედრაში ვმონაწილეობთ, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს - ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების შეხვედრაზე საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელიც; ბალკანურ ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებთ ასპირანტი ქვეყნების ახალ ფორმატშიც, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ ISAF-ის პროგრამის შეხვედრაზეც. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას და დოკუმენტში აუცილებლად იქნება აღნიშნული ის, რისი გაგონებაც  ჩვენ არაკეთილმოსურნეებს არ სურთ - საქართველოს წინსვლაზე ნატო-სთან  დაახლოებისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის როგორც ჩვენი შიდა რეფორმების დამსახურება, ისე იმ ბიჭებისა, რომლებიც დღეს ავღანეთში, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვან ფრონტზე იბრძვიან და ამით საქართველოს უსაფრთხოებასა და იმას  უზრუნველყოფენ, რომ ვეღარავინ გაიმეოროს საქართველოში 2008 წლის სცენარი, ვერც წელს და ვერც როდესმე მომავალში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)