Google+

სიახლეები

12.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე ხულოდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხულოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მეუფე სპირიდონს და ტაძარში შეკრებილ მრევლს მიულოცა. წირვის შემდეგ მეუფემ საქართველოს პრეზიდენტი დალოცა და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის ქართული ეკლესიისა და, კერძოდ, სხალთის ეპარქიისადმი იჩენს. მისივე განცხადებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის უშუალო მხარდაჭერით მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში ტაძრების მშენებლობა. მეუფემ განსაკუთრებული მადლობა ქვეყნის პირს სასულიერო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გადაუხადა, რამაც მეუფის შეფასებით, ზემო აჭარიდან მიგრაციის პროცესი, კერძოდ კი, ბავშვებისა და ახალგაზრდების გადინების პროცესი შეაჩერა. „მინდა დავლოცო ჩვენი პრეზიდენტი ამ უდიდესი ეროვნული საქმისთვის“, - აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხულოში კიდევ ერთი ახალი ტაძრის მშენებლობა სწორედ პრეზიდენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
თავის მხრივ, ქვეყნის პირველმა პირმა მეუფე სპირიდონს იმ საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გადაუხადა მადლობა, რომელსაც იგი წლებია სათავეში უდგას.
„მინდა დიდი მადლობა გითხრათ პირადად თქვენ იმ დიდი საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით. ეს განათლება არის არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ზოგადად საერო, იმიტომ, რომ თქვენ ასევე აძლევთ ძალიან ფართო ცოდნას და ეხმარებით მათ იმ განათლების მიღებაში, რომელიც შემდეგ გამოადგებათ ცხოვრებაში. ასევე ეხმარებით სოფლის მოსახლეობას, სოფელში საჭირო უნარების შეძენაში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეგიწყობთ ხელს. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ხულოში მალე ამოქმედდება ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათა მოციქულის სახელობის ეკლესია. ტაძრის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით ტაძრის ეზოში ჯვარი აღიმართა.

პრეზიდენტის ინიციატივით კი, უკვე სამი წელია ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხიჭაურში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტი  და სასულიერო გიმნაზია ფუნქციონირებს სადაც 500-ზე მეტი მსურველი სწავლობს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)