Google+

სიახლეები

12.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში  ეუთოს  საპარლამენტო  ასამბლეის ეგიდით გამართულ კონფერენციაში „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის პირველმა პირმა დელეგატებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ, პოლიციის და მომსახურების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე გააკეთა. მან ეუთოს ასამბლეის 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, რადგან ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის შეუსრულებლობასა და რუსეთის მხრიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ მენტალურ ცვლილებებზე და კორუფციის დამარცხების ფაქტორზე, ასევე ქვეყანაში არსებულ დემოკრატიული მმართველობის  მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

კონფერენცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა  პეტროს ეფთიმიუმ გახსნა, რომელმაც საქართველოში გატარებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. პეტროს ეფთიმიუმ ეუთოს სახელით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეის ცალსახა პოზიციად რჩება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საქართველოში აღდგენის აუცილებლობის საკითხი. მისი თქმით, ეუთო დაინტერესებულია კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს და მხარს უჭერს საქართველოს პოზიციას,  რომელიც ასევე მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეა.

დელეგატებს სიტყვით პარლამენტის თავჯდომარემაც მიმართა, რომელმაც ბოლო წლებში გატარებულ ეკეონომიკურ და სხვა სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე , ასევე სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.  

ბათუმში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში 40–მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი იღებს  მონაწილეობას.

კონფერენციის მთავარი თემაა ეუთოს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის, მდგრადობის, განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა. სამუშო სესიებზე განხილული იქნება საინვესტიციო გარემოსთან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან და ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები.  ეკონომიკური კონფერენცია რეგიონში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნის მიმართულებითაც იმსჯელებს.

კონფერენცია მუშობას ბათუმში 14 მაისს დაასრულებს.

 

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)