Google+

სიახლეები

11.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტა“ პერსონალს მიმართა

მოგესალმებით.

დიდი ხანია ამ ქარხანაში არ ვყოფილვარ და, მართალი გითხრათ, აქ ყველაფერი ბევრად გაუმჯობესებულია.

რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია, რომ 2008 წელს ეს ქარხანა ჩვენი აგრესორის მთავარი სამიზნე იყო.

ჩვენ თქვენ წინაშე ვალში ვართ, რადგან ქარხნის პერსონალს აქაურობა არ დაუტოვებია, არადა გახსოვთ, ალბათ, როგორი ვითარება იყო მაშინ - ხალხი წლობით ვერ იღებდა ხელფასს და ათასობით ადამიანი იძულებით შვებულებაში იყო გაშვებული.

დღეს ამ ქარხანაში 2500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და არის იმის პერსპექტივა, რომ ამ წარმოებაში დასაქმებულთა რაოდენობა, მინიმუმ, გასამმაგდეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს 2500 ადამიანი არჩენს ოჯახს, 2500 ადამიანს შეუძლია შვილებს უკეთესი განათლება მისცეს, 2500 ადამიანს აქვს უკეთესი მომავლის იმედი.

ხალხის დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ქარხანა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ დასაქმების წყარო.

ეს და რამდენიმე სხვა საწარმო საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი და სწრაფი განვითარების საფუძველია.

რამდენიმე წლის წინათ, ჩვენს სუპერმარკეტებში სოფლის მეურნეობის პროდუქტიც უცხოური იყო – ირანული, თურქული, უკრაინული, რუსული და სხვა. სოფლის მეურნეობის ელემენტარულ პროდუქციას ვერ ვაწარმოებდით.

ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო სპეციალისტები ტოვებდნენ.

2005 წელს ისრაელში ვიყავი და იქ არსებული ორი დიდი სამხედრო საწარმოდან, ერთ-ერთის დასათვალიერებლად წავედი. იქ რამდენიმე ათეული ქართველი ინჟინერი ვნახე და დავფიქრდი – თუკი ისრაელში მიყავთ ჩვენი სპეციალისტები, რატომ არ უნდა მუშაობდნენ ისინი საკუთარ სამშობლოში? თუკი ისრაელი ყიდის იმ ტექნიკას და ჩვენს სპეციალისტებს ამით უხდის ფულს, არ ურჩევნიათ საკუთარ სამშობლოში იმუშაონ?!

ჩვენი ინჟინრების მცირე ნაწილი უკვე დაბრუნდა, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩვენი სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან უნდა ჩამოვიყვანოთ.

ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით.

ჩვენი რესურსი ადამიანები და ამ ხალხის ხელით შექმნილი პროდუქციაა. ამიტომ, მათ საქმის კეთების საშუალება უნდა მივცეთ.

როდესაც ვლაპარაკობ ისეთ ადგილებზე, როგორიც არის სამხრეთ კორეა, სინგაპური, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ მათ არაფერი არ ჰქონდათ და ყველაფერი ნულიდან დაიწყეს.

სინგაპური უზარმაზარი გამოწვევის წინაშე იდგა, თანაც არც იარაღი ჰქონდა, არც ტექნოლოგია, არც სასმელი წყალი და არც სასოფლო–სამეურნეო მიწა. მათ უბრალოდ დაიჯერეს, რომ შეეძლოთ ყველაფრის შექმნა.

იქაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ შექმნეს დიდი სამხედრო წარმოება, რომელზე დაყრდნობითაც შექმნეს სხვადასხვა ტექნოლოგიები, მათ შორის, კომპიუტერული ტექნოლოგიები.

ამიტომ, ეს ქარხანა და ეს ტექნოლოგიები საქართველოსთვისაც არის მომავალი ინდუსტრიული პოტენციალის იმედის მომცემი საფუძველი.

2008 წელს, ღია ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, იარაღის მოწოდების წყაროს გარეშე დავრჩით. არა იმიტომ, რომ ვინმე გვემტერებოდა, არც იმიტომ, რომ რუსეთის შეეშინდათ, უბრალოდ მიაჩნდათ, რომ საქართველო აღარ იარსებებდა.

რუსეთის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხედარი და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მალე აღარ იარსებებს.

ეს საერთაშორისო თანამეგობრობის 90 პროცენტმა დაიჯერა.

როგორ შეიძლებოდა, რომ არ დაეჯერებინა? რომელ ქვეყანაში შევიდა საბჭოთა კავშირი და რომელი ქვეყანა არ ჩამოემხო მაშინვე? რომელი მთავრობა არ გაიქცა რამდენიმე საათში და  არ აირია ყველაფერი?

თქვენ იცით რაც მოხდა ავღანეთში, იცით რაც მოხდა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს, იცით რაც მოხდა უნგრეთში 1956 წელს...

გამოცდილება ჰქონდათ ასეთი და ჩათვალეს, რომ ზუსტად იგივე მოხდებოდა საქართველოშიც.

თქვენ იცით რაც მოხდა საქართველოში 90–იან წლებში. მაშინ მოსკოვმა ერთი მთავრობის დამხობის ორგანიზება მოახერხა, პრაქტიკულად, მეორე მთავრობაც დაამხო, მაგრამ ის ხელისუფლება იმის ფასად დატოვეს, რომ მათ ყველაფერი დათმეს.

ახლა არაფერი გამოვიდა -საქართველო გადარჩა და საქართველო ვითარდება. ასევე ვითარდება ამ ქვეყნის ეკონომიკა.

შარშან ეკონომიკური მაჩვენებელი 7 პროცენტით გაიზარდა, წელს ის 8 ან 9 პროცენტი იქნება, მომავალი წლიდან კი, 10-პროცენტიან ზრდას ვვარაუდობთ.

ჩვენი მთავარი ამოცანა არ არის ის, რომ ამ პროცენტებზე ვილაპარაკოთ, მთავარია, ეს პროცენტები თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახოს. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართოს.

როდესაც იარაღის შემოტანის პრობლემის წინაშე დავდექით, ჩვენს ადგილას ბევრი ხელს ჩაიქნევდა, დანებდებოდა, გაიქცეოდა, მაგრამ საქართველო არ არის ასეთი ქვეყანა და ქართველი ერი არ არიან ასეთი ერი.

ჩვენ დავიწყეთ საკუთარი წარმოების აწყობა და მივხვდით, რომ ამას მხოლოდ კარგი ორგანიზება სჭირდება.

ქარხანა სახელმწიფოს პირად კონტროლზე გადავიდა და აღმოჩნდა, რომ ყუმბარმყორცნების გამოშვებაც შეგვიძლია, ავტომატებისაც, ახლა უკვე ანტისატანკო იარაღისაც და სხვა ტექნიკისაც.

ანტისატანკო იარაღს არავინ არ გვაძლევდა, მაგრამ ახლა ყიდვაც აღარ გვჭირდება - ჩვენი გამოვუშვით და უკვე საკუთარი გვაქვს, რომელიც ორჯერ უფრო ნაკლები გვიჯდება, ვიდრე უცხოეთში ნაყიდი.

დარწმუნებული ვარ, კარგად ვიმუშავებთ და ანტისარაკეტო სისტემასაც ავაწყობთ.

გუშინ უპილოტო საფრენი აპარატი გამოვცადეთ, რომელიც ზოგიერთს სათამაშო ეგონა. აბა, იყიდეთ ასეთი სათამაშო - რომელიც ავტონომიურ რეჟიმში 8 საათს დაფრინავს, აქვს ელექტრონული კამერები და დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ პირობებში შეუძლია გადაღება.

მომავალი წლიდან გვექნება ამის ანალოგია, რომელიც ბევრად ეფექტიანი იქნება და შეეძლება იარაღის გადატანაც და ბევრად უფრო დიდ მანძილზე ფრენაც. 

ჩვენ ახალ ელექტრონულ ტექნოლოგიებს ვავითარებთ და ეს არის ჩვენი მომავალი.  

თავდაპირველად, არსებული ცოდნის კოდიფიცირება მოხდა და ეს პირველი ეტაპია, შემდგომში სულ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა აითვისოს ახალი ტექნოლოგია.

ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა იმითაც გამოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ახალგაზრდების გასაგონად დავიწყე ლაპარაკი საინჟინრო დარგების აღორძინებაზე, ტექნოლოგიების განვითარებასა და, ამ მხრივ, სამომავლო დიდ პერსპექტივაზე,  ახალგაზრდობამ ირწმუნა. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ არავინ დაგვიჯერებდა.

ფაქტი ჯიუტია - სამხედრო აკადემიაში სამხედრო–საინჟინრო სპეციალობებზე სულ 40 ადგილია და ერთ ადგილზე 70 კაცი აბარებს. ეს ყველა დროის რეკორდია.

აგრარულ უნივერსიტეტში ელექტრო-საინჟინრო ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 36 კაცი მოდის,  ფიზიკის ფაკულტეტზე - 15 აბიტურიენტი, მაშინ, როდესაც საქართველოში ფიზიკის განხრით კონკურსი არასდროს არ ყოფილა.

ინფორმატიკის მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ ადგილზე 7 ადამიანი აბარებს.

ამას წინათ, პროფესიული სასწავლებლების ათასლარიანი ვაუჩერები დავარიგეთ და პროცესი ორ დღეში დასრულდა, რადგან ხალხს ახალი სპეციალობების ათვისება სურს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ, თითქმის, აღარაფერს შევიძენთ სხვისგან, არამედ ამ პროდუქციის დიდი ექსპორტიორებიც გავხდებით. ამ თვალსაზრისით, უცხოეთში უკვე ვაწარმოებთ კიდეც მოლაპარაკებებს ჩვენს ჯავშანტრანსპორტიორებზე, ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე, უფრო ხარისხიან იარაღზე და თავადვე აღვჭურვავთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. 

ამ ტექნოლოგიებიდან ბევრი სამოქალაქო ტექნოლოგია იჩენს თავს.

უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც გუშინ გამოვცადეთ, მხოლოდ სამხედრო დანიშნულების არ არის.

ასეთ ტექნიკაზე დღეს დიდი მოთხოვნაა მსოფლიოში სამოქალაქო მიზნებისთვის.

საქართველოში "ინტელის" კომპიუტერული ქარხანა გვაქვს და, სხვათა შორის, მათი გამოშვებული სხვადასხვა სახის პროდუქცია სუფთა ქართული ბრენდით დავაპატენტეთ.   

ზუსტად ასევე გავრცელდება მსოფლიოში ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ახლა ვამუშავებთ.

ქვეყნის თავდაცვა ძალზე მნიშვნელოვანია და, ამ მხრივ, ახლა მართლაც საოცრება ხდება.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რუსეთი აფხაზეთს გვართმევდა და თბილისის რესტორნები მოქეიფე ხალხით იყო სავსე. 1992-93 წლებში უამრავი ტყვია-წამალი იხარჯებოდა სადღესასწაულო დღეებში, იქ კი, სადაც რუსეთი გვეომებოდა, ტყვია-წამლის მუდმივი დეფიციტი იყო.

საქართველოში შვქმენით რეზერვისტთა სისტემა. საქართველოს 30 000-კაციანი შიარაღებული ძალები აქვს. ეს მცირე, მაგრამ მობილური შემადგენლობაა. თუმცა, ამას გარდა, დავიწყეთ რეზერვისტთა სისტემის ხელახლა აწყობა.

ჩვენ მტერს და მათ ქართველ „აგენტებს“ ეს ძალიან აღიზიანებთ, მაგრამ ფენომენალური შედეგი მივიღეთ - ყველს სოფელში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, ყველა ზრდასრული მამაკაცი რეზერვში ჩაეწერა.

შედეგი მართლაც გამაოგნებელი გვქონდა, რადგან ეწერებოდა საქართველოს ყველა მოქალაქე ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. მაგალითად,  აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში მამაკაცების 100 პროცენტი ჩაეწერა.

ეთნიკური სომხებით დასახლებულ რამდენიმე სოფელშიც ზუსტად იგივე ვითრებაა.

ასეთივე მდგომარეობაა, რა თქმა უნდა, ეთნიკური ქართველებით დასახლებულ  ადგილებში.

საქართველოს მასშტაბით, ზაფხულში 70 000 ასეთი ნებაყოფლობითი რეზერვისტი გვეყოლება მომზადებული, მომავალ წელს კი - 150 000, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სოფელს ეყოლება თავდაცვის რაზმი.

ეს არის მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტია.  

ფაშისტურმა გერმანიამ უარი თქვა შვეიცარიაში შესვლაზე, რადგან შვეიცარია ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელსაც აწყობილი ჰქონდა რეზერვისტთა სისტემა.

2008 წელს კარგად დავინახეთ, რომ შიდა ტერიტორიული დაცვა გვჭირდება. დავინახეთ ისიც, რომ ჩვენ გარდა, ჩვენს საქმეს არავინ არ გააკეთებს.

ყველა ევროპული ქვეყანა ადვილად აიღეს, გარდა იმ ქვეყნისა, რომელსაც ქონდა კარგი რეზერვისტთა სისტემა.

უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სამშობლოს დაცვა ამ ქვეყნის მოქალაქეების მოვალეობაა და, რა თქმა უნდა, ამას ყველა ერთად გავაკეთებთ, მაგრამ როდესაც ხალხს ამზადებ, აუცილებელია მათი აღჭურვა.

უდავოდ გამიხარდება, რომ თუ დამოკიდებული ვიქნებით არა ევროპული თუ სხვა ქვეყნების მიერ მოწოდებულ იარაღზე, არამედ ჩვენს ნაწარმზე.

ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი იარაღი და წარმოება უნდა ამუშავდეს - არ ჯობს თავად გამოვუშვათ ხუთჯერ ან ათჯერ იაფად და თან ხალხი დავასაქმოთ? თანაც, როგორც კი ჩვენ მოთხოვნებს სრულად დავაკმაყოფილებთ, უცხოეთში გავყიდით.

მშვიდობისთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს თავისი წარმოება. მით უმეტეს, როდესაც ჰყავს კვალიფიციური სპეციალისტები, აქვს რეზერვის სისტემა და საკუთარი შეიარაღებული ძალები. ყველა შესაძლო აგრესორისთვის (საქართველოს შემთხვევაში, ყველამ ვიცით, რომ აგრესორი მხოლოდ ერთია), ეს არის შემაკავებელი ძალიან მკაფიო ფაქტორი.

თავის მხრივ, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვითარების პრობლემა არ შეექმნას ჩვენს ეკონომიკას და გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც საქართველო სინგაპურიზაციამდე უნდა მიიყვანოს.

ხშირად, ზოგიერთები ამბობენ: ჩვენ ხომ ევროპული ქვეყანა ვართო.

რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყანა ვართ პოლიტიკური სისტემით, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების, განათლების მაღალი დონის, განვითარების თვალსაზრისით, ნახტომი გვჭირდება.

ჩვენ ვერ ვიქნებით საშუალო სტატისტიკური შუა ევროპული ქვეყანა, რომელსაც წელიწადში გაჭირვებით თუ ექნება 2–3 პროცენტიანი ზრდა.

ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესო, რათა ქვეყანა წავიდეს წინ.

ახლა ისეთ პირობები და გეოგრაფიული ფაქტორები გვაქვს, ისეთი საფრთხეების წინაშე ვდგავართ და ისეთი მწარე გამოცდილება მივიღეთ, რომ არ შეიძლება საქართველო ნებისმიერ საშუალო ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, ხუთჯერ, ექვსჯერ უკეთესი არ იყოს.

ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს არის ჩემი ამბიცია.

ეს არ არის ჩემი ფანტაზია - ეს არის ის, რაც საქართველოში მაინც ხდება გარე და შიდა მტრის ყველა ხრიკის მიუხედავად.

ვერავინ ვერ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას, რადგან ჩვენ უკვე გავიგეთ დამოუკიდებლობის არსი.

რაც  შეეხება ტექნოლოგიებს, ეს ყველა დონეზე გვჭირდება.

როდესაც ბავშვი პირველ კლასში მიდის და ხელში მას კომპიუტერს აძლევენ, როცა მას ამერიკელი მასწავლებელი ხვდება და ეცხო ენას ასწავლის, იგი სხვა ფსიქოლოგიით იზრდება. როგორი ღარიბი ოჯახიდანაც არ უნდა იყოს ის, გაჭირვებასა და სიღარიბეში დაბრუნებას აღარ მოინდომებს.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში სიღარიბე 52 პროცენტი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების 52 პროცენტი დღეში 2 დოლარზეც ვერ ცხოვრობდა.

ახლა, სხვადასხვა მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ორნახევარჯერ არის შემცირებული, თან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს ვაძლევთ სამედიცინო დაზღვევას, ვაძლევთ თუნდაც მინიმალურ ფულად დახმარებას.

ხშირად მინახავს ოჯახები, რომლებიც სოციალური დახმარების სახით, მაგალითად, 50- 70-80 ლარს და სამედიცინო დაზღვევას მიიღებენ და შეგუებული არიან ამ მდგომარეობას – აღარც სამსახურს ეძებენ და აღარც მიწას ამუშავებენ იმის მიუხედავად, რომ ჰექტარნახევარი აქვთ მიწა.  

ეს ვერ დააკმაყოფილებს ჩვენს ეკონომიკას.

ჯერ ერთი, ჩვენ არ ვართ ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მინიმუმის მხოლოდ მინიმუმის მიცემა შეგვიძლია თუნდაც იმ პირობებში, როცა არც კორუფციაა და არც ფულის მოპარვის საშუალებას ვაძლევთ ხალხს.

ეს არ არის ის, რასაც ჩვენი საზოგადოება იმსახურებს.

ჩვენ გვჭირდება რეალური განვითარება, რათა თითოეულმა ქართულმა ოჯახმა მდიდრულად იცხოვროს.

წორედ ამის გამო გვინდა სკოლებში კომპიუტერები და ამერიკელი მასწავლებლები.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტთა 80 პროცენტი აბარებდა რუსულ ენას, 20 პროცენტი კი - უცხო ენას. 2 წლის წინათ, ეს პროპორცია გათანაბრდა. წელს მათი 77 პროცენტი ინგლისურ ენას აბარებს და მხოლოდ 14 პროცენტი - რუსულს.

რუსულიც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ პროგრესის ენა და ინფორმაციის მთავარი წყარო დღეს რუსული აღარ არის. ისინიც ინგლისურს სწავლობენ.

ამიტომ, ჩვენ შვილებს, უპირველესად, უნდა ვასწავლოთ ის ენა, რომელიც პროგრესისა და ინფორმაციის მომტანია.

ეს მთელ საზოგადოებას შეეხება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაძეს აქვს ძალიან კარგი იდეა - შემოვიღოთ კომპიუტერების გამავრცელებელი საზოგადოება.  ისე, როგორც, თავის დროს, ილია ჭავჭავაძემ შემოიტანა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.  

კომპიუტერების ცოდნა დღეს წერა-კითხვის ტოლფასია.

მაგალითად, ჩემი კომპიუტერის გამოყენება მე უფრო მიჭირს, ვიდრე ჩემს 6 წლის ვაჟს, რადგან პატარები უფრო ადვილად სწავლობენ ყველაფერს. მან ბევრი რამ იცის ისეთი, რაც მე არ ვიცი როგორ კეთდება.  

აღარაფერს ვამბობ, ჩემს 16 წლის შვილზე, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიო რეკორდსმენია.

ქართველებს ეს ნიჭი აქვთ.

კომპიუტერების გამავრცელებელი საზოგადოება იუსტიციის სახლებთან არსებული იქნება, იქ ყველა ასაკის ადამიანებს შეეძლებათ მისვლა და კომპიუტერებთან დაკავშირებული ცოდნის უფასოდ მიღება.

სხვათა შორის, რუსთავში უკვე გავაკეთეთ და ყოველდღიურად იქ რამდენიმე ათასი სხვადასხვა ასაკის ადამიანი დადის.

იუსტიციის სახლს ამ დღეებში ოზურგეთში ვხსნით - იქაც ვაკეთებთ ასეთ ცენტრს; თბილისში გაიხსნება უზარმაზარი სახლი, აქაც ასევე იქნება.

ეს ტექნოლოგიები სხვადასხვა დონეზე ყველამ უნდა ავითვისოთ.

სხვა ტექნოლოგიების გადაღება ჩვენ უკვე ვისწავლეთ და ეს ქარხანა სხვა არაფერია, თუ არა არსებული ტექნოლოგიების კოდიფიცირება, მაგრამ ახალი ტექნოლოგიები ისე უნდა ავითვისოთ, რომ კონკურენტუნარიანი გავხდეთ.

ჩვენი კონკურენტული ნიშა მსოფლიო ბაზარზე არის ის, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს შეეძლოს ინოვაცია, ახალი პროდუქტის შექმნა, მისი გამდიდრება და ისეთი წარმოების გაჩაღება, როგორსაც სხვა ქვეყანა ვერ ახერხებს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მაშინ შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც ყველა ქართული ოჯახი მდიდრულად იცხოვრებს.

მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ეს ქარხანა გადაარჩინეთ.

ჩვენ მეტალურგიულ ბაზას ვაფართოებთ - იცით, რომ ქართული მეტალურგიული ბაზაც თქვენი შეკვეთებისთვის მუშაობს.

მინდა, მადლობა გითხრათ „ლაზიკისთვის“ და „დიდგორისთვის“.

რუსებმა „დიდგორი“ რომ დაინახეს, „ივეკოს“ ბაზაზე  დაიწყეს „ბეტეერის“ აწყობა და ცდილობენ დააწიონ „დიდგორს“.  

ის, რომ რუსეთს სურს მოგვბაძოს პოლიციის შენობების, ფორმებისა და მანქანების, ან ეკონომიკური რეფორმების მხრივ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, უნდა მათი იმიტაცია, არ მიკვირს - ეს მათ არასდროს არ ჰქონიათ; მაგრამ თუ იარაღის წარმოების თვალსაზრისით დაიწყებდა მიბაძვას ე.ი. მართლაც რაღაც შეგვძლებია. ეს ჩემთვის მართლაც სიახლე და დიდი ამბავია. მათი ახალი ჯავშანტრანსპორტიორი, რომელსაც „ივეკოს“ ბაზაზე აკეთებენ, სხვა არაფერია თუ არა „დიდგორის“ მიბაძვა.  

ის სხვა ქვეყანა, სხვა წარმოება და სხვა მასშტაბებია და ჩვენ მათი კონკურენტები ვერ ვიქნებით, მაგრამ პატარა ქვეყანასაც შეძლებია რაღაცის გაკეთება იმ სფეროში, რომელიც ყოველთვის იყო მათი მონოპოლია და ეს მართლაც სასწაულია.  

სხვათა შორის, რუსების უპილოტო საფრენი აპარატები მუდმივად დაფრინავენ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ მათ ჩვენი გამოშვებული აპარატები ჯობია. ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგად შევისწავლეთ რა დაფრინავს და ბევრად უფრო დეტალური სადაზვერვო ინფორმაციაც გვაქვს.  

ახლა ამასაც თუ მიბაძავენ საინტერესო იქნება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ამოცანა არ არის მათთან კონკურენცია.

ჩვენი ამოცანაა, რომ საკუთარი ნიშა ვიპოვოთ, ჩვენი ეკონომიკა განვავითაროთ, ჩვენი ტექნოლოგიები შევქმნათ, ჩვენი ხალხი დავასაქმოთ, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და მუდმივად გვქონდეს გრძელვადიანი პროგრესის გარანტია.

აი, ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ამ ქარხნის გადარჩენა არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეძლო  საქართველომ შეუძლებელი, ყველანაირი საშინელი პროგნოზის მიუხედავად.

ეს არის იმის საფუძველი, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და  მომავალი.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც აქ მუშაობს, მართლაც, გმირია -  ხართ შრომის გმირებიც და ბრძოლის გმირებიც, რადგან თქვენ ბრძოლის წინა ხაზზე იყავით, მათ შორის პირდაპირი მნიშვნელობითაც.

ქარხანა, რომელიც იბომბებოდა, ქვეყანა, რომელიც გარდაცვლილად გამოაცხადეს, პრეზიდენტი, რომელიც მათი აზრით უკვე რამდენიმე წელია, რაც ცხედარია და სხეულის ერთი ნაწილით უნდა ყოფილიყო დაკიდებული, ერთად ვდგავართ აქ და ვუყურებთ ჩვენს „ლაზიკებს“, „დიდგორებს“, ჩვენს ყუმბარმტყორცნებს, უპილოტო საფრენ აპარატებს,  ანტისატანკო აპარატებს...

ეს არც სასწაულის შედეგია და არც რაიმე მოულოდნელობა - ყველაფერი თქვენი ხელებით არის შექმნილი.

ამისთვის, მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

ეს ერთი და სხვა მრავალი, ასე გავაგრძელოთ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)