საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს „დელტა“ ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს „დელტა“ ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი საწარმოო პროცესს გაეცნო და ადგილზე აწყობილი სამხედრო ნაწარმი დაათვალიერა. პრეზიდენტს ის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც გააცნეს, რომელიც ქარხანას აქვს.
„თითქოს მარტივი რამ არის ნაღმმტყორცნი, მაგრამ 120 მილიმეტრიანი ძალიან ძნელი საპოვნელია მსოფლიო ბაზარზე. ვფიქრობ, ამისთვის სერიოზული საექსპორტო ბაზარია. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ტექნოლოგიური გარღვევაა, რადგან ჩვენ ყველაზე მეტად ანტისატანკო იარაღი გვიჭირდა. მას შნურით მართვის შესაძლებლობაც აქვს და რადიოგადამცემითაც. ასევე შესაძლებელია ლაზერზეც გავაკეთოთ. ე.ი. უკვე გაჩნდა ქართული ანტისატანკო იარაღი. ამ ნაღმმტყორცნებითა და ყუმბარმტყორცნებით უნდა აღვჭურვოთ რეზერვისტთა ყველა შენაერთი. ძალიან მიხარია, რომ ქართული ავტომატიც გაჩნდა, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა მაინც ანტისატანკო შეიარაღება და ჩვენი მსუბუქი ნაღმტყორცნებია, რაც რეზერვისტებისთვის გვჭირდება. ჩვენი რეზერვისტები ქართული ავტომატებითაც უნდა შევაიარაღოთ. რაც შეეხება უპილოტო საფრენ აპარატს, უახლოეს წელიწადში შევძლოთ ამაზე დიდი უნდა შევქმნათ, რომელზეც იარაღის დამაგრება იქნება შესაძლებელი. ეს არის ჩვენი ამოცანა. მომავალი ეკუთვნის უპილოტო შეიარაღებულ ავიაციას და, ამ მხრივ, საქართველო უნდა იყოს მოწინავე. კარგია, როდესაც შეგიძლია თქვა, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაფრის წარმოება - დაწყებული პომიდვრის პასტით, დამთავრებული თვითმფრინავით, მაგრამ ამისათვის კარგად უნდა შევისწავლოთ მარკეტინგი, კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი და უნდა შემოვიტანოთ უცხოური ელემენტები, რადგან მსოფლიო ბაზარზე ცალკე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გავა 100 პროცენტით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი საწარმოს პერსონალსაც შეხვდა და მათ ამ წარმოებისა და, ზოგადად, საინჟინრო ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, მაღალტექნოლოგიური განვითარების მქონე ქვეყნების მსგავსად, საქართველომ უკვე შეძლო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოება, რაც უმთავრესი ფაქტორია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ქარხანა, ისევე როგორც სხვა საწარმოები, არის არა მარტო დასაქმების წყარო, არამედ საქართველოს ეკონომიკის, ტექნოლოგიების და ინდუსტრიის განვითარების საფუძველიც. ყურადღება მან იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ ქართველი სპეციალისტების ნაწილი, რომლებიც უცხო ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და აქ აგრძელებენ საქმიანობას. როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ინჟინრები მთელი მსოფლიოდან უნდა ჩამოვიდნენ და საკუთარ ქვეყანაში იმსახურონ.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ახლა მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება და აუცილებელია, ხალხს საქმის კეთებისა და ახალი პროდუქტის შექმნის საშუალება ჰქონდეს. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მხრივ, საქართველო ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, რისთვისაც, მისივე განცხადებით, უფრო მეტი კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებაა საჭირო. მან აღნიშნა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო და საინჟინრო დარგებზე გაზრდილი მოთხოვნაც ხალხის ნდობის მანიშნებელია და ქვეყანა დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
ამჟამად, საწარმოში 2500 ადამიანი მუშაობს, თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, არის პერსპექტივა იმისა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ქარხანაში გასამმაგდეს.