Google+

სიახლეები

09.04.2012
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მიმართა

დღეს 9 აპრილია.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვიდრე ყვავილებით შევამკობთ 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალს, მსურს, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მოგმართოთ.

მინდა მოგმართოთ და გესაუბროთ ჩვენი ერის არსობაზე, ჩვენი ბრძოლის შინაარსზე და იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს დანიშნულებას ამ პროცესში.   

მსოფლიოში ბევრი ერია. არიან ერები, რომლებიც ადვილად ეგუებიან მარცხს, თავისუფლების წართმევას.

ჩვენ ასეთი ერი არ ვართ.

არიან ერები, რომელთა მთავარი ლოზუნგია: "სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს...".

ჩვენ ასეთი ერი არ ვართ.

არიან ერები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ საკუთარი შვილები, ლამის, გმირობამდე მიდიოდნენ უცხო ერების, იმპერიების მორჩილებასა და სამსახურში. „გმირებად“ კი მათ რაცხავენ, ვინც მეტად მოიგებს დამპყრობლის გულს, ვინც უფრო გაუმარტივებს მათ თავისი სამშობლოს განადგურებას  და ფეხქვეშ გათელვას – ასეთი ერებიც არსებობენ.

ჩვენ ასეთი ერი არ ვართ.

არიან ერები, რომლებსაც დამპყრობლის გაწვდილი პეშვიდან, გალიაში ჭამა ურჩევნიათ თავისუფლებას.

ჩვენ ასეთი ერი არ ვართ.

ისტორიის განმავლობაში ბევრმა ერმა და ბევრმა ჩვენმა დამპყრობელმა დაუშვა შეცდომა საქართველოსთან მიმართებაში.

ეს შეცდომები, ძირითადად, უცხოელებს მოსდიოდათ, მაგრამ მათ შორის, ზოგიერთი  ქართველიც იყო.

ისტორიაში ისეთი ადამიანებიც მოიძებნებიან, რომლებიც საკუთარ მომავალს და თავს მხოლოდ იმპერიის შემადგენლობასა და მის მორჩილებაში ხედავენ, თავიანთ წარმატებას - მომხვდურის სამსახურში, კარიერის კეთება მხოლოდ მისი ჩექმის ქვეშ წარმოუდგენია და მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის გარანტიებს ეძებენ.

ასეთებს ჩვენი ქვეყნის მორჩილების იდეა სწამთ და საქართველოს თავისუფლების იდეას ეწინააღმდეგებიან.

ეს არის ჩვენი ყოფა. მთელი ჩვენი ერის ისტორია არის თავისუფლებისა და  მორჩილების იდეების ჭიდილი.

ყოველთვის მოიძებნებიან ქართველები და მომხდურები, რომლებიც ცდილობენ მორჩილების იდეა მოგვახვიონ თავს.

და არიან ქართველები, რომლებიც თავისუფლების იდეისთვის იბრძვიან.

მოდით, დღეს, სწორედ 9 აპრილს ვკითხოთ საკუთარ თავს – რატომ ვარსებობთ დღეს როგორც ერი?  როგორ მოვაღწიეთ აქამდე? როგორ გადავრჩით ეს მცირერიცხოვანი ერი აურაცხელი მტერის გარემოცვაში? როგორ შევძელით ჩვენი ენის, კულტურის, რწმენის შენარჩუნება, ჩვენი თვითყოფადობის შენარჩუნება? დაბოლოს, როგორ შევძელით ის, რომ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებლობა, ეროვნულობა და სახელმწიფოებრიობა?

პასუხი მარტივია - პასუხი ჩვენმა ისტორიამ გასცა.

მორჩილებისა და თავისუფლების იდეებს შორის ჭიდილში საქართველოში ყოველთვის თავისუფლების იდეა იმარჯვებს.

ჩვენი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი, როდესაც თავისუფლების იდეა თითქოს  განწირული იყო, ყოველთვის ჩნდებოდნენ ქართველთა დიდი ჯგუფები ან ცალკეული ქართველები, რომლებიც ამაყად აფრიალებდნენ თავისუფლების, დამოუკიდებლობის,  მომავლის დროშას.

80–იანი წლების ბოლოსთვის საქართველოში თაობები გაიზარდა მონობასა და უცხო ქვეყნის სამსახურში, სხვაგვარად არსებობა ვერც წარმოედგინათ. 

1989 წლის აპრილში, როდესაც ჯარი შემოიყვანეს, თავისუფლების იდეისთვის მებრძოლთა მიმართ მათი მთავარი რჩევა იყო ის, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ, სახლებში ყოფილიყვნენ, თავი არ გამოეყოთ და ცხოვრება ძველებურად გაეგრძელებინათ.

უიმედო სიტუაციის მიუხედავად, ტანკების, ნიჩბების, მომწამლავი გაზის გამოყენების მიუხედავად, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, უკან არ დაიხიეს.

მათ დაამტკიცეს, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების იდეა ყველაზე უფრო მძლავრი იდეაა და საბოლოოდ, ის ყოველთვის დაუმარცხებელი აღმოჩნდება.

ეს იდეა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ტანკი, ნებისმნიერი ქვემეხი, ნებისმიერი ავტომატი.

9 აპრილი ჩვენს ისტორიაში ბოლო ტრაგედია არ ყოფილა.

ამის შემდეგ იყო აფხაზეთი და სხვა პროვოკაციები; მოგვიანებით კი - 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელშიც ბევრად მეტი ხალხი დაეცა, ვიდრე 9 აპრილს.

2008 წელს იყვნენ ქართველები, რომლებიც ასევე იყვნენ მორჩილების იდეის ერთგული. იყვნენ ქართველები, რომლებიც დაიმალნენ და ხმა არ ამოუღიათ; და იყო ასობით ათასი ადამიანი, რომლებიც ამ შენობის წინ შეიკრიბა მთელი მსოფლიოს აღტაცებული მზერის წინაშე.  (ზოგიერთი ქართველი, რომელსაც დღეს ეს კონცერტი ჰგონია, ვერასდროს ვერაფერს ვერ მიხვდება, რადგან მაშინაც ვერაფერს მიხვდა და დაიმალა). 

ეს იყო ხალხის აღმაფრენის უმაღლესი მწვერვალი, იმინს ნიშანი, რომ გამოწვევის, საფრთხის წინაშე თავს არ დავხრიდით. არადა, ყველამ ვიცოდით, რომ ამ მიტინგის დაბომბვის ბრძანება იყო გაცემული.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცოდით, რომ დამპყრობლის წინამძღოლი იმ დღეებში ტრაბახობდა, მათ შორის უცხოელი ლიდერების წინაშე: თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილი მიტინგი ჩემს რაკეტებს მიზანში აქვს ამოღებული და მიტინგის ორგანიზატორებს და საქართველოს მთავრობის წევრებს ავაფეთქებო.

ამის მიუხედავად, ხალხი არ დაიშალა და უკან არ დაიხია.

2008 წელი მათთვის ძალიან დიდი მარცხი იყო.

თუმცა, საქართველო საბოლოოდ გამარჯვებული მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც საკუთარ ტერიტორიებს ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებს.

მტერი, რომელიც შეჩვეული იყო სრულ მორჩილებას და არა მხოლოდ ჯარის შეყვანით, არამედ მის ერთ ნიშანზე ერები ბანქოს სახლების მსგავსად იშლებოდნენ, ხედავდა, რომ ჩვენი დროებით წართმეული სოფლების ნაცვლად, ახალი სოფლები ავაშენეთ; მართალია, ის არ უშვებს ჩვენს ხალხს საკუთარ მიწა-წყალზე, მაგრამ ჩვენ ახალ ქალაქებს ვაშენებთ, ის ყველა მეთოდით – ემბარგოს, შეტევების, მუქარის, პროვოკაციების საშუალებით ცდილობს საქართველოს გზიდან აცდენას, მაგრამ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო სწრაფად ვითარდება.  

პირველად, მრავალი საუკუნის განმავლობაში კავკასიაში საქართველომ შექმნა ის, რის შესაძლებლობასაც ვერავინ ვერ დაუშვებდა – მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური, მრავალკულტურული თანამედროვე სახელმწიფო.

ჩვენი მართვა მათთვის ხომ ძალიან მარტივი იყო - ერთი ეთნიკური ჯგუფი მეორეს უპირისპირდებოდა, ერთი რელიგიური აღმსარებლობა მეორეს და მესამეს... ამის გამო მიაჩნდათ, რომ კავკასია თანამედროვე სახელმწიფოს ვერასდროს ვერ შექმნიდა. ამიტომ კავკასიაზე უფრო ადვილი სამართავი რეგიონი, მათთვის არ არსებობდა.  

აი, ამ იდეას ანგრევს თანამედროვე საქართველო!

აი, ამ იდეას ებრძვიან ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრები და საქართველოს დამორჩილების მსურველები!

ის, ვინც დღეს ხელს აღმართავს საქათველოში ეთნიკურ შემწყნარებლობაზე, ყველა ეთნიკურ ჯგუფთან თანამშრომლობაზე, პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს!

ის, ვინც დღეს საქართველოში რელიგიური შუღლის გაღვივებას ცდილობს, პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს!

ამას თამამად ვაცხადებ, რადგან ასე გვმართავდა მტერი საუკუნეების განმავლობაში.

დღეს, თუკი ვინმე ქადაგებს საქართველოში მოქალაქეთა შორის უთნასწორობას, ხალხის დაყოფას სხვადასხვა ფენებად - მდიდრებად და ღარიბებად, პრივილეგირებულებად და არაპრივილეგირებულებად, რომელიმე ქალაქის ან მისი ცენტრის წარმომადგენლებად და სოფლის მცხოვრებლებად, ის ემსახურება საქართველოს მტერს, რადგან ასე გვმართავდა მტერი ყოველთვის.

მათთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობაში პოპულარული არ ყოფილიყო სახელმწიფოებრიობის იდეა. 

ის, ვინც დღეს ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე დ, მათ შორის, ქართულ  რეზერვისტთა იდეაზე, პირდაპირ ესმახურება საქართველოს მტერს და ქართველმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის.

საქართველოში მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში, რეზერვისტთა რიგებში 50 ათასი ადამიანი ჩაეწერა და ეს რიცხვი ზაფხულამდე 100 ათასს მიაღწევს.

არაფერს ვამბობ გაწვეულ რეზერვზე, მე ვლაპარაკობ ნებაყოფილობით რეზერვისტებზე, იმ ქართველებზე, ვისაც უნდა საკუთარი ქალაქის, რაიონის, სოფლის, უბნის, მიკრორაიონის თუ კორპუსის დაცვა. ეს ადამიანები ამისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნასა და იარაღს.

ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ჯგუფის ახირება.

ამ ხალხს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, სხვადასხვა აღმსარებლობა აქვს და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ მათთვის ერთნაირად ძვირფასია ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა.

მეამაყება, რომ ჩვენს ჯართან ერთად, ეს ხალხიც ჩამოყალიბდა საქართველოში.

იყო დრო, როდესაც საქართველოს ერთ ნაწილს მტერი ჯიჯგნიდა და თბილისში ყველა რესტორანი სავსე იყო მოქეიფე და მხიარული ადამიანებით. ასეთი რამეც მინახავს. ჩვენ აღარასდროს არ უნდა აღმოვჩნდეთ ასეთ მდგომარეობაში.

იყო დრო, როდესაც ერთი და იგივე რამდენიმე ასეული კაცი თავს აკლავდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, როგორც იუნკერები, რომლებიც აი ზუსტად ამ ადგილზე დაეცნენ  და სხვა ქართველები აფრიალებდნენ დამპყრობლის დროშას ან დამპყრობელს მოუძღოდნენ წინ საქართველოს ასაღებად. ჩვენ აღარასდროს არ უნდა აღმოვჩნდეთ ასეთ მდგომარეობაში.

აი, ეს არის განსხვავება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოებასა და მორჩილების იდეის მატარებელთა შორის.

დღეს მე ვიყავი საქართველო-რუსთის საზღვარზე. ყველამ კარგად ვიცით, რაში მდგომარეობს  ქართლის დედის იდეა - ერთ ხელში მას თასი უჭირავს, მეორე ხელში კი – მახვილი.

ჩვენ განსაკუთრებულად სტუმართმოყვარე ერი ვართ და ყველა სტუმრის ჩამოსვლა გვიხარია.

სხვათა შორის, დღეს ამ საზღვარზე გადმოდიოდნენ რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის,  კავკასიელები და როდესაც მივესალმე, რამდენიმე მათგანმა მითხრა: „თქვენც გადმოდით ჩვენთან, ჩვენც სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში“.

მითხრეს, მაგრამ თავადვე მიხვდნენ, რომ დღეს ეს შეუძლებელია.

იმ წუთებში კიდევ ერთხელ დავინახე სიტუაციის ტრაგიზმი. მათთვის, კავკასიელებისთვის, საქართველო მათი მრავალსაუკუნოვანი ოცნების განსახიერებაა - კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნისა, სადაც მნიშვნელობა რომელიმე კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს ან რომელიმე კონკრეტულ აღმსარებლობას კი არ მიენიჭება, არამედ თანასწორობის იდეას; რომ  ყველა ადამიანი თანასწორი და თავისუფალია, ყველა თავისუფალად გადაადგილდება, თავისუფლად ურთიერთობს, თავად მართავს საუთარ ქვეყანას და თვითონ არის თავის ბედის ბატონ-პატრონი.

რუსული იმპერიის არსი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კავკასიელების ბუნებას - როგორც ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ერი, მათაც ასევე სურთ გულთბილად მიგვიღონ ჩვენ.

ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: „სირცხვილია, რომ ჩვენ არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან“. ესეც, რა თქმა უნდა, დროებითია, რადგან ვერაფერი ვერ გააჩერებს ვერც ჩვენს ბუნებას და ვერც თავისუფლების ინსტინქტს.

სტეფანწმინდაში დღეს ასევე ერთი ადგილობრივი მცხოვრები შეგვხვდა, საკმაოდ ასაკოვანი და მისი ნათქვამის ციტირებას ვახდენ - ეს ნამდვილად არ არის ჩემი სიტყვები: „დღესაც მოიძებნებიან ნაძირლები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ერთდაერთი პრობლემა არის სააკაშვილი“ და თქვა: „მე თვითონ ავიღებ იარაღს ხელში, როგორც კი აქ რუსები შემოვლენ იარაღით“.

ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენი ქვეყანა როდესმე კიდევ ჩაუვარდეს ხელში რუსეთს, უცხო დამპყრობელს.

ეს მოხევე, ხევის მკვიდრი, ყაზბეგის მკვიდრი, არის ლელთ ღუნიას პირდაპირი შთამომავალი - იმ ლელთ ღუნიასი, რომელიც ოცნებობდა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გეყუდნეს“.

მან სიტყვები ილია ჭავჭავაძეს უთხრა, ილია კი, დაპყრობილი საქართველოს მოღვაწე იყო, რომელიც ცდილობდა, თუნდაც ცნობიერების დონეზე შეეგროვებინა გაბნეული ქართული იდენტურობა, გაბნეული ქართული მენტალიტეტი.

დღეს ჩვენ ყველანი ილიას მემკვიდრეები ვართ, ოღონდ ჩვენ ათასჯერ ძლიერი იარაღი გვიჭირავს, ვიდრე მას ჰქონდა - მას ხელში კალამი და კერძო ბანკის დავთრები და ვექსილები ეჭირა, ჩვენ კი ხელთ გვაქვს არა მხოლოდ იდეა, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის განხორციელებული, ფესვგადგმული რეალობა.

ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საქართველო–რუსთის საზღვარზე.

რამდენადაც სტუმართმოყვარე ერი ვართ ჩვენ, ქართველები და ასე გვიცნობს ყველა, ზუსტად ასევე შეუპოვარი ვართ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ჩვენ გავუგეთ გემო დამოუკიდებლობის იდეას; გავუგეთ გემო წარმატებას, რომელსაც თავისუფლების პირობებში აღწევ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორია 2003 წელს არ დაწყებულა (ზოგიერთი გვადანაშაულებს, რომ ჩვენ ასე ვფიქრობთ).

პირადად მე გავიზარდე ოჯახში, რომლის მრავალი თაობა შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

გუშინ ტელევიზიით გადაცემა იყო მიხაკო წერეთელზე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ–ერთ ლიდერზე. ბავშვობიდან მესმის მიხაკო წერეთლის სახელი და ასე ვიზრდებოდი, რადგან იგი ჩვენი ძალიან ახლო ნათესავი იყო. იმ დროს მისი სახელის ხსენებაც იკრძალებოდა, თუმცა ჩემს ოჯახში ის იყო ხატება.  

ჩემი ოჯახის ძალიან ბევრი წევრი შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და, რა თქმა უნდა, ეს თაობიდან თაობას გადმოგვეცემოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორია 2003 წელს არ დაწყებულა, მაგრამ 1989 წლიდან 2003 წლამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი იდეის დისკრედიტაციის უწყვეტი პერიოდი იყო.

სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხალხისთვის ვერც დენის მიწოდება, ვერც განათლების მიღება, ვერც ელემენტარული დაცულობის გრძნობა, ვერც კეთილდღეობის ზრდა. ყოველივე ამით  ერთი მუჭა ადამიანები ხეირობდნენ.

მაშინ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქართველ ერს ეთქვა: „თუ ეს არის თავისუფლება, მაშინ წყალსაც წაუღია ის. თუკი ყველაფერი კეთდება მხოლოდ ერთი მუჭა ხროვისთვის, რომელსაც სახელმწიფოებრივი იდეალები არაფერად უღირს (რომელთა უდიდესი ნაწილი, სხვათა შორის, დღეს ისევ იმპერიას ემსახურება), რაღა მნიშვნელობა აქვს ასეთ თავისუფლებას?“

2003 წელს „ვარდების რევოლუციამ“ მოიტანა სხვა რამ.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქართული სახელმწიფოს უწყვეტი წარმატების ციკლი დაიწყო.

საქართველოს დღევანდელმა თაობამ გაიგო, თუ რას ნიშნავს თავისუფლება და ეს მხოლოდ ჩვენ კი არა, ყველამ დაინახა ჩვენს გარშემო.

დაინახეს იმ კავკასიელებმა, რომლებიც ახლა შემოდიან ლარსის პუნქტიდან, დაინახეს უკრაინელებმა, დაინახეს მოლდაველებმა, ჩვენმა მეზობლებმა, შუა აზიის ერებმა და დაინახა დამპყრობლის საზოგადოების უმეტესმა ნაწილმაც.  

1989 წელს იმპერიამ იმიტომაც დაიხია უკან, რომ რუსეთშიც იყო წესიერი ხალხი.

ძალიან კარგად მახოვს ანატოლი სობჩაკი, რომელიც გავიცანი კიდეც და ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა.

კარგად  მახსოვს ბევრი სხვა რუსი მოღვაწე, რომლებმაც განგაშის ზარი ჩამოკრეს მას შემდეგ, რაც აქ მოხდა.

შემდეგ რუსეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო შეძულებოდათ რუსეთში. ავტორიტარული კონტროლის პირობებში კი ეს შესაძლებელია.

2008 წლის ომი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ხალხს აბრუებდნენ, რათა საქართველო თავისი მტრად აღექვა.

2008 წელს მთელი მსოფლიო დადგა ჩვენთან ერთად.

ექვსი წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი იდგა ჩვენთან ერთად მიტინგზე, რომელიც მიზანში ჰქონდა ამოღებული რაკეტებს.

დღეს რუსეთის იმპერია და მისი გოშიები ასობით მილიონს ხარჯავს დასავლეთში – ამერიკაში, ევროპაში, რათა საქართველოს აღარ დაეხმარონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით ვერაფერს მიაღწევენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ავტორიტეტი დღეს გაცილებით მაღალია,  არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოებრივი აზრი საქართველოს მიმართ სასიკეთოდ იცვლება თავად რუსეთშიც.

აი, ამისთვის გვინდა ჩვენ გახსნილი საზღვრები, ამისთვის გვჭირდება განვითარება, ამისათვის გვსურს მეტი კულტურული გაცვლა, ამიტომ უნდა ვაწარმოოთ მეტი დიალოგი იმ ხალხთან, რომელთა ნათესავები, მამები ან ოჯახის წევრები, შესაძლოა, ხოცავდნენ ჩვენს დებს და ძმებს;  შეიძლება, მათი ოჯახის წევრები დღეს თელავენ გამოყრილი ქართველების მიწასა და სახლებს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში, მაგრამ ეს მდგომარეობა დროებითია იმიტომ, რომ არაბუნებრივია.

ჩვენ აუცილებლად მოვნახავთ გზას იმ საზოგადოებასთან.

მათ, ისევე უნდათ თავისუფლება, როგორც ჩვენ და ვინაიდან ჩვენ ვართ ერი, რომელმაც უკვე მოიპოვა თავისუფლება, მათ, როგორც არასდროს, ესმით და გათავისებული აქვთ იდეა იმის თაობაზე, რომ სადმე, ყველაზე უიმედო ვითარებაშიც კი, თავისუფლებამ შეიძლება გაიხაროს.

ამიტომ არის დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

ბევრი თქვენგანი მსურს დავაჯილდოვო და ვთქვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ ბოლო წლებში გავაკეთეთ, არის ის, რომ საქართველომ შექმნა სამხედრო წარმოება.

ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს როდესმე შეეძლო მაღალტექნოლოგიური წარმოების აწყობა?!

რა თქმა უნდა, ანდაზა „გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებ“, ჩვენს შემთხვევაში არ გამართლდა – ჩვენ გაჭირვება გვიჩვენეს, იყო პერიოდი, როდესაც ძალიან გაგვიჭირდა  თავდაცვითი იარაღის შეძენა, მაგრამ კი არ გავიქეცით, ხელები დავიკაპიწეთ და ვუჩვენეთ, რომ ქართველი მეორე ხარისხოვანი არ არის არც ინტელექტით და არც შრომის უნარით. შრომა ჩვენ არ გვეზარება და პირიქით, შეიძლება, ბევრზე მეტადაც შეგვიძლია.

ჩვენ ორი ბრწყინვალე მანქანა შევქმენით და ხვალ პირველად უნდა გამოვცადოთ მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ჩვენი უპილოტო მანქანა და კიდევ ძალიან ბევრი ტექნოლოგია გვაქვს გათვალისწინებული, რომელიც ქართველი სამხედროების და ინჟინრების ხელით იქმნება.

მინდა თავიდან ბოლომდე ქართული პროდუქტის „დიდგორის“ და „ლაზიკას“ შემქმნელებს და მათ, ვინც შეირაღებული ძალების განვითარებაში შეიტანა წვლილი, სახელმწიფო ჯილდოები გადავცე.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)