Google+

სიახლეები

09.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ყაზბეგის მოსახლეობას შეხვდა

მოგესალმებით ყველას,

ეს სამედიცინო ცენტრი როგორც იქნა საბოლოოდ ამუშავდა, თუმცა ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

დღეს მე აქ მხოლოდ საავადმყოფოს სანახავად არ მოვსულვარ, უპირველესად, აქ თქვენს სანახავად მოვედი.

ასევე ვაპირებ ძალიან ლამაზი სასტუმროც ვნახო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე  კომფორტული იქნება მთელ საქართველოში.

ამ სასტუმროს აშენება ვინმეს კაპრიზი არ არის. მთავარია არა მხოლოდ ის, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმარს კარგი პირობები შევუქმნათ, არამედ ისიც, რომ ხალხი, რომელიც ამ სასტუმროებში დაისვენებს, ივლის ადგილობრივ მაღაზიებში, იყიდის სოფლის მეურნეობის ადგილობრივ პროდუქტს, დახარჯავს ფულს, რომელიც ისევ აქაურობას მოხმარდება.

ყაზბეგისა და ყაზბეგელებისთვის, ჩვენთვის ყველასთვის ეს არის შანსი, რომ საქართველოს ეს რეგიონიც განვითარდეს.

მინდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს გეოგრაფია - ჩვენს ქვეყანაში იყო ყველასგან მიტოვებული ადგილები.  

ასეთი იყო მესტია, ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ადგილია საქართველოში.

ყაზბეგი ჩიხად იყო ქცეული, საიდანაც, პრაქტიკულად, ყველას გასაქცევად ჰქონდა საქმე. რუსეთის მთავრობის ჩანაფიქრიც ეს იყო.

რუსეთი  სწორედ ყველაზე მტკივნეულ ადგილებში ახორციელებდა დარტყმას - ასე იყო კახეთის შემთხვევაში, რომელსაც ჩაუკეტეს ღვინის ბაზარი და საერთოდ შეწყდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.

ისინი მიიჩნევდნენ, რომ კახეთი ამით განადგურდებოდა და აღარაფერი ეშველებოდა -  საქართველოს კი ხერხემალში გადატეხდნენ.

ასე იყო ჯავახეთში, რომელთან დაკავშირებითაც მიიჩნევდნენ, რომ რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის შემდეგ, ხალხი აჯანყდებოდა და შიმშილით დაიხოცებოდა.

ასე იყო სტეფანწმინდა-ყაზბეგის შემთხვევაში, სადაც ჩაკეტეს საბაჟო. ფიქრობდნენ, რომ ამით აქაურობა მთლიანად გაცამტვერდებოდა და განადგურდებოდა.

არადა რომელია დღეს ყველაზე სრაფად განვითარებადი რეგიონი საქართველოში?

ეს არის ჯავახეთი, სადაც შენდება რკინიგზა, ტურისტული ობიექტები, გზები, გადამამუშავებელი საწარმოები - არავის აღარ ახსოვს რუსული ბაზა. ამ  ადგილზე ხალხს ახლა ათასჯერ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა და ბევრად უფრო დიდი პერსპექტივა გაეხსნა. 

კახეთში ამჟამად აღმშენებლობის ყველაზე დიდი პროცესი მიდის, რომელიც ოდესმე ყოფილა საქართველოს რომელიმე რეგიონში. ემბარგოს იმ ავტორისთვის, ვინც თავის დროზე  კახეთის ხერხემალში გატეხვის გეგმა მოიგონა, ამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო.

ყოველივე ეს რომ დავაგვირგვინოთ, აქაურობა უნდა ვაქციოთ საუკეთესო და ისეთ ძლიერ მხარედ, რომ მომავალში ვერავინ წარმოიდგინოს, თუკი ოდესმე აქ  სიღარიბე და გაჭირვება იყო.

აქ ცხოვრობს ძალიან კარგი და სტუმართმოყვარე ხალხი, ბუნებაც ლამაზი გვაქვს,  გეოგრაფიულადაც ძალიან კარგი ადგილია.

აქედან  საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ვაპირებ წასვლას.

გეოგრაფიულად, ეს ადგილი მთავარი სატრანზიტო პუნქტია. ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სატრანზიტო პუნქტის, სავაჭრო ცენტრისა და, საბოლოოდ, სოციალური ინფრასტრუქტურის სათანადოდ განვითარების პირობებში, შეუძლებელია, ხალხმა გაჭირვება არ გადალახოს.

წელს ვაპროექტებთ და, მაქსიმუმ, მომავალი წლის დამდეგს ვიწყებთ დიდი გვირაბის მშენებლობას, რომელიც სტეფანწმინდას დანარჩენ საქართველოსთან შეაერთებს.

სტეფანწმინდა აღარ იქნება კუნძული. თუ ახლა აქ ჩამოსასვლელად 3 საათია საჭირო, მას შემდეგ, რაც გვირაბი გაიჭრება, თბილისიდან, პრაქტიკულად, საათნახევრის სავალი გზა იქნება.

ეს სრულიად სხვა პერსპექტივა გაუხსნის აქაურობას.

მანამდე კი ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ არსებული პრობლემები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაზეც ახლა ვლაპარაკობდი.

ყაზბეგი მკაცრი ზამთრით გამოირჩევა და ბევრი სხვა პრობლემაცაა; ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს, მაგრამ მთავარი, რაზეც არ შეიძლება ვინმემ თვალი დახუჭოს არის ის, უკეთესი მომავლის პერსპექტივა და იმედი რეალობას, დაწყებულ მშენებლობებს, განვითარების პროცესს, კონკრეტულ გეგმებს და ხელშესახებ წინსვლას ეფუძნება.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)