03.04.2012
მიხეილ სააკაშვილი ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა
ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ალიანსის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურეს. შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმების, ასევე იმ ვალდებულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველომ ალიანსის წინაშე იკისრა, წარმატებით შეასრულა და კვლავაც სრულდება. გენერალურმა მდივანმა ალიანსის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე გმობს და არ ცნობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ არჩევნებს. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს როლს ასტულებს მსოფლიო უსაფრთხოების გამყარებაში.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ეს გადაწყვეტილება მყარად რჩება ძალაში. ნება მიბოძეთ დავადასტურო , რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში. ალიანსი არ სცნობს საქრთველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს,“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც საქართველოს შემდგომი წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, საქართველო შესრულებული ვალდებულებისა და ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით სამაგალითო ქვეყანად იქცა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი განსაკუთრებულად აფასებს საქართველოს ძალისხმევას რეგიონში არსებული კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოაგვაროს. შეხვედრისას, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ბოლო დროს საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებული რეფორმები იყო, რაც რასმუსენის შეფასებით, ქვეყანაში კიდევ უფრო აამაღლებს დემოკრატიის ხარისხს.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის სურვილი და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს იმ მჭიდრო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის ჩამოყალიბდა. საქართველოს პრეზიდენტმა რეფორმებისა და ქვეყანაში მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი დამკვირვებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მონაწილეობა.
შეხვედრის დასრულებისთანავე მხარეებმა მედიისთვის ოფიციალური განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტი დღესვე ნატოს შტაბბინაში გამართულ ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომასაც დაესწრო. დახურულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობასა და დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს წევრი 28 ქვეყნის წარმომადგენლის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნების პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლები მაქსიმალურად დიდი რაოდენობით უნდა ჩაერთონ.
ქართული მხრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი. ნატო-ს მხრიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ, ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დირკ ბრენგელმანმა.