Google+

სიახლეები

02.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ლუდის ახალ ქარხანას ესტუმრა 

საქართველოს პრეზიდენტმა საგურამოში დღეს ლუდის ახალი საწარმო სიმბოლურად გახსნა და ქარხნის მესვეურებსა და მომუშავე პერსონალს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილი მათ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მსგავსი საწარმოების გახსნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობის დასაქმების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თითოეული ახალი საწარმო დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს, რაც მისივე თქმით, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის საუკეთესო გზაა.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ  ამ ქარხანაში დამატებით, 2008 წლის ომით დაზარალებული 200 ადამიანი დასაქმნდა. მაშინ, როდესაც შოკში მყოფი ხალხი ახალ სახლებში შევასახლეთ, მათ  დავპირდი, რომ ნამდვილად არ დავივიწყებდით - სახლებიც ექნებოდათ, ხვალინდელი დღის პერსპექტივაც და ღირსეული სამსახურიც - ყოველ შემთხვევაში ისეთი მაინც, რომ საკუთარი თავი რჩენა შეძლებოდათ. თქვენ ნახეთ, რომ წინა თვეშიც გავხსენით ქარხანა, სადაც ომით დაზარალებულები მუშაობენ, ამ საწარმოში დასაქმებული 700 ადგილობრივიდან 200 დევნილია.  ვფიქრობ, ასეთი საწარმო ძალიან დიდი ოპტიმიზმის მომცემია. საქართველოში კიდევ 20-30 ასეთი ქარხანა რომ აშენდეს, თანდათან შეგვიძლია დავიწყოთ უმუშევრობასთან დამშვიდობება. რა თქმა უნდა, ამას დროც დასჭირდება და ენერგიაც, თუმცა ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა, როგორც წარმოგვიდგენია“, - განაცხდა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ტექნიკური დარგების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საინჟინრო მიმართულებების განვითარება ქვეყნის წინსვლის საწინდარია. მან აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, ახალგაზრდობის მენტალიტეტი საგრძნობლად შეიცვალა რასაც უმაღლეს სასწავლებლებში ტექნიკურ დარგებზე გაზრდილი მოთხოვნილებაც ადასტურებს.    

ახალ ქარხანაში ჩეხი ტექნოლოგების მეთვალყურეობით, უმაღლესი ხარისხის ლუდსა და რამდენიმე სახეობის ლიმონათს აწარმოებენ. ახალი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება, თუმცა კომპანიის მესვეურები მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ. საამისოდ, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთისა და აზერბეიჯანის ბაზრებთან და მოლაპარაკება მიმდინარეობს ესპანეთის, კვიპროსისა და საბერძნეთის კომპანიებთან.

საწარმო მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა, რისთვისაც 32 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯა. სააქციო საზოგადოებამ „ქართული ლუდის კომპანია“ საწარმოს მშენებლობა 7 თვეში დაასრულა და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით  აღჭურვა. ქარხანაში უკვე 700 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 200 იძულებით გადაადგილებული პირია.  

ჩეხეთის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა  მიხეილ სააკაშვილს სიმბოლურად, ოქროს გასაღები გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)