სიახლეები
05.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფო ბოლნისში გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო დღეს უკვე ბოლნისში გახსნა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკასთან შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა და დაწყებული პროექტებისთვის ადგილობრივებისგან მადლობაც მიიღო. შემდეგ საავადმყოფოს შენობა დაათვალიერა და კლინიკის აღჭურვილობით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა საავადმყოფოში განთავსებული ულტრათანამედროვე აპარატურის შესაძლებლობების თაობაზე ინფორმაცია უშუალოდ მედპერსონალისგან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილისგან მოისმინა.
მიხეილ სააკაშვილი რენტგენის უახლესი, ციფრული აპარატით დაინტერესდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 300 000 ევროა. აპარატი უნიკალურია იმითაც, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სურათის გადაგზავნა და შესაბამისად, დასმული დიაგნოზის გადამოწმება, მსოფლიოს ნებისმიერ, მათ შორის, წამყვან კლინიკებში.
მიხეილ სააკაშვილმა მონიტორებით, სუნთქვის აპარატებითა და ინფუზომატებით აღჭურვილი რეანიმაციული განყოფილებაც დაათვალიერა. პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ბოლნისის ძველ საავადმყოფოში რეანიმაციული განყოფილება არც კი არსებობდა. საქართველოს პრეზიდენტი კარდიოექოსკოპიის კაბინეტში მომუშავე მედპერსონალს გაესაუბრა, რომლებმაც გადამზადება თბილისში, გულისა და სისხლ-ძარღვთა კლინიკაში გაიარეს. ბოლნისის ახალი საავადმყოფოს პაციენტებს ახალი კარდიოექოსკოპიის აპარატით სარგებლობის საშუალებაც ექნება. პრეზიდენტის თქმით, ცოტა ხნის წინათ, მსგავსი მომსახურების მიღება მხოლოდ თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში იყო შესაძლებელი.
ბოლნისის საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია „IC group“-მა ააშენა, რისთვისაც 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.