Google+

სიახლეები

04.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა და მას საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი საორგანიზაციო საკითხების შესახებ ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კანონის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება და დარჩენილი 9 თვის განმავლობაში ცესკო სათანადოდ უნდა მოემზადოს. მისი  განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა პარტიებმა კონსესუსს მიაღწია და ამ კოდექსს ვენეციის კომისიამ  დადებითი შეფასება მისცა. პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა აქვს თუ არა ცესკოს ამ ეტაპზე რაიმე პრობლემა და შეუძლია თუ არა სახელმწიფოს, ამ პრობლემების მოგვარებას შეუწყოს ხელი. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების მომზადება ბევრად რთულია, ვინაიდან პრაქტიკულად, ყველა მოთამაშეა ამოქმედებული. როგორც ზურაბ ხარატიშვილმა პრეზიდენტს განუმარტა, ცესკო შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მოქმედებს, რომელიც  2015 წლამდე ოთხი არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანია, მოიპოვოს ქართული საზოგადოების სრული ნდობა როგორც საარჩევნო პროცესის მიმართ, ისე არჩევნების შედეგებისადმი.

„კმაყოფილი ვარ, რომ ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსს მაღალი შეფასება მისცა.  ერთადერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვერ შევთანხმდით იყო ის, რომ მათი რეკომენდაციით, პატარა რაიონებს, როგორიცაა, მაგალითად,  ყაზბეგი ან ლენტეხი, არ უნდა ყოლოდა თავისი დეპუტატი. ჩვენი ისტორიული და გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის სრულებით მიუღებელია. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, დაფინანსების თაობაზე, მაღალი შეფასება მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მყარ საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 9 თვე და რაც მეტ საერთაშორისო დამკვირვებელს (ეუთოს და სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციებს) ჩავრთავთ ამ პროცესში თავიდანვე, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის. 9 თვე საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ ამ პროცესში ყველა ჩავრთოთ,  გრძელვადიანი მონიტორინგი ვაწარმოოთ, ყველა პარტია სათანადოდ მოემზადოს და ყველამ გააცნოს საკუთარი პროგრამა ამომრჩეველს. ამ შემთხვევაში, არ ვლაპარაკობ როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სუფთად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა, საუბრისას, ადგილობრივ არჩევნებს წარმატებული უწოდა, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებს, პრაქტიკულად, შენიშვნაც არ ჰქონიათ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ცესკოს თავმჯდომარის დამსახურებაცაა და იმედი გამოთქვა, რომ 9 თვის განმავლობაში, ყველა დაინტერესებულ მხარესა და სუბიექტთან მუშაობის შედეგად, ყველაფრის სწორად ორგანიზებასა და წარმართვას შეძლებს. რაც შეეხება, ფინანსურ მხარეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საჭირო თანხას გამოყოფს, რათა პროცესი სამართლიანად, დემოკრატიულად წარიმართოს.

„რა თქმა უნდა, მთავარი მაინც ადამიანური რესურსია. ჩვენი ხალხი და მთელი პოლიტიკური სპექტრი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. საბოლოოდ, ეს უნდა იყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა. ამას კი თანასწორუფლებიანი საარჩევნო პროცესით მივაღწევთ. საბოლოოდ, ეს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც ჩვენი ეპოქა შექმნის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ არჩევნების პროცესი ეკონომიკის განვითარებას არ უნდა უშლიდეს ხელს და სტაბილურობის განცდა უნდა იყოს. მისი თქმით, ეს სიმტკიცის მარაგის ერთგვარი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის. 

დაბოლოს, პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეს და მის მთელ შემადგენლობას ავტონომიური, გამჭვირვალე და სწორი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შეიქმნა ინსტიტუტები, რომლებიც ცალკეულ პირებზე აღარ არის დამოკიდებული.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)