Google+

სიახლეები

13.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში მოწყობილი საშობაო ბაზრობის დათვალიერების დროს ქალაქის ვიცე-მერს ნაველ რაფიკს, რომელიც გუტენბერგის მოედანზე მიხეილ სააკაშვილს პირადად მასპინძლობდა, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს შესაძლებლობა მიეცა 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში ამ მოედანზე ქართული სოფელი გამართოს. თავის მხრივ, მადლობა მიხეილ სააკაშვილს ნაველ რაფიკმაც გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველო სტრასბუგრის მერიის მიწვევას დათანხმდა. ქვეყნის პირველ პირს მან დეტალურად განუმარტა, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩია სტრასბურგის მერიამ ჩვენი ქვეყანა. მისი თქმით, იმისათვის რომ ქვეყანა საშობაო ბაზრობაზე მოიწვიონ, მთავარია მისი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის დონე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ასევე პატივს სცემდეს სხვა საერთო ევროპულ ფასეულობებს და ორგანაზატორებისთვის მიმზიდველი იყოს. ამას გარდა, აუცილებელია, რომ მას უნდა ჰქონდეს საშობაო ტრადიციები, რომლებიც ხალხს შესაბამის განწყობას შეუქმნის. ამ მხრივ კი, ქალაქის მერიამ და ორგანიზატორებმა საქართველო საინტერესო და გამორჩეულ ქვეყნად მიიჩნიეს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კარგი იქნება, თუ ბაზრობაზე ქართული მხარე საკმაოდ მრავალფეროვან ეროვნულ ხელოვნების ნიმუშებსა და მდიდარ და გემრიელ ტრადიციულ სამზარეულოს წარმოადგენს.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი საკუთარი ტრადიციები და საუკეთესო მხარეები მთელ მსოფლიოს გააცნოს.

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საშობაო ბაზრობაა ევროპაში. წარმოიდგინეთ, ამ ქალაქში ყოველწლიურად სამი მილიონი ადამიანი ჩამოდის. სტუმრის სახით ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანას იწვევენ. წელს, ამ ბაზრობაზე შვეიცარიაა წარმოდგენილი და ქალაქის, პრაქტიკულად, ყველა ნაწილში თავისი ტრადიციული საკვებით, სუვენირებით იწონებს თავს. სტრასბურგის მერიას მომავალი წლის ბაზრობისთვის ორი კონკურენტიდან ერთი უნდა შეერჩია - მას იაპონიასა და საქართველოს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი. სხვათა შორის, შერჩევის კრიტერიუმებიდან, ყველაზე მთავარია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის დონე, რაშიც საქართველომ გაიმარჯვა. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად საინტერესოა ქვეყანა. მრავალ ქვეყანას შორის, ბოლოს იაპონია (ტოკიოს განაცხადი) და საქართველო (თბილისის განაცხადი) იყო დარჩენილი და ე.ი მომავალ ზამთარს მთელი სტრასბურგის „ოკუპაცია“ უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროდუქციით, კერძებითა და სუვენირებით. აქ საქართველოს ყველა კუთხე უნდა იყოს წარმოდგენილი. სტრასბურგის მთავარ მოედანის ყოველი ნაწილი საქართველოს რეგიონებს უნდა დაეთმოს. ერთ ადგილზე უნდა განთავსდეს აჭარა, მეორეზე - სვანეთი, მესამეზე - სამეგრელო, მეოთხეზე -  იმერეთი.და ა.შ. ყველამ თავისი ტრადიციული კერძი უნდა წარმოადგინოს - 12 თვის შემდეგ აქ უნდა იყოს ბევრი ლობიო, ხინკალი, ჭვიშტარი, კუბდარი, ბორანო... წარმოიდგინეთ, რამხელა რეკლამაა ეს საქართველოსთვის. იმას გარდა, რომ მილიონობით ადამიანი ჩამოდის, კიდევ უამრავი შეძლებს მის შესახებ წაკითხვას და ტელევიზიით ნახვას. ეს ძალიან დიდი რამ არის საქართველოსთვის. სტრასბურგი ევროპის საპარლამენტო დედაქალაქია ისევე, როგორც ქუთაისია საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტურისტული ცენტრი, ხოლო ზამთარში, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრიც ევროპის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როგორ შედის საქართველო ევროპაში. 90-იან წლებში ძალიან ხშირად დავდიოდი აქ და მაშინ ამის არა მხოლოდ წარმოდგენა არ შემეძლო, არამედ ფიქრიც კი გამიჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ყველაფერი მაკვირვებდა, ახლა კი, საქართველოდან ჩამოსულ ადამიანებს ბევრად ნაკლებად აკვირვებთ რამე. ჩვენთან უკვე ბევრი რამ შეიცვალა და ისეთივე კარგი გახდა ყველაფერი, როგორც აქ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რომ მომავალ წელს ამ ბაზრობაზე საქართველო იქნება წარმოდგენილი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმისთვის. მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრ პროდუქციას გავყიდით, არამედ ისიც, რომ აქაურ ტურისტულ ცენტრში გამოფენაც მოეწყობა. მომავალ წელს აქ ბევრი ადამიანი ჩამოვა, რომლებსაც ჩვენი ქვეყნით დავაინტერესებთ. შემდეგ ისინი საქართველოს ესტუმრებიან. ე.ი. ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება სტუმართა რაოდენობა. ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი სიურპრიზია ის, რაც სტრასბურგის მერიამ გააკეთა. ეს ძალიან კარგი ჟესტია, რადგან  საქართველო პირდაპირ ევროპის შუაგულში შემოდის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)