საქართველოს პრეზიდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურის მკვიდრ რევაზ სუქნიძის ოჯახს ესტუმრა და მას, სიმბოლურად, საგაზაფხულო სამუშაოების - ხვნა-თესვის პირველი ვაუჩერი გადასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მსგავსი ვაუჩერი საქართველოს რაიონებში მცხოვრებ ყველა ოჯახს დაურიგდება. მიხეილ სააკაშვილი მასპინძელს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით უფრო მეტი სავარგულია ათვისებული, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტული პრობლემები გლეხებს მაინც აქვთ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ვაუჩერი მათ სწორედ ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.
„ბევრს ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხალხის წახალისება - მათი, ვისაც მცირე ზომის მიწა აქვს. წინა წლებში ჩვენ ძალიან ბევრი ტრაქტორი შემოვიტანეთ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა პრობლემები, ამიტომ ახლა გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მოსახლეობას 30-ლარიანი საგაზაფხულო სამუშოების ვაუჩერით დავხმარებოდთ. ეს ვაუჩერი ხალხმა შეიძლება გამოიყენოს, როგორც ხვნა-თესვის სამუშაოებში, ტრაქტორის ქირაობისთვის და ნაკვეთების დასამუშავებლად, ისე სასუქის მისაღებად. მაღალმთიან და მცირემიწიან ადგილებში ხალხს შეუძლია ვაუჩერის ნაცვლად, პირდაპირ 35 კილოგრამი სასუქი მიიღოს, რომელიც, რეალურად, 70 ლარის ღირებულებისაა და 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დამუშავებისთვის სავსებით საკმარისია. მაღალმთიან რაიონებში ეს საერთოდ მოხსნის ყველა პრობლემას. ვაუჩერები დარიგდება ყველგან, დიდი ქალაქების გარდა. რეგიოებშიც კი, იმ ადამიანებს, რომლებიც კორპუსში ცხოვრობენ და, შესაძლოა, მიწა არც კი ქონდეთ, შეუძლიათ ის 1 ივნისიდან გაანაღდონ. წელში გამართული ოჯახებისთვის ეს, შეიძლება, დიდი შვება არ იყოს, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს ნამდვილად წაადგება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მასპინძლებთან საუბრისას.
პრეზიდენტმა ადგილობრივებისგან სიმინდის მოსავალთან დაკავშირებითაც მოისმინა ინფორმაცია. როგორც პრეზიდენტს განუმარტეს, მოსახლეობის უმეტესმა ნაწილსმა ამერიკული ჯიშის სიმიდის საკმაოდ კარგი მოსავალი მიიღო. მათი თქმით, წელს ბაზარი ადგილობრივი მარცვლეულით გაჯერდა, რაც როგორც სიმინდის, ისე მეცხოველეობის პროდუქტების ფასებზეც აისახა.
მიხეილ სააკაშვილი სწავლული აგრონომების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კარგი სპეციალისტი დიდ სოფელს ერთი მაინც უნდა ჰყავდეს. სოფლის სახლებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიხსნება, ადგილობრივი კადრები უნდა დასაქმდნენ.
„არაფერი ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც სოფელი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ოჯახის უმცროს წევრს ანა სუქნიძესაც გაესაუბრა და წარჩინებული სწავლისთვის გოგონა პორტატული კომპიუტერით დაასაჩუქრა.
30 ლარიანი ვაუჩერი მთავრობის დახმარებაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად, მიწის დასამუშავებლად აუცილებელი პროცედურების განხორციელებისთვის ან სასუქის შესაძენად.
ვაუჩერების დარიგება 20 დეკემბრიდან დაიწყება და მისი გამოყენება სოფლის მოსახლეობას 2012 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ მოსახლეს, რომელსაც სასოფლო სამეურნეო სავარგული არ აქვს, 2012 წლის 1 ივნისიდან ვაუჩერის განაღდება „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში შეეძლება.