საქართველოს პრეზიდენტი მეორე დღეა, რაც ევროპის სახალხო პარტიის მე-20 ყრილობის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ევროპელი ლიდერებიმარსელში ევროზონის კრიზისისა და ევროს გადარჩენის საკითხებს განიხილავენ. სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ევროპული კრიზისის გადაწყვეტის გზების ძიებისა და ამ დიალოგში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობაზე. კომენტარისას, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა, რომელიც დახურული შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასა და ჩვენი ქვეყნის ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციას შეეხო. სახალხო პარტიის ორდღიანი მუშობისა და ყრილობის ფარგლებში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას კი, პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ფაქტი და დიპლომატიური გარღვევა უწოდა, იმ რეალობას, რაც ევროპელი ლიდერების მხრიდან ტერმინების „ეთნიკური წმენდისა“ და „ოკუპაციის“ დამკვიდრებას ეხება. ევროპული მხარდაჭერის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს გამთლიანების გზა სწორედ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.
„რა თქმა უნდა, ევროპის კრიზისი საქართველოსთვისაც პრობლემურია. ვფიქრობ, ევროკავშირი გამოსავალს იპოვნის - საკმაოდ მძიმე დებატები მიმდინარეობს. თავისთავად, ის ფაქტი, რომ მაგიდას, რომელთანაც ეს დიდი საკითხები წყდება საქართველოც უზის, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. კარგად მახსოვს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დსთ-ს წევრი იყო და დსთ-ს ყველა სხდომას ვესწრებოდით, ამ ორგანიზაციის წევრებს არაფერს არ ეკითხებოდნენ - მათი აზრი საერთოდ არ აინტერესებდათ. როდესაც მეკითხებიან, რა განსხვავებაა ევროპასა და დსთ-ს შორის, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ევროპა არის თავისუფალ ერთა კავშირი, რომელიც ეფუძნება თავისუფალ ნებას, პატივს სცემენ ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს. თავისთავად, ის, რომ ტერმინები „ოკუპაცია“ და „ეთნიკური წმენდა“ ასე მყარად დამკვიდრდა, გადამწყვეტია. პატარა ქვეყნისთვის საერთაშორისო სამართალი მთავარი რამ არის. საქართველოს ქვეყნის მიტაცების მსურველს, რუსეთს სურდა, რომ ღამე დაემთავრებინა საკუთარი „საქმე“, რათა დღის სინათლეზე არაფერი არ გამოჩენილიყო და ყველა კვალი წაშლილიყო. რეალურად, სამართლებლივად, ევროპის პოზიცია უკვე არის ის, რომ მოხდა ჩვენი მიწების სამხედრო ოკუპაცია, საქართველოს მიმართ განხორციელდა ეთნიკური წმენდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ოკუპაცია ჩვენთვის, ვფიქრობ, საკმაოდ მოკლევადიანი რამ არის. ეს დროებითი სიტუაციაა იმ თვალსაზრისით, რომ ყოველგვარი ოკუპაცია დასრულდება დეოკუპაციით და ეთნიკური წმენდის „ავტორები“ადრე თუ გვიან აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე. ეს იურიდიული კონსტრუქცია ჩვენთვის დიდი დიპლომატიური მიღწევაა. დღეს ევროპაში, რა თქმა უნდა, არის ფინანსური პრობლემები, მაგრამ ის, რაც დღეს რუსეთში ხდება, უნდა აფიქრებდეს, მათ შორის, მათ, ვინც ვერ გადააბიჯა საკუთარ მენტალიტეტს და გამოსავალს ჩრდილოეთში ხედავს. კარგად შეხედეთ როგორი ისტერიკაა ჩრდილოეთში; კარგად შეხედეთ, როგორ გარდაუვალია იმ სისტემის კრახი, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს. შეხედეთ თუნდაც იმას, რაც მოსახლეობისგან დაცლილ ცხინვალში ხდება - ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ იქით დასაბრუნებელი გზა ამ ვითარებაში, მათი განწყობით, ჩვენთვის მოჭრილია. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გზა - გზა ევროპისკენ. საქართველოს გამთლიანების გზა სწორედ ევროპასთან ინტეგრაციაზე გადის. კიდევ ერთი, სრულიად ნათელი რამ, რაც მინდა ვუთხრა მათ, ვისაც ეს ეეჭვება - არანაირი ვეტოს უფლება არც ერთ სხვა მხარეს, განსაკუთრებით, რუსეთს, ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში, არ გააჩნია. ევროპაში არის ხალხი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი, არის ხალხი, რომელიც უფრო დიდი ენთუზიამით უყურებენ იმას, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი და ასეთი აბსოლუტური უმეტესობა. სხვათა შორის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დახურულ შეხვედრაზე ვრცლათ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან აქ ამაზე ამდენი არასდროს ულაპარაკიათ. მართალია, თბილისში შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ ევროკავშირის სამიტებზე, პირველად, საფრანგეთის - ამ დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა წამოჭრა ეს თემა. საბოლოოდ, ჩვენთვის ეს არის ერთადერთი მომავალი, რომელსაც ალტერნატივა, უბრალოდ, არ გააჩნია. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული დემოკრატია, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი“, - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ევროპულ ღირებულებებსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის პირველმა პირმა მარსელში, კონგრესის მუშაობის პირველ დღეს, ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვისას. ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის მუშაობას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ევროპის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.