ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ბათუმში ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა გახსნეს
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
ბატონო პრეზიდენტო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ბათუმში პირველად იმართება.
ბატონო პრეზიდენტო, საბჭოს სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის.
ორი დღის განმავლობაში, საშუალება მოგვეცა შევხვედროდით საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ დავინახეთ, როგორ შეუპოვრად იბრძვით საქართველოს მომავლისთვის ერთობლივი ძალისხმევით; დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე ქვეყნის მომავლისთვის; ქვეყნისა, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში.
ასევე გვქონდა შესაძლებლობა პირადად გვენახა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ნათლად განვმარტეთ ისიც, თუ რომელ სფეროებში გმართებთ უფრო მეტი მუშაობა. კერძოდ, უნდა განახორციელოთ საარჩევნო რეფორმა და უზრუნველყოთ სამოქალაქო საზოგადოების უფრო ინტენსიური ჩართულობა.
2008 წელს ბუქარესტის სამიტისას, ნატოს-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მე ნატო-ს იმ ლიდერთა შორის ვიყავი, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და გარწმუნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ურყევია.
ასევე ურყევია ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. არც ახლა და არც მომავალში ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
ამ საკითხში, წინსვლის ერთადერთი გზა არის კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ მივესალმებით თქვენს პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
საქართველოში ჩვენი ვიზიტი ნათელი დემონსტრაციაა იმ ვალდებულებისა, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს და იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ქვეყანას ნატოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.
თქვენ უკვე ძალიან ბევრს მიაღწიეთ. ახლა ჩვენ ველით, იმ აუცილებელი რეფორმების დასრულებას, რომელთა განხორციელებაც დაწყებული გაქვთ, რადგან პროგრესის თითოეული დღე უფრო მეტად დააახლოებს საქართველოს ნატო-სთან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ბატონო გენერალურო მდივანო,
ბატონო ელჩებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოში თქვენი ვიზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი ხალხის სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს რასმუსენს და მადლიერებით მივმართო თითოეულ თქვენგანს იმ თანადგომისთვის, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას აღმოუჩინეთ.
რამდენიმე წლის წინათ ძნელი იქნებოდა ლაპარაკი და წარმოუდგენელი იქნებოდა ოცნება, საქართველოსა და ნატოს შორის ისეთ ახლო ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, როგორიც დღეს გვაქვს. ეს არის ჩვენი მრავალეთნიკური ქართველი ერის უძველესი ინსტიქტი - იყოს ახლოს დიდ, ცივილიზებულ ევროპულ გაერთიანებასთან. ამ შემთხვევაში იყოს ახლოს ევროატლანტიკურ გაერთიანებასთან, რომელთანაც ჩვენ საერთო ცივილიზაცია, საერთო კულტურა, საერთო ისტორია და საერთო ფასეულობები გვაქვს.
საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერი მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ ერთი რამ იყო მუდმივი - სწრაფვა ევროპისკენ, სწრაფვა ძლიერი და დიადი მეგობრების თანადგომისკენ და სწრაფვა ისეთივე ფასეულობების მქონე ხალხისკენ, როგორიც ჩვენ გვქონდა მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროპულ სახლთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან, ამ შემთხვევაში, ჩვენს საუკუნოვან ოცნებასთან, ქართველი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებასთან.
2008 წლის სექტემბერში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა თბილისში გაიმართა. რუსეთთან ომის შემდეგ, ეს იყო სოლიდარობის უდიდესი გამოხატულება მებრძოლი ქართველი ერის მიმართ. ჩრდილო ატლანტიკური საბჭო მეორედ ჩამოდის თბილისში.
გენერალური მდივნისგან ახლა მე მივიღე მოწვევა, რომ უახლოეს მომავალში ბრიუსელში დავესწრო ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს სხდომას. ერთი სიტყვით, ამდენად დიდი და ინტენსიური ურთიერთობა უპრეცენდენტოა, რაც ძალიან გვახარებს.
ინტეგრაცია ნატოში, ისევე როგორც ინტეგრაცია ევროპის კავშირში - ქართველი ერის ფუნდამენტური არჩევანია.
ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პრინციპები კარგად გაითავისეს. 2008 წელს ამ არჩევანს მათ აბსოლუტური უმრავლესობით მისცეს ხმა და მას შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ჩვენი ხალხის მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებისადმი მუდმივად ძლიერდება.
ეს არის ლტოლვა, რომელიც არ შემოიფარგლება პოლიტიკურ პარტიათა შორის არსებული ზღუდეებით. რა თქმა უნდა, როგორც ყველა დემოკრატიაში, ჩვენთანაც არის ჯგუფები და პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ აინტერესებთ ნატო, ან ეს ძალიან შორი პერსპექტივაა. ამის მიუხედავად, ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული კონსენსუსია.
ეს არის მთელი ჩვენი რეფორმების ჰორიზონტიც და ყველაზე მკაფიო ორიენტირი არა მხოლოდ ჩემი მთავრობის, არამედ მთელი ქართველი ერისათვის. ეს არის იდეა, რომელსაც კონკრეტულად ვერავინ დაეპარტონება; ეს არის მოძრაობა, რომელსაც ვერავინ ჩაახშობს.
რვაწლიანი რადიკალური ტრანსფორმაციის შედეგად, ჩვენ, როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ თავისუფალ ერთა იმ ალიანსთან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ.
რვა წლის წინ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, რომელსაც არ გააჩნდა მომავალი და წარმოადგენდა გარეშე ძალის მანიპულაციათა ობიექტს.
ჩვენ არ ვიყავით საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი.
დღეს მე სიამაყით მოგესალმებით თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში, როგორც შემდგარ, დემოკრატიულ, სწრაფადგანვითარებად სახელმწიფოში.
დღეს მე სიამაყით გესალმებით ქვეყანაში, რომელიც ზეწოლისა და მუქარის, ინტერვენციისა და ოკუპაციის მიუხედავად, მაინც ფეხზე დგას, როგორც ალიანსის სანდო და სტაბილური პარტნიორი.
მე ვარ ამაყი გიმასპინძლოთ აქ - ბათუმში - ქალაქში, რომელიც წარმოადგენს ამ დიდი ტრანსფორმაციის ნამდვილ სიმბოლოს. ჩვენ ვერც კი ვასწრებთ პროექტების დაბეჭდვას ისე სწრაფად შენდება ყველაფერი. აქ ვითარდება არამარტო სასტუმროები, არამედ სტრუქტურაც, მზადდება ხალხი; წარმოუდგენლად ვითარდება ტურიზმი და ეკონომიკის განვითარების სხვა სფეროები.
ხუთი წლის წინათ აქ არ იდგა ეს სასტუმროები და არ იყო, თითქმის, არაფერი რაც დღეს ასე გხიბლავთ.
ჩვენი დიდი წვლილი აისაფის პროგრამაში და ავღანეთში ჩვენი გმირი ჯარისკაცების თავდადება აჩვენებს, რომ საქართველო არა მარტო მოიხმარს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას, არამედ თქვენთან ერთად ქმნის მას.
ჩვენმა რეფორმებმა და მზადყოფნამ, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, იმაზე მეტი ვიტვირთოთ, ვიდრე შეგვიძლია, საქართველო ნატოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აქცია.
რა თქმა უნდა, ჯერაც საკმაო ძალისხმევა გვჭირდება, ვიდრე ყველა საშინაო და საგარეო ამოცანას გადავჭრით, მაგრამ ჩვენი კურსი ცხადზე უცხადესია და მიმართულებას ვეღარავინ შეგვაცვლევინებს!
თქვენ ახლა მეგობრებს შორის იმყოფებით, ქართველი ხალხი კი, სტუმართმოყვარეა თავისი ბუნებით, მაგრამ მოხარული ვიქნებით თუკი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხვა წარმომადგენლებიც გვესტიმრებიან აქ, საქართველოს მიწაზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.