Google+

სიახლეები

07.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა კახეთის წარმატებულ მოსწავლეებს მიმართა

იცით, რომ კახეთში თოვლი მოვიდა, გზები დათოვლილი და დანისლულია, მაგრამ რა უნდა მომხდარიყო, რომ აქ არ ჩამოვსულიყავი და საუკეთესო კახელებს არ შევხვედროდი.

დღეს აქ შეკრებილი ხართ კახეთის რამდენიმე რაიონის სკოლის ათოსნები. ეს სახლმუზეუმი 2-3 წლის წინათ გარემონტდა. დარწმუნებული ვარ, რომ ილია ჭავჭავაძეს, რომლის იუბილეც მომავალ წელს სრულდება, გული გაუნათდებოდა, მისი სახელობის სახლმუზეუმში, რომელიც 3-4 წლის წინათ განვაახლეთ, ამდენი ნიჭიერი, განათლებული თანამემამულე რომ ენახა.

მე ძალიან ბევრს ვფიქრობ კახეთზე და უნდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტით, კახეთი ჯერ კიდევ ჩამორჩება თბილისს და საქართველოს რეგიონების უმეტესობას.

ეს განპირობებულია იმით, რომ გეოგრაფიულად კახეთი ჩიხში იყო, რადგან ლოჯისტიკა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვადასხვა კომუნიკაციები აქ არასდროს ყოფილა და არც ახლა არ არის. საბჭოთა კავშირს აქ არ შეუქმნია მძიმე მრეწველობა და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, აქ არაფერი არ შემოგვრჩა. ერთადერთი, სოფლის მეურნეობა დარჩა და ისიც - დაბალინტენსიური.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი მისია, უპირველეს ყოვლისა, კახეთის წინ წამოწევაა, რადგან აქ საუკეთესო ხალხი ცხოვრობს.

ჩვენი სახელმწიფოებრიობის გენეტიკური კოდი კახეთიდან მოდის. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე დიდი ქართველი პატრიოტის ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, ეს არის დიდი ქართველი პატრიოტების სამშობლო.

ამიტომაც, ჩემთვის მომავალი წელი, უპირველეს ყოვლისა, კახეთის წელიწადია.

ხშირად ამბობდნენ და, ალბათ, თქვენც გსმენიათ: სააკაშვილი ბათუმს გადაყვაო. თავდაპირველად მე მართლაც ხშირად ჩავდიოდი ბათუმში, რადგან აჭარის დაკარგვის პირას ვიყავით მისული. 2004 წელს ჩვენ ძლივს მოვახერხეთ მისი დახსნა რუსეთისგან, რომელიც ძალას სულ უფრო მეტად იკრეფდა და სულ უფრო რევანშისტული ხდებოდა.

2008 წელს აჭარაში ისევ ასლან აბაშიძის ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ეჭვგარეშეა, რუსეთი მასაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადებდა.

ეს რეგიონი  სეპარატიზმის გზას იყო დამდგარი.

ამიტომ ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო, აჭარის აღორძინება საერთო ეროვნულ პროგრამად გამოგვეცხადებინა. მით უმეტეს, რომ აჭარის გათავისუფლება და მისი საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება აჭარლების მიერ მოხდა.

ჩვენ იქ არც ჯარი შეგვიყვანია და არც სხვა რაიმე ძალოვანი ან მკვეთრი სახელისუფლებო ქმედება განგვიხორციელებია.

უბრალოდ, ჩვენ პრინციპულად დავაყენეთ საკითხი, რომ  აღარ შევეგუებოდით სეპარატისტულ, ფეოდალურ წარმონაქმნს და უპირველესად, თავად აჭარის საზოგადოებამ, ბათუმის მოსახლეობამ, ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მცხოვრებლებმა განდევნეს იგი.

სწორედ მაშინ ამბობდნენ ქუთაისელები: სააკაშვილი გადაგვიფრენს, ხელს დაგვიქნევს და ყურადღებას არ გვაქცევსო. მაშინ ჩვენ ზუსტად იმდენი რესურსი გვქონდა, რამდენიც მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი, რომ ბათუმისთვის მიგვეხედა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი პარალელურად კახეთშიც დავიწყეთ სიღნაღის კეთილმოწყობით და აქტიურად შევუდექით ქუთაისის განახლებას, რომელიც სულ მალე ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონი იქნება საქართველოსთვის.  

ასევე სერიოზულ პროექტებს ვახორციელებთ გურიაში, უპირველეს ყოვლისა, ბახმაროსა და სხვა ადგილებში, რათა იქ ეკონომიკური თვალსაზრისით გავააქტიუროთ მოძრაობა და განვითარების უფრო მაღალი დონე შევქმნათ.  

ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია სამეგრელოში, ასევე ქართლში, რა თქმა უნდა, თბილისში... თბილისი ასეთი ტემპით, როგორც ბოლო პერიოდში ვითარდება, არასდროს არ განვითარებულა ისტორიის არც ერთ მონაკვეთში, მაგრამ ჩემთვის მომავალი წელი არის კახეთის წელიწადი.

ჩვენ გვაქვს აღმშენებლობის დიდი გეგმები თელავისთვის, ყვარელისთვის, თუშეთისთვის,  ხევსურეთისთვის; ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სასოფლო სამეურნეო პროექტები  უკლებლივ ყველა რეგიონისთვის.

მთავარი საკითხი არის ტურიზმი, რადგან როდესაც ფიქრობ თუ რამ უნდა წამოწიოს კახეთი წინ, ეს, უპირველეს ყოვლისა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

თქვენ იცით, რომ ყვარელში არის დურუჯის და ახლა უკვე,  ყვარლის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ილიას ტბა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მისი განვითარება და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ამ საქმეს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი მოხმარდება, მათ შორის, გარშემო აშენდება სასტუმროების კომპლექსები.

ასევე აღვადგინეთ გრემი და ნეკრესი, რომელთა გარშემო შენდება სასტუმრო-კომპლექსები.

ამას გარდა, ხელი შევუწყვეთ კერძო ბიზნესებს, რათა ლოპოტასა და ყვარლის ტბა განვითარებულიყო.

ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ღვინის მხრივ. უკვე შემიძლია თავისუფლად ამოვისუნთქო და ვთქვა: რუსეთის ემბარგომ არა მარტო ვერაფერი ვერ დაგვაკლო, არამედ გაგვაძლიერა კიდეც. მაშინვე ვამბობდი: რაც არ კლავს, ის აძლიერებს.

დღეს ქართული ღვინის ხარისხით შეგვიძლია ვიამაყოთ მთელ მსოფლიოში.

ჩემო ძვირფასებო, მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა.

თქვენ ახლა 15, 16, 17 წლის ხართ. 14 წლის ასაკში, პირადად მე მეგონა, რომ სანამ რაიმეს შევქმნიდი და საზოგადოებაში ცნობილი გავხდებოდი, კიდევ 30-40 წელი გავიდოდა. იმას ვერც ვიფიქრებდი, რომ მსოფლიო გამიცნობდა - საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა არასდროს არ მქონია.

მინდა გითხრათ, რომ იმის 80 პროცენტი, რაც თქვენ უნდა შექმნათ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გაკეთდება. მინდა, რომ თქვენი თაობა ამისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადოს.

ყველაზე კრეატიული ასაკი 25-26 წლამდეა. ყველაფერი, რასაც ახლა დაიწყებთ, გამოგივათ და შეძლებთ. უპირველესად, ეს არის ინფორმატიკა.

ფეისბუქის შემქნელები 24-26 წლის იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, საქართველოშიც გვაქვს ინფორმატიკის ძალიან დიდი ნიჭი. ოთხი ქართველი მუშაობს „გუგლში“. ერთ-ერთი მათგანი, საუკეთესო პროგრამისტი ირაკლი ხომერიკი ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. იგი ლასვეგასში ჰყავდათ ერთი წლის განმავლობაში, დიდი პატივი სცეს, ამუშავეს, და ახლა უკან დაგვიბრუნდა, რაც ძალიან კარგია.

ახლახან, ჩვენი სტუდენტები ინტელის მსოფლიო ოლიმპიადაზე მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამისთვის მთელი მსოფლიო  იბრძვის და ეს ძალიან მაღალი ადგილია იმის გათვალსიწინებით, რომ 90-იან წლებში, როდესაც ინფორმატიკა ვითარდებოდა, საქართველოში სწორედ მაშინ ჩავარდა ყველაფერი. არადა, 80-იან და 70-იან წლებში, უფრო ადრეც, მათემატიკა, ფიზიკა და ფუნდამენტური მეცნიერებები კარგად იყო განვითარებული.  

ახლა დროა ყველაფერი ამოვქაჩოთ.

დღეს ახალი კლასი გავხსენი, რომელიც კოსმოსურ ხომალდს ჰგავს. ეს არის უახლესი ტექნოლოგიების დამსახურება, მაგრამ ეს 22-ე საუკუნის საკლასო ოთახი არ არის - ეს არის ის, რაც დღეს გვაქვს.

მომავალი წლის განმავლობაში ასეთი საკლასო ოთახი კიდევ ასი გვექნება მთელი საქართველოს მასშტაბით.

თქვენ იცით, რომ პირველკლასელებს ყველას ნეტბუქები ურიგდება, რომლებიც საქართველოშია წარმოებული და თანდათან სულ უფრო მეტი ქართული დეტალით შევავსებთ.

მთავარი, რაც უნდა გავიაზროთ, ჩემო ძვირფასებო, არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოვემზადოთ, რომ ცხოვრებაში დაუყონებლივ, ახლავე მივაღწიოთ, პრაქტიკულად, ყველაფერს.

მსოფლიოში ყველაფერი გაახალგაზრდავდა - პოლიტიკაც, ბიზნესიც, მეცნიერებაც, ჟურნალისტიკაც... ამიტომ, ყველაფერი, რასაც თქვენ გააკეთებთ, ძალზე მნიშვნელოვანია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ასაკის ხალხი ვერ მოემზადება. პირიქით, საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება ყველა ასაკოსობრივი კატეგორიის შრომითი რესურსი.

დარწმუნებული ვარ, გადამზადების ცენტრებში, რომლებსაც ვქმნით, უნდა იყვნენ და არიან კიდეც საშუალო ასაკის და უფრო ასაკოვანი ადამიანები. მაგალითად, თბილისში ინგლისურისა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე დადის 40 წლის, 60 წლის ხალხი. იგივე ვითარებაა ბათუმშიც.

საქართველოში დასაკარგი ხალხი არ გვყავს, მაგრამ მთავარი გამწევი ძალა უნდა იყოთ თქვენ - არა ჩემი თაობის, ან ჩემზე 5-6 წლით უმცროსი ადამიანები, არამედ თქვენ, ახალგაზრდები, რომლებიც ახლა გამოდიხართ ასპარეზზე.

მე ძალიან მიყვარს ბებია, რომელიც ძალიან აქტიური ადამიანია - ხანდახან ჩემზე უფრო აქტიურიც. ჩემსა და ბებიაჩემის თაობას შორის გაცილებით ნაკლები განსხვავებაა, ვიდრე ჩემსა და თქვენს თაობებს შორის, რადგან საქართველოში ახლა ნამდვილი მენტალური და სოციალური რევოლუცია ხდება.

მთავარი, რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისაა, რომ ვიყოთ ძალიან აქტიური კიბერსივრცესა და სოციალურ მედიაში, რადგან დღეს ცოდნას შევიძენთ იქ.

ბოლო წლების მიღწევები, ახალი აღმოჩენები არ ყოფილა. სტივ ჯობსისა და მარკ ცუკერბერგის მსგავსი ადამიანები დასხდნენ და მსოფლიოში დაგროვილი ცოდნა გააანალიზეს.

ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში შეიქმნა, მათ შორის, სამხედრო ტექნოლოგიების ბაზაზე წარმოჩინდა. მათ ეს ინფორმაცია გადაამუშავეს, სისტემურად დაალაგეს და თავიანთთვის სასურველი პროდუქტი გამოიყვანეს. მგონი, ქართველებს ეს გვეხერხება და ამ სახის ინოვაცია უნდა შევქმნათ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები აქტიურად იყვნენ ჩართული სოციალურ მედიაში. დღევანდელი იდეოლოგიური ბრძოლა სწორედ სოციალურ მედიაში მიმდინარეობს.  

მაგალითად საიტი „Одноклассники“ შეიქმნა „ФСБ“- დაკვეთით და გათვლილი იყო იმაზე, რომ მათ სცოდნოდათ, თუ რა კლიშეები მოქმედებდა პოსტ-საბჭოტა სივრცეში მცხოვრებ ადამიანებში, რა მოახდენდა მათზე ზეგავლენას. მათ სურდათ მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებში.

სხვათა შორის, თავდაპირველად,  ეს საიტი საქართველოშიც ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ შემდეგ „facebook“-მა ბოლომდე დაჯაბნა, რადგანაც მენტალიტეტით აღარ ვართ პოსტ-საბჭოთა ქვეყანა - ჩემთვის ეს არის ყველაზე უტყუარი ნიშანი.

ჩვენ, ქართველები შედეგზე ვართ ორიენტირებული და ამის მაგალითი პირადად მეც ვარ. არ მაინტერესებს რა ხდება მანამდე, მინდა სწრაფად მივიდეთ შედეგამდე, მაგრამ ყოველგვარ შედეგს წინ უძღვის პროცესი, მიზნების გაცხადება, დროის დაგეგმვა და ეს კარგად უნდა ვისწავლოთ. უნდა გააკეთო გეგმა, ჩამოაყალიბო მიზნები, მოახდინო დეკლარირება, დრო  გაანაწილო და ამის მიხედვით იმოქმედო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, რომელიც აქ გვესწრება: ძალიან კარგია, რომ  სხვადასხვა დონის გამოცდებზე წერთ თემას, მაგალითად, „მიჯნურობა და მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“ - ძალიან კარგი თემაა შესანიშნავი პოემიდან,  მაგრამ ამასთან ერთად უნდა იწერებოდეს თემები: "ჩემი ცხოვრებისეული მისია, მიზნები და როგორ მივაღწიო მათ".

თუთოეულმა თქვენგანმა უნდა დაწეროთ რისი მიღწევა სურს ცხოვრებაში. ზოგიერთი 20-22 წლის ახალგაზრდა, შეხვედრისას, გეუბნება: "არ ვიცი რა მინდა", ან უმაღლესში შეაქვს ყველაფერზე შეაქვს - არ იცის რა უნდა.

მაგალითად, მე 5-6 წლის ასაკში მაინტერესებდა ყველაფერი, რაც შეეხებოდა საჯარო საკითხებს. გეგმაზომიერად, სულ მინდოდა, რომ დიპლომატიურ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მსოფლიოში მემოგზაურა, გაზეთებს ვაკეთებდი სახლში და ა.შ. მუდმივად პოლიტიკის გარშემო ვტრიალებდი იმ პირობებშიც კი, როდესაც საბჭოთა კავშირში პოლიტიკა არ არსებობდა. ამის შედეგად, რა თქმა უნდა, პირველივე კურსზე პრობლემები მქონდა „კგბ“-სთან, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ ზედმეტად ცნობისმოყვარე ვიყავი მათთვის არასწორი მიმართულებით.

თქვენ ბევრად მეტი შესაძლებლობები გაქვთ, რადგან დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები ხართ.

თქვენ უნდა იცოდეთ, რა გინდათ და ეს წინასწარვე უნდა გქონდეთ გაწერილი.

ეს არის, ჩემი თქვენდამი მთავარი მოწოდება.

თუ ეს გეცოდინებათ, თუ მიზნებს გაწერთ, ჩვენ ყველანაირად შეგაიარაღებთ ამისთვის - კომპიუტერით, ინგლისური ენის სწავლებით, უცხოელი პროფესორების ჩამოყვანით, ჩვენი საუკეთესო კადრების წინსვლით, მათთვის ხელშეწყობით, უცხოეთში სტაჟირებებით და სხვა.

ჩვენ რამდენიმე ასეული ახალგაზრდა გავუშვით უცხოეთში ბოლო წლების განმავლობაში და ვაპირებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ რამდენიმე ათასით გავზარდოთ.

საქართველოში იქნება მერიტოკრატია. ადამიანი ფასდება არა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო  მისი ბაბუა, ბებია და მშობლები, არამედ საკუთარი ცოდნითა და განათლებით. პირადად მე ასე ვიზრდებოდი ბავშვობიდ - ვტრაბახობდი, მაგალითად, რომ ბაბუაჩემი იყო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, რომ დედაჩემი იყო პროფესორი და ბიძაჩემი მუშაობდა ამერიკაში... დღეს ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ყველამ უნდა ვთქვათ, ვინ ვართ ჩვენ თვითონ და რისი მიღწევა გვსურს ცხოვრებაში, რამდენი ენა ვიცით და რამდენი ოლიმპიადა მოვიგეთ, რამდენი ამოცანა გადავწყვიტეთ სწორად და რა მიღწევები გვაქვს სპორტში. სულ უნდა ვეჯიბრებოდეთ ერთმანეთს და ასევე მსოფლიოს. 

მთავარი ახლა არის ის, რომ დღეს საქართველოში, ვთქვათ, ყველა ტენდერი ელექტრონულად იმართება, ყველაფრისთვის, რაშიც სახელმწიფო ხარჯავს ფულს შეიძლება შეჯიბრი, ყველა სახელმწიფო უწყებაში არის ღია კონკურსი და ვინც უფრო ძლიერია, ის წავა წინ, მაგრამ მარტო სახელმწიფოში არ არის საქმე. 90 პროცენტი კერძო სექტორია და იქაც მკვიდრდება ეს პრინციპები. ყველამ იცის, რომ თუ მაგარი ადამიანი არ მიიყვანა, მისი ბიზნესი, მისი საწარმო, მისი კონკრეტული კომპანია, მისი თეატრი, უნივერსიტეტი, მისი ადგილობრივი სტრუქტურა ვერ მიაღწევს ვერანაირ წარმატებას.   

ამიტომ, ახლა თქვენთვის ყველაფერი ხსნილია, ოღონდ თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა გსურთ, უპირველეს ყოვლისა თავად.

საბოლოოდ, ვფიქრობ, თქვენმა უმეტესობამ უკვე ზუსტად იცის რას უნდა მიაღწიოს, რადგან თქვენ ათოსნები ხართ. თუმცა, რაც, უწინარესად, უნდა გინდოდეთ, ეს არის კარაგდ სწავლა.

წელს პირველი წელიწადია, როცა ბევრად უფრო მეტი ბიჭი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში, ვიდრე გოგო.

მინდა, გოგოებს გითხრათ: მიმაჩნია, რომ საერთოდ ქალები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მამაკაცები. იცით, წელს რატომ ჩააბარეს ბიჭებმა უფრო კარგად გამოცდები? იმიტომ, რომ ესენი ბევრად უფრო დაჩაგრულები იყვნენ - წინა წლებში ბიჭისთვის კარგად სწავლა ძალიან დიდი სისულელე და სრულიად მიუღებელი იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. თქვენ ეს პრობლემა აღარ გაქვთ.

მსურს ეს კომპიუტერები გადმოგცეთ.

გისურვებთ წარმატებას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)