საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების გამოსვლა თავისუფლების მოედანზე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, რა სასიამოვნო და საამაყოა, აქ რომ გხედავთ, ასე მრავალრიცხოვნად შეკრებილთ.
ნება მომეცით, მისასალმებელი ორიოდე სიტყვა ფრანგულად ვთქვა.
Monsieur le Président,
Chers amis Français, chers compatriotes,
Cette foule immense vient ici exprimer son amour pour la liberté, l’Europe et la France.
Sa reconnaissance aussi.
Car nous n’oublierons jamais qui est venu nous épauler, il y a trois ans, dans l’un de ces moments tragiques qui définissent le destin d’une nation.
La Georgie demeure partiellement occupee, des centaines de milliers de nos concitoyens ne peuvent retrouver leurs villes, leurs villages et leurs maisons, juste parce que des hommes ont décidé dans une ville lointaine que leur terre n’était plus leur terre. Les menaces, enfin, n’ont pas cessé.
Mais c’est aujourd’hui une democratie en mouvement, un pays en marche vers son destin europeen qui vous reçoit.
Sur cette place, un peuple courageux, eternellement optimiste, dit sa fierte de vous accueillir en ami, et, à travers vous, la France et l’Europe.
ქალბატონებო და ბატონებო,
თანამემამულენო,
რამხელა გზა გვაქვს ერთად გამოვლილი!
მახსოვს, 2003 წელი, როდესაც სწორედ ამ მოედნიდან, პირველად მივმართე ქართველ ხალხს.
ეს იყო ვარდების რევოლუციის წინ.
საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო და ჩვენ დაგპირდით, რომ მას, ევროპულ დემოკრატიად ვაქცევდით.
მაშინ ეს უტოპიურ ოცნებას ჰგავდა... მაგრამ შეხედეთ, რას მივაღწიეთ 8 წელიწადში!
…………………
მე მაშინაც აქ ვიყავი, 2008 წლის 1 სექტემბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ერთი მილიონი ადამიანის ცოცხალი ჯაჭვი გააბეს დამპყობელთა წინააღმდეგ.
ეს ცოცხალი ჯაჭვი იყო როგორც პროტესტის გამოხატულება, ისე იმედის გამოძახილი.
ეს იყო იმედის მოლოდინი და დიდი ნდობა ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლის მიმართ.
მახსოვს, გეუბნებოდით, რომ ჩვენ არ დავრჩებოდით მარტონი, რომ მიუხედავად ტანკებისა, მიუხედავად ბომბდამშენებისა, მიუხედავად უცხო ქვეყნის ჯარისა ჩვენს მიწაზე, ჩვენ საბოლოოდ დავუბრუნდებოდით თავისუფალი და დემოკრატიული ერების ევროპულ ოჯახს...
იმედის ეს ხმა მაშინ განწირულ სულისკვეთებას უფრო ჰგავდა.
მაგრამ შეჩერდით, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და ცოტა ხნით დაფიქრდით, შეხედეთ სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ახლა.
……………
დღეს, ჩვენ აღარ ვართ მარტო.
და ეს არის შესრულებული დაპირება.
ჩვენ არ ვართ მარტო.
და ეს დღე, საამაყოა ყველა ჩვენთაგანისათვის.
ქალბატონებო და ბატონებო,
სწორედ დღეს, ყველაზე დიდი თავდაჯერებით შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ზეწოლის, დაშინების, ემბარგოს, დაბომბვისა და დაპყრობის პოლიტიკამ მარცხი განიცადა.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ უკანონოდ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავაც გამოძევებულია საკუთარი სახლებიდან.
მაგრამ საქართველოს იზოლაციისა და დამორჩილების გეგმა ვერ შედგა.
ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ბოლოს მოღება უნდოდათ - დამარცხდნენ.
მათ, ვინც ცდილობდა შეეჩერებინა ჩვენი სვლა ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისაკენ - მცდელობა გაუცუდდა.
ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, მათი მარცხი, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა თქვენმა სიმტკიცემ და თავისუფლების დაუოკებელმა სიყვარულმა, თქვენმა ღირსებამ და შეუპოვრობამ.
მათი მარცხი განაპირობა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერამ და თანადგომამ.
ჩვენი თავისუფალი ერი დღეს მასპინძლობს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს - ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში დაგვიდგა გვერდში - იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მეგობრების თანადგომა.
ჩვენი ქვეყანა არაერთი დაპყრობისა თუ ოკუპაციის მოწმე გამხდარა.
ჩვენი წინაპრების სიმამაცე და გმირული თავგანწირვა არ აღმოჩნდა საკმარისი წითელი არმიის შესაჩერებლად და, შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკა კომუნისტური ტირანიის ბრუტალური ძალის წინაშე დაეცა.
იმ დროისათვის, საქართველო მარტო იყო, მას არ ჰყავდა მოკავშირეები, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ დამოუკიდებლობის გადარჩენისათვის ბრძოლაში, რომლებიც ხმას აიმაღლებდნენ ჩვენი თავისუფლების დასაცავად.
ხშირად ამტვრევდა ძლიერი მტერი ამ ქალაქის კარიბჭეს, მაგრამ იშვიათად გვეძლეოდა შესაძლებლობა გაგვეღო იგი ძლიერი მეგობრისთვის.
2008 წელს, ასეთი მეგობრები გვყავდა! გვყავდა მოკავშირეები, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და მათ შორის უპირველესთაგანი ჩვენი დღევანდელი სტუმარი - ნიკოლა სარკოზი გახლდათ.
ასეთი მეგობრების არსებობა იყო შედეგი ჩვენი მზარდი ინტეგრაციისა საერთო ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.
სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იყო, ქალბატონებო და ბატონებო, ვარდების რევოლუციის მთავარი მისწრაფება.
ის რადიკალური რეფორმები, რომელიც 2003 წლიდან საზოგადოებრივი განვითარების ყველა სფეროში დავიწყეთ, ერთ მთავარ მიზანს ემსახურებოდა - საქართველოს ევროპული ტრანსფორმაცია, ჩვენი - უძველესი ევროპული ერის - თანამედროვე, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
საქართველოს საამაყო მოქალაქენო, სწორედ თქვენ ხართ ამ ევროპული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა. ტრანსფორმაციისა, რომელსაც ბევრი გარეშე დამკვირვებელი „მენტალურ რევოლუციას“ უწოდებს.
თქვენი დაუღალავი ძალისხმევის, თავგანწირვისა და მოქმედების წყალობით, საქართველო დღეს იმდენად მყარად დგას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომ ვერც ერთი უცხოელი ლიდერი, როგორი ძლიერიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ვერც ერთი უცხოური ძალის მარიონეტი, ვერც ერთი ქვეყნის უცხო ჯარი, როგორ საშიშადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენს აცდენას.
და ჩვენი გზა, ჩვენი საბოლოო მიზანი ნათელია - ეს არის ევროპა.
ამას გვავალებს ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალიც ამას მოითხოვს.
ქართველი ხალხი თავს ყოველთვის ევროპელად გრძნობდა და მას ყოველთვის ქონდა გაკეთებული თავისი ევროპული არჩევანი.
ევროპული არჩევანი იყო ქრისტიანობა, ევროპული არჩევანი იყო ბიზანტიასთან ალიანსი, ევროპული არჩევანი იყო სოციალ-დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ.
როგორც პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტმა თქვა:
„თქვენ იცით, რომ საქართველოსა და რუსეთის გზები ერთმანეთს დაშორდა. ჩვენს გზას ევროპაში მივყავართ, რუსეთის გზას კი აზიაში.
ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება, ნიშნავს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს სამუდამო დასამარებას, ევროპისაგან სამუდამოდ მოწყვეტას და დღეს ვაცხადებ კიდევ უფრო მეტი ძალით და მეტი ენერგიით ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ევროპის დემოკრატიას“.
დაბოლოს, ვარდების რევოლუცია და ყველაფერი ის, რაც ვარდების რევოლუციას მოჰყვა - არის ჩვენი ევროპული არჩევანი.
ჩვენი რეფორმები არის ევროპული არჩევანი, ჩვენი განათლების ახალი სისტემა არის, ასევე, ევროპული არჩევანი.
მე აქ არ ვსაუბრობ იმაზე, რაც შეიძლება უბრალო პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს; მე ვსაუბრობ იდენტურობასა და ფასეულობებზე; მე ვსაუბრობ იმაზე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავრობა და ოპოზიცია; უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე ან სხვა რომელიმე ლიდერი; მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არავის საკუთრება არ არის და არავის შეუძლია მისი ჩახშობა – ეს არის ქართველი ერის მომავალი.
მის წინაშე ჩვენი ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობა, ჩვენი პოლიტიკური თუ რელიგიური განსხვავებანი, ჩვენი ხნოვანება თუ სიმდიდრე - ფერმკრთალდება.
ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და, მაშასადამე, ჩვენ ყველანი ევროპელები ვართ.
და როგორც ამაყი ქართველები, როგორც ნამდვილი ევროპელები, ერი რომელსაც დაუოკებლად გვიყვარს თავისუფლება, მოდით, მივესალმოთ საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი
ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო მინისტრებო,
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
ძვირფასო თანამემამულენო,
როდესაც, 2008 წლის 12 აგვისტოს ღამეს თბილისში ჩამოვედი, ათასობით, შესაძლოა, ათი ათასობით თქვენგანი ქუჩაში, პარლამენტის წინ იმყოფებოდით, რათა მრისხანედ გეყვირათ იმ შეურახცყოფის გამო, თქვენს ქვეყანას რომ მიაყენეს და გამოგეხატათ თქვენი მტკიცე ნება მისი დამოუკიდებლობის გადასარჩენად.
სამი წელი გავიდა და ბედნიერი ვარ, რომ აქ, თავისუფლების მოედანზე, შემიძლია მივმართო დამოუკიდებელ ერს, დამოუკიდებელ ხალხს!
სამი წელი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი შეწყდა, ომისგან მოტანილი სიკვდილითა და ტანჯვით მიყენებული იარები ჯერაც არ მოშუშებულა.
ათობით ათასი თქვენი თანამემამულე იძულებული გახდა სახლკარი მიეტოვებინა და იმ ასობით ათას თანამემამულეთა რიგებს შემატებოდა, რომლებიც წინა კონფლიქტების შედეგად, თავიანთი მიწებიდან და კერებიდან გამოაძევეს.
ათასობით ოჯახი გაიყო, რომლებიც მას შემდეგ ვეღარ ახერხებენ შეხვედრას, ერთმანეთის მოფერებას და ლაპარაკსაც კი, რადგან ერთი ერის შიგნით უხილავი კედელია აღმართული.
თქვენ ტერიტორიის ერთი ნაწილი წაგართვეს. ეს ისეთივე მტკივნეულია, როგორც კიდურის მოკვეთა, ამ ტკივილს მუდმივად გრძნობ.
ყოველგვარი სტრატეგიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფით, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები არა მხოლოდ დარჩა, არამედ გაძლიერდა კიდეც თქვენს კართან, გამყოფი ხაზის გადაღმა.
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
ამ განვლილმა სამმა წელმა ვერაფერი დააკლო საფრანგეთის ჩართულობასა და თქვენს გვერდით დგომას.
საფრანგეთმა პირველმა განალაგა თავისი ჟანდარმები ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, რათა კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია აგვეცილებინა. დღესაც 200-ზე მეტი ევროპელი დამკვირვებელი იმყოფება ადგილზე, სადამკვირვებლო მისიას ასრულებს და სიმშვიდეზე ზრუნავს.
მაგრამ საფრანგეთი მიღწეული შედეგით არ კმაყოფილდება.
მე აქ საზეიმოდ ვადასტურებ ჩემი ქვეყნისა და ევროპის მხარდაჭერას თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
კვლავაც ვადასტურებ ჩემს ვალდებულებას თვალი მივადევნო ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას, რადგან ისინი პასუხისმგებლობას აკისრებს ხელმომწერ ქვეყნებს, მათ მიერ მიცემულ სიტყვას, მათ სინდისიერებასა და პატიოსნებას.
აქ, თქვენს წინაშე, თავისუფლების მოედანზე, ხელახლა ვადასტურებ ქართველი ხალხის უფლებას განსაზღვროს თავისი გზა, აირჩიოს მოკავშირეები და თავისუფლად აშენოს საკუთარი მომავალი.
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
ჩვენ შევძელით სასწრაფოდ შეგვეჩერებინა ომი. მაგრამ ნამდვილ მშვიდობას მხოლოდ მოთმინებითა და შეუპოვარი მიზანდასახულობით თუ ავაშენებთ.
საფრანგეთი ნებისმიერ სხვა ერზე მეტად აცნობიერებს თქვენი ქვეყნის ძალისმიერი დაყოფის შედეგად გამოწვეულ ტკივილს და მისი ხალხისათვის თავსმოხვეულ სეპარატიზმს.
საფრანგეთი, ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად გრძნობს ყველა იძულებით გადაადგილებულ, სახლებიდან გამოძევებულ ოჯახებისა და მიწას მოწყვეტილ პირთა ტკივილს.
საფრანგეთმა ასე მწვავედ იმიტომ გააცნობიერა ყოველივე ეს, რომ ისტორიამ მასაც იგივე უსამართლობა და ტანჯვა მიაყენა.
მაგრამ, როგორც ამ დილით ჩემს სომეხ მეგობრებს ვუთხარი, საფრანგეთზე უკეთესად არც ერთმა ქვეყანამ არ იცის რაოდენ მძიმეა შეუხორცებელი ჭრილობა და ღრმა, გადაულახავი გაუგებრობა.
ეს ის არჩევანია, რომელიც საფრანგეთმა და გერმანიამ 1945 წელს სამი დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ გააკეთა. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების მეხსიერებაში ომის მოგონებები ღრმად იყო ჩაბეჭდილი, ორმა შორსმჭვრეტელმა ადამიანმა, შარლ დე გოლმა და კონრად ადენაუერმა, კაცობრიობის ცნობიერებაში ყველაზე საშინელი კონფლიქტის ნანგრევებზე თავისი ხალხი შერიგების გზაზე დააყენა. დღეს საფრანგეთისა და გერმანიის მეგობრობა გულწრფელი და მტკიცეა.
ეს მეგობრობაა სწორედაც ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა.
საქართველოსა და რუსეთს მოვუწოდებ მტკიცედ დაადგნენ ამავე გზას. რადგან არც კავკასიაში და არც არსად სხვაგან, დაპირისპირება ბედისწერა არ არის.
ამაში თითოეულმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. უამრავი შემთხვევა იქნა უკვე ხელიდან გაშვებული.
საქართველომ აჩვენა თავისი გზა, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპული პარლამენტის წინაშე საზეიმოდ იკისრა ვალდებულება არასოდეს არ გამოეყენებინა ძალა წართმეულ ორივე რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტის აღსადგენად.
2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების სხვა ხელმომწერებმა, თავის მხრივ, უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და იკისრონ ეს ვალდებულება. ეს, ალბათ, ბუნებრივი სვლა უნდა იყოს, რადგან ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს - ახალი კონფლიქტი რეგიონსა და მსოფლიო მშვიდობას გაუთვალისწინებელი რისკის წინაშე დააყენებდა.
ევროპელ დამკვირვებლებს უნდა შეეძლოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა, რათა დარწმუნდნენ, რომ იქ მოსახლეობის უფლებები დაცულია.
გადაადგილებულ პირთა უფლება, დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებსა და მიწას, კვლავ უნდა დადასტურდეს. დასაწყისისთვის, გაყოფილმა ოჯახებმა ერთმანეთთან შეხვედრა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გადაკვეთა თავისუფლად უნდა შეძლონ.
თითოეული მხარე აქტიურად და გულწრფელად უნდა ჩაერთოს ჟენევის დისკუსიებში, რადგან მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკების გზით შეიძლება უნდობლობის გადალახვა და სადისკუსიოდ გამოტანილი მთავარი პრობლემების გადაჭრა.
ნდობის აღსადგენად, სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული.
რაც მთავარია, ომიდან სამი წლის შემდეგ, დადგა დრო, რომ აზროვნება და მიდგომები შეიცვალოს.
ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს, მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს, რადგან ჩვენი ბედი ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად, ევროპელები და რუსები, უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხების მდგრად კეთილდღეობას, ჩვენი კონტინენტის სტაბილურობას და გავაგრძელებთ მსოფლოში გავლენის შენარჩუნებას ისე, რომ სხვებმა თავისი წესი არ მოგვახვიონ თავს.
პარტნიორი და მეგობარი, აი, ვინ უნდა იყოს ან კვლავაც გახდეს რუსეთი საქართველოსთვის.
ქართველმა და რუსმა ხალხმა საბჭოური კომუნიზმის 70-წლიანი ერთი და იგივე ტრავმა გადაიტანა. ორივემ შეძლო ფეხზე წამომდგარიყო და საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი გამხდარიყო.
მრავალი, ასობით ათასი თქვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში - თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ქართველი სწორედ მოსკოვშია. თქვენი ბიზნესმენები იქ აბანდებენ კაპიტალს, ხოლო მრავალი რუსი კოლეგა ჩამოდის აქ, თქვენი ეკონომიკის დინამიკური განვითარებით რომ ისარგებლოს.
ყოველ წელს ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, რათა ისარგებლოს მისი მრავალფეროვანი კლიმატით, ლეგენდარული სტუმართმოყვარეობითა და სამზარეულოთი, უბადლო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით.
მაგრამ ნდობის აღსადგენად, დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს და უპირატესობა დიალოგს მიენიჭოს.
ნდობის აღდგენის მიზნით, საჭიროა დასრულდეს დაშინება, მუქარა და დესტაბილიზაციის მცდელობები.
ნდობის აღდგენის მიზნით, თითოეულმა უნდა ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და მას გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერ ჩაენაცვლება. ყველამ უნდა აღიაროს ის, ფაქტი, რომ საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, უფლება აქვს განსაზღვროს თავისი გზა და თავისუფლად აირჩიოს მეგობრები და მოკავშირეები.
საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება შევიდეს ნატო-ში, თუ მის ხალხს ეს ასე სურს და თუ იმ ალიანსის წევრები, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ამის მომხრე იქნებიან, სწორედ ბუქარესტის სამიტის პრინციპით.
საქართველოს თავისუფალი ნებაა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება დაუახლოვდეს ევროკავშირს და ერთ მშვენიერ დღეს მის წევრიც გახდეს. ეს მისწრაფება, უწინარეს ყოვლისა, შანსია საქართველოსთვის, რადგან ეს მისი ახალგაზრდა დემოკრატიის განსამტკიცებლად და ეკონომიკის ძირეული გარდაქმნისათვის 8 წლის წინათ დაწყებული ყველა რეფორმის კატალიზატორია.
ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
ვარდების რევოლუციის მეორე დღეს, რომელმაც საფრანგეთში ესოდენ დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, თქვენი საზოგადოება გაყოფილი იყო, თქვენი ეკონომიკა კი - დასუსტებული. მთელი ქვეყანა ეჭვით იყო შეპყრობილი.
ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელთა შორისაა დემოკრატიის განმტკიცება, მომავალი არჩევნების წარმატებით ჩატარება და ეკონომიკური აღმავლობის გაგრძელება.
მაგრამ რამხელა გზაა განვლილი მას შემდეგ!
აღდგენილია გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის დისტრიბუცია; შეკეთდა თქვენი გზები და განვითარდა ინფრასტრუქტურა; მთელ ქვეყანაში აღდგა უსაფრთხოება და ისეთ დონეზე, რომ თბილისს, კრიმინოგენული თვალსაზრისით, ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვს. თქვენი პოლიციის განყოფილებები გამჭვირვალეა, ისევე როგორც პოლიცია, რომელიც ადრე მსოფლიოს ყველაზე მეტად კორუმპირებულთა შორის იყო, რასაც დღეს საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ადატურებს.
2004 წლის შემდეგ თქვენი ქვეყნის სიმდიდრე ათჯერ გაიზარდა. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც 2002 წელს 765 აშშ დოლარს შეადგენდა, დღეს 4 500 დოლარია, გაცილებით მაღალი, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში. თქვენ მიერ წამოწყებული სასამართლო და საგადასახადო რევოლუციის წყალობით, საქართველო დღეს მიმზიდველი ქვეყანაა. ბიზნესის კეთების სფეროში თქვენ მსოფლიოში 112-დან 12-ე ადგილზე გადაინაცვლეთ, უცხოური ინვესტიციების შემოდინება შემთხვევით არ ხდება.
შიდა რეფორმებისა და გახსნილობის სტრატეგია თქვენი საუკეთესო შანსია, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლება დარწმუნდეს, რომ მათი მომავალი ქართველ თანამემამულეთა გვერდითაა, ღია ქვეყანაში და არა იზოლირებულ და დამონებულ ფსევდო-სახელმწიფოებში.
ამ სტრატეგიის გაგრძელება ასევე თქვენი საუკეთესო საშუალებაა, რათა ევროკავშირი დარწმუნდეს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ის ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით, განვითარების არჩევანითა და განსაკუთრებით, მისი ფასეულობებებით.
ევროკავშირთან დაახლოება დამოკიდებულია უწინარეს ყოვლისა თქვენს რეფორმებზე და თქვენი დემოკრატიის გაღრმავებაზე.
რაც შემეხება მე, როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია!
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
საფრანგეთსა და საქართველოს გაცილებით მეტი აკავშირებს, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს საშინელი დღეებისა და ღამეების მოგონება.
90 წლის წინათ, სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც თქვენმა ქვეყანამ მიიღო დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელმაც ქალთა საარჩევნო ხმის უფლება სცნო, ბოლშევიკური არმიის შემოჭრის გამო ქვეყნიდან გაქცეულმა საქართველოს ახალგაზრდა მთავრობამ საფრანგეთში ჰპოვა თავშესაფარი.
შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მან საფრანგეთში საქართველოს თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილის შენარჩუნება მოახერხა.
ზუსტად საფრანგეთის მიწაზე, ლევილ–სიურ-ორჟში განისვენებს მრავალი დიდი ქართველი, რომლებიც ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მსგავსად, თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდნენ.
მე სრულიად ვუჭერ მხარს ქართული კულტურის ცენტრის გახსნის პროექტს ამ ფრანგულ სოფელში, რომელიც ყველა ქართველისათვის მოგონებების ადგილი და თქვენი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
საქართველოსა და საფრანგეთს შორის ბრძოლის ველებზეც დამყარდა სისხლით ნათესაური კავშირები.
კერენის ბრძოლისა და სირიის სამხედრო მოქმედებების ვეტერანი, ქართველი დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთისათვის 1942 წელს გმირულად დაეცა, ლიბიაში. იგი დღესაც რჩება უცხოური ლეგიონის ლეგენდარულ ფიგურად, ერთ-ერთ იმ მებრძოლად, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა. ის საქართველოს სიამაყეცაა.
ჩვენი ჯარისკაცები დღესაც გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში, რათა დაამარცხონ ტერორიზმი და ობსკურანტიზმი, გაწვრთნან ავღანეთის არმია და ავღანელ ხალხს თავისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარონ. მინდა, მივესალმო თქვენი ჯარისკაცების თავდადებას და პატივი მივაგო მათ ხსოვნას, რომლებიც მოვალეობის შესრულებისას დაეცნენ. განსაკუთრებული თანაგრძნობა მინდა გამოვუცხადო თქვენს დაჭრილებსა და მათ ოჯახებს.
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
რვა წლის წინათ, პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძგით, საქართველო გაბედულ გამოწვევას შეეჭიდა, რომელიც მაშინ ზოგიერთებმა ილუზიადაც კი მიიჩნიეს, რომ კომუნიზმის ათწლეულებით გაქვავებული რეგიონის შუაგულში ააშენებდა ნამდვილ დემოკრატიას და წარმატებულ საბაზრო ეკონომიკას.
საფრანგეთი ამაყობს, რომ დაიჯერა და მხარი დაუჭირა ამ გამოწვევას. მას სურს გააგრძელოს მისი, როგორც მეგობრის, მხარში დგომა, რათა საქართველომ ყველა დაპირება პირნათლად შეასრულოს.
ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო იზრდება იმ საწარმოთა რიცხვი, რომლებიც ინტერესდებიან და ემზადებიან თქვენს ქვეყანაში დასაფუძნებლად. ისინი უკვე წარმოდგენილნი არიან კვების, საბანკო და ტურიზმის სექტორებში. ვიმედოვნებ, რომ ხვალ მათ საქალაქო და საჰაერო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ვიხილავთ. სწორედ ფრანგული საწარმო დაგეხმარებათ სათხილამურო ბაზების განვითარებაში გუდაურსა და მესტიაში, რომლებიც მსოფლიოს ულამაზეს ადგილთა შორისაა. იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს უზარმაზარი პოტენციალის, საფრანგეთის განვითარების სააგენტო ამიერიდან ხელსაყრელ პირობებით გამოყოფს დაფინანსებას თქვენი ქვეყნის განვითარების მხარდასაჭერად.
თქვენ წამოიწყეთ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა. კავკასიის ფრანგული სკოლის გახსნით, წელს არაჩვეულებრივ შენობაში, საფრანგეთს სურს თქვენ გვერდით იყოს, რათა ჩამოყალიბდეს ხვალინდელი ელიტა და ახალი ხიდები გაიდოს საფრანგეთს, ევროპასა და საქართველოს შორის. თქვენი პრეზიდენტი და მისი მეუღლე სანდრა, რომლებიც ასე კარგად ლაპარაკობენ ჩვენს ენაზე, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფრანგული ენის ფლობა საუკეთესო პასპორტია მაღალი თანამდებობების დასაკავებლად!
მე მსურს, რომ მათ მსგავსად, თქვენმა ახალგაზრდობამაც მიიღოს განათლება მთელი მსოფლიოს ფრანკოფონული უნივერსიტეტების ქსელში. ასევე მსურს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა სრულად ისარგებლონ ერასმუსის პროგრამებით, რომლებიც მთელი ევროპის ახალგაზრდობას აერთიანებს! საქართველო ფრანკოფონიის ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია. ეს როგორც ფრანკოფონიის, ისე თქვენი ახალგაზრდობის უპირატესობაა.
ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მიშა,
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
გასული საუკუნის დასაწყისში, ისევე როგორც 2008 აგვისტოში, საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთს ბედუკუღმართობისა და განსაცდელის ჟამს შეხვდნენ ერთმანეთს.
ისტორიის მიერ ჩვენთვის მოვლენილი ამ შეხვედრებისას, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა მეგობრობა დაიბადა.
ამ საღამოს, მე მოვედი აქ, თავისფლების მოედანზე, რომ ამ მეგობრობის ზეიმში მივიღო მონაწილეობა.
მე მოვედი, რათა დაგარწმუნოთ, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც გუშინ, ხვალაც ერთგული მეგობარი იქნება, რომლის იმედი საქართველოს მუდამ შეუძლია ჰქონდეს.
გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს საფრანგეთს!
გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას !